როგორ გახდა პედაგოგი კრიმინალური ბანდის წევრი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს დანაშაული, თუ მას ერთი და იგივე დაჯგუფება სჩადის? - ფილმებში ყველაფერი ეს, ლამაზად სრულდება, გამომძიებელი ან გამომძიებელთა ჯგუფი  ვირტუოზულად ხსნის საქმეს და დამნაშავეებს მაშინ აკავებენ, როცა ამას არ ელოდებიან, რეალურად კი, საქმე ბევრად რთულადაა და არც ისე მარტივად ხდება კვალზე გასვლა.

 

80-იანი წლების მიწურულს, მაშინ, როცა თითქოს ყველგან სიმშვიდე იყო და მძიმე დანაშაულები არ ხდებოდა, თბილისში ბინა გაქურდეს. პრინციპში, ამას ქურდობასაც ვერ დაარქმევდი, უფრო ძარცვა იყო - ადამიანი შინ ბრუნდებოდა, კარი გააღო და როცა შესვლას აპირებდა, კიბეზე მიმავალი ორი ახალგაზრდა ეცა, ღია კარში შეაგდო, გაკოჭა და ბინა პირწმინდად დაცალა. საინტერესო ის გახლდათ, რომ იმ ადამიანს შინ არცთუ მცირე თანხა ჰქონდა, მაგრამ როგორც თავად ამბობდა, უახლოესი მეგობრის გარდა, ეს არავინ იცოდა და რაც მთავარია, მეგობარს ამის შესახებ ძარცვამდე ერთი საათით ადრე უთხრა. რა გამოდიოდა? ერთ საათში, მეგობარმა მოასწრო, „პადელნიკიც“ იშოვა და ფულიც გაიტაცა? დაზარალებული თავდამსხმელთა გარეგნობაზე ვერაფერს ამბობდა, ხელი ზურგიდან მკრეს, სახით დავეცი და მერე იატაკიდან თავი არ ამაწევინესო. ისიც კი ვერ თქვა, ეკეთათ თუ არა ნიღბები თავდამსხმელებს. ძალოვნებს ბევრი არ უფიქრიათ და მეგობარი დააკავეს, რამაც ის ძალიან გააოცა და მართალიც იყო - მეორე დღეს, როცა მთავარი ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, მორიგი დანაშაული მოხდა - იგივე ხელწერა, იგივე „პროცედურა“ და... თავდამსხმელებს კვლავ გაუმართლათ - ამჯერადაც მსხვილი თანხა წაიღეს. როცა სამართალდამცავებმა დაზარალებული დაკითხეს, მან აღიარა, რომ თანხა ჰქონდა და ამის შესახებ... მხოლოდ მისმა დამ იცოდა, რომელსაც თანხაზე, თავდასხმამდე სამი საათით ადრე, მეტროში ესაუბრა, შემდეგ საქმეზე წავიდა, ბოლოს კი, როცა სახლში დაბრუნდა, კარი გააღო, მოულოდნელად ხელი კრეს, დააბეს და ბინა გაასუფთავეს.

ეს არ იყო შემთხვევითობა და რაც მთავარია, ეს არ იყო დილეტანტების მიერ ჩადენილი დანაშაული. თავდამსხმელებმა ძალიან კარგად იცოდნენ, სად უნდა ეძებნათ ფული და მიჰქონდათ მხოლოდ ფული, რაც იმას ნიშნავდა, რომ მათი დაკავება ურთულესი საქმე იქნებოდა. მძარცველების აღწერილობაზე ვერც მეორე დაზარალებულმა თქვა რამე, რადგან არ დაუნახავს. მეორე შემთხვევიდან ორი კვირა იყო გასული, როცა იგივე განმეორდა. რაც ყველაზე საინტერესო გახლდათ, დაზარალებული ამ შემთხვევაშიც ამბობდა, რომ ფული ჰქონდა, ამის შესახებ ცოლს ესაუბრებოდა და გეგმავდა, როგორ უნდა დაეხარჯა ნაწილი ბინის რემონტში, ნაწილი - აგარაკის და ნაწილით ახალი ტელევიზორი ეყიდა. ცოლ-ქმარი შინ ერთად დაბრუნდნენ, სახლის კარი გააღეს და უკნიდან ძლიერი დარტყმა იგრძნეს, ორივე გაღებულ კარში შევარდნენ და იატაკზე მუცლით გასრიალდნენ. ქალმა დაყვირება მოასწრო, თუმცა პირში მისივე თავშალი ჩასჩარეს და სწორედ ამ დროს, მან თავდამსხმელისთვის კბენა მოასწრო, სახე კი... სახეზე სვიტერის საყელო ჰქონდა აფარებული. სამაგიეროდ, თავსაფარზე როგორც კანის ნარჩენი, ისე სისხლის რამდენიმე წვეთი დარჩა და ეს უდიდესი წარმატება იყო - ძალოვნებს რაღაც ხელმოსაჭიდი გაუჩნდათ. ამასთან, ყველა დანაშაული საღამოს საათებში ანუ სამსახურების დასრულების შემდეგ იყო ჩადენილი და ესეც არ გახლდათ უმნიშვნელო ფაქტი. ორ საათში სამართალდამცვებმა იცოდნენ ერთ-ერთი დამნაშავის სისხლის ჯგუფი, სამ დღეში კი იცოდნენ, რომ ის 32-35 წლის იყო, ეს კანის ნაწილაკის ანალიზმა აჩვენა, თუმცა... მეტი ვერაფრის გაგება შეძლეს.

სამი ძარცვის შემდეგ, დამნაშავეები გაქრნენ და ეს მოსალოდნელიც გახლდათ. სამივე ბინიდან, საერთო ჯამში, 20 ათას მანეთამდე წაიღეს და ეს დიდი თანხა იყო. თუ მძარცველი მხოლოდ ორი იყო, 10-10 ათასი კარგა ხანს ეყოფოდათ და მართლაც, სამი-ოთხი თვე მათგან არაფერი ისმოდა, თუმცა... შემდეგ ისევ დაიწყო და ისევ ორი კვირის განმავლობაში, რამდენიმე თავხედური ძარცვა, წაღებული 25 ათასი და ყველა შემთხვევაში, დაზარალებულების ნათქვამი, რომ ფულზე ოჯახის წევრს ან უახლოეს მეგობარს ესაუბრებოდნენ, თუმცა თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე. ეს საუბარი შედგა მეტროში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ბაზრის დახლთან, ლუდხანაში... ზედიზედ ჩადენილი რამდენიმე ძარცვის შემდეგ, მძარცველები კვლავ გაქრნენ, სამართალდამცვებს კი შესაძლებლობა მიეცათ, ცოტა უფრო მეტად და წყნარად ეფიქრათ. გაჩნდა ვერსია, რომ ორი მძარცველი უბრალოდ დადიოდნენ თბილისის ქუჩებში და ყურადღებით უსმენდნენ ადამიანებს, როგორც კი საუბარი ფულზე ჩამოვარდებოდა, ისინი დეტალებს იგებდნენ, შემდეგ კი მსხვერპლს სახლამდე მიჰყვებოდნენ (აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ვიღაც უკან მიჰყვებოდა) და მოულოდნელი თავდასხმის იმედად, რისკავდნენ ბინის გაძარცვას. ორ შემთხვევაში, ბინაში სხვა ადამიანები იყვნენ, მაგრამ თავდამსხმელები ფიზიკურად კარგად გახლდნენ მომზადებულნი, მუშტის ერთი მოქნევით აგდებდნენ ადამიანებს  იატაკზე და შემდეგ ხელებს უკრავდნენ. თოკს ყოველთვის ადგილზე ტოვებდნენ. ეს ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი თოკი იყო, რომელიც ყველა ბაზარსა თუ მაღაზიაში თაისუფლად იყიდებოდა და მასზე არც თითის ანაბეჭდები რჩებოდა, არც - სხვა რამ...

ამასობაში, პირველი დანაშაულის ჩადენიდან წელიწადზე მეტი გავიდა და სამართალდამცვები წინ ნაბიჯითაც ვერ წავიდნენ. მორიგი ტალღაც სამ-ოთხ თვეში დაიწყო და ძალოვნებს გაუმართლათ - ერთ-ერთი ბინის ძარცვის დროს, მძარცველს ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოუვარდა, რომელზეც რამდენიმე ანაბეჭდი მკაფიოდ ჩანდა. ახლა გამომძიებლებს ანაბეჭდებიც ჰქონდათ, მაგრამ არც ეს გამოდგა სამხილი - კარტოთეკაში ისინი უბრალოდ არ იძებნებოდა ანუ დამნაშავეები გასამართლებულები არ იყვნენ. რა უნდა ექნა შსს-ს? ტელევიზიით ხომ არ გამოაცხადებდა, ფულზე ქუჩაში და ახლობლებთან არ ისაუბროთო? ყოველი შემთხვევისთვის, ჩატარდა ექსპერიმენტი, რამდენიმე დღის განმავლობაში, ოპერმუშაკები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდნენ და ფულზე ხმამაღლა საუბრობდნენ, მაგრამ არავინ ადევნებიათ. ეს თივის ზვინში ნემსის ძებნას ჰგავდა და ძალიან იშვიათ გამართლებას უნდა ჰქონოდა ადგილი, რაც არ მოხდა.

ერთ წელს მეორე მიჰყვა, მერეს - მესამე, მეოთხე, მეხუთე... აღნიშნულ საქმეზე გამომძიებლები იცვლებოდნენ, მაგრამ წინ ვერავინ მიიწევდა. მძარცველები თავს წელიწადში ორ-სამჯერ ახსენებდნენ და შემდეგ ქრებოდნენ. ამაოდ მუშაობდა აგენტურული ქსელიც, არავინ არაფერი იცოდა და „კანონიერი ქურდებიც“ მხრებს იჩეჩავდნენ, ჩვენები არ არიან, ვინმე დილეტანტები იქნებიანო, მაგრამ დილეტანტები ასე რომ არ მოიქცეოდნენ და ერთ მნიშვნელოვან შეცდომას მაინც რომ დაუშვებდნენ, ცხადი იყო. ექვსი წლის მანძილზე, საქმემ წინ ვერ წაიწია და... სასწაული მოხდა - მორიგი თავდასხმის დროს, ერთ-ერთმა დაზარალებულმა სამართალდამცვებს დაბეჯითებით უთხრა, ვიცი, ვინც გამძარცვა, ეგ კაცი მანქანების ხელოსანია, ჩემი ძმის მანქანა დავუტოვეთ ადრე გასაკეთებლად და წამოსაყვანად მე მივედიო. იმის გამო, რომ ხელოსნის არც ანაბეჭდი ჰქონდათ და არც სხვა მტკიცებულება, თვალთვალი დაუწყეს, თუმცა ძალიან ფრთხილად და ამ საქმეში უშიშროების თანამშრომლებიც ჩართეს, რადგან ისინი ჩუმი თვალთვალის სპეციალისტები იყვნენ. მალე გაირკვა, რომ მანქანების ხელოსანს სამი უახლოესი მეგობარი ჰყავდა, ერთი მასწავლებელი, ერთი ინჟინერი და ერთიც წარსულში ნასამართლევი პირი, რომელიც დარაჯად მუშაობდა. ყველას ჰყავდა ოჯახები - ცოლი, შვილი და უმწიკვლო რეპუტაციით სარგებლობდნენ. ეს ოთხეული საღამოობით ხშირად იკრიბებოდნენ, ლუდს წრუპავდნენ, თევზს ძიძგნიდნენ, მაგრამ რამდენჯერაც მათი საუბრის მოსმენა მოახერხეს ძალოვნებმა, იმდენჯერ საინტერესო ვერაფერი მოისმინეს.

თვალთვალში სამი თვე გავიდა, პირველი დანაშაულის ჩადენიდან კი - შვიდი წელი. ნანატრი დღეც დადგა - ოთხეულმა საეჭვოდ დაიწყო მოძრაობა ბაზარში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში... მალე ისინი ვიღაც კაცს აედევნენ, სახლამდე მიჰყვნენ, ინჟინერი და მანქანის ხელოსანი სადარბაზოში შევიდნენ, მასწავლებელი და დარაჯი გარეთ დარჩნენ. ცოტა ხანში, შესულები უკან გამოვიდნენ, სწრაფი ნაბიჯით დატოვეს იქაურობა და გაიფანტნენ. მცირე ზომის ფუთა ხელოსანს მიჰქონდა. მან ტაქსი გააჩერა და გეზი სამსახურისკენ აიღო, ბოქსში შევიდა, ფუთა გასაკეთებლად დატოვებული მანქანის სალონში ჩადო და ის იყო გამოსვლას აპირებდა, როცა სამართალდამცვებმა იარაღი მიუშვირეს. მანქანის ხელოსანი არც განძრეულა, ხელები გაკვირვებით გაშალა და ძალოვნებს წაჰყვა. მის ჩვენებაზე ბევრი იყო დამოკიდებული, ამიტომ ერთბაშად რამდენიმე გამომძიებელი ესაუბრებოდა, მაგრამ ლაპარაკის ხასიათზე აშკარად არ იყო. პარალელურად, სამართალდამცვებმა ბანდის დანარჩენი წევრებიც აიყვანეს... ადრე ნასამართლევი პირის გარდა. როგორც ჩანს, მან მდევარი შენიშნა და მიიმალა (სხვათა შორის, ის დღემდე ძებნაშია).

როცა ამ ადამიანების დაკავების ამბავი გაიგეს, მთელი სანათესაო, სამეგობრო, სამსახურები ყალყზე დადგნენ, უპატიოსნეს ხალხს იჭერთო, თუმცა ძალოვნები შეუვალნი გახლდნენ. რაც მთავარია, ფუთაში ბოლო ბინიდან წაღებული ფული იპოვეს, რაც აშკარა სამხილი იყო. იმის მიხედავად, რომ არცერთმა დაკავებულმა დანაშაული არ აღიარა, სასამართლომ თითოეულ მათგანს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც მაქსიმალური სასჯელი გახლდათ. მთავარი მტკიცებულება, რომ სამართალდამცვები არ შემცდარან, ის გახლდათ, რომ სამეულის დაკავების შემდეგ, ანალოგიური დანაშაულები შეწყდა.

 

 ავტორი-

ბათო ჯაფარიძე