ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეები გაიტაცეს - დაკავებულია 6 ადამიანი

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის ორი მოქალაქის გატაცებისა და მათგან განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხის გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა - ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ე.წ. გენერალური პროკურატურის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. გენერალურ პროკურატურაში ამბობენ, რომ 14 აპრილის საღამოს რუსეთის მოქალაქე ლეონიდ შოკლერი სოხუმის სავაჭრო ცენტრ „სოხუმ-მარკეტის“ მიმდებარე პარკინგის ტერიტორიიდან თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჩასვეს Lexus GX-ის მარკის ავტომობილში და სოხუმის რაიონის სოფელ აჩადარაში გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ფიზიკურად იძალადეს.

„2023 წლის 18 აპრილამდე ლეონიდ შოკლერი არაერთხელ იყო გადაყვანილი სხვადასხვა მისამართზე. ის დედისგან, 5 000 აშშ დოლარის ოდენობის გამოსასყიდის მიღების შემდეგ გაათავისუფლეს“, - ნათქვამია ე.წ. პროკურატურის განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ხუთი დღის შემდეგ, 19 აპრილს შუადღისას სოხუმში, შოკლერის დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან მისი მეგობარი ისმაილ შეიხი გაიტაცეს.

"მოტყუებით გატაცებული გალის რაიონის სოფელ ოქუმში გადაიყვანეს. მის მიმართ სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მიუხედავად, ისმაილ შეიხმა მოახერხა უკანონო დაკავების ადგილიდან გათავისუფლება და მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა“, - ნათქვამია ანგარიშში.

22 აპრილს ამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი ოკუპირებული აფხაზეთის ხუთი მცხოვრები დააკავეს. სოხუმის ე.წ. საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. 24 აპრილს დანაშაულის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე დააკავეს.