„მანქანით გადავუარე რამდენჯერმე, მერე გვამი ფოთისკენ წავიღე და ჭაობში მოვისროლე“ - თანამდებობის პირმა საყვარლის ქმარი მოკლა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამსახურებრივი მანქანებით გადაადგილება ახალი ხილი არ არის. მას შემდეგ, რაც ავტომობილმა ფართო მოხმარება ჰპოვა, სამსახურის მანქანა ჩვეულებრივ ცნებად იქცა და თუ ადრე, მისით მხოლოდ ძალიან მაღალი თანამდებობის პირები სარგებლობდნენ, მერე უფრო დაბალჩინოსნებსაც ერგოთ, ახლა კი, საჯარო სამსახურებში, ლამის, განყოფილების უფროსების მოადგილეებსაც სამსახურის ავტომობილები ჰყავთ. წესითა და რიგით, დღევანდელი კანონითაც კი, უქმე დღეებში, სამსახურებრივი მანქანა ავტოფარეხში უნდა იდგეს, შვებულების დროს, არავინ უნდა გამოიყენოს, მხოლოდ სამსახურის საქმეებზე უნდა იაროთ, რაც არც ადრე სრულდებოდა და არც - ახლა. ისტორია, რომელსაც ახლა გიამბობთ, სწორედ ასეთი, სამსახურებრივი მანქანით დაიწყო და... მკვლელობის გახსნით დასრულდა. არადა, ყველაფერი იმდენად მარტივად ჩანდა, სამართალდამცავებს არანაირი ეჭვი არ ჰქონიათ, რომ მძიმე დანაშაულს გახსნიდნენ, თუმცა...

 

თბილისის ერთ-ერთი რაიონის მილიციის განყოფილების უფროსი, უქმეებზე, სამსახურის მანქანით თბილისის ზღვაზე ავიდა, ცოლ-შვილი გაასეირნა და როცა უკან დაბრუნდა, მანქანას წინა ფრთაზე ისე ჰქონდა გასმული, გვერდითა ციმციმა ჩამტვრეული იყო, ხოლო თუნუქი - შეჭყლეტილი. უფროსს გულზე შემოეყარა, ასეთ მდგომარეობაში ავტოფარეხში მანქანას ვერ მიიყვანდა, ხელოსანი ერთ დღეში გასწორება-შეღებვას ვერ მოასწრებდა, ელემენტარულად, საღებავი არ გაშრებოდა. ამიტომ, თანამშრომლებს დაუძახა და უთხრა, ეგებ, იპოვოთ, ვინ გამისვა, მანქანაზე ლურჯი ფერის საღებავია შერჩენილი, როგორ დავიჯერო, თბილისში ბევრი ლურჯი მანქანა დადისო. თანაც, შემთხვევითი მოწმეც გამოჩნდა, რომელმაც თქვა, ზუსტად დავინახე, იმ ლურჯი მანქანის საჭესთან ქალი იჯდაო. ქალი საჭესთან მაშინ ისეთივე იშვიათობა იყო, როგორც ხარიხსიანი ტანსაცმელი მაღაზიაში, ამიტომ ძალოვნები საქმეს შეუდგნენ და საღამოს ქალიცა და მანქანაც განყოფილების ეზოში, გვერდი-გვერდ იდგნენ.

„თქვნ ხომ არ გაგიჟდით? მე უნდა შემეყარა ქვეყანა, ზღვაზე ვიყავი და შინ რომ დავბრუნდი, ეს გასმული მაშინ ვნახე. თქვენ გამისვით და არა მე, მე ტარება ვიცი, სავარაუდოდ, თქვენ აზრზე არ ხართ მართვის და საჭესთანაც სამსახურისა და თანამდებობის გამო ზიხართ. მძღოლი აიყვანეთ, ბატონო, მძღოლი და ის გატარებთ. ახლა კი, ძალიან მაინტერესებს, ზიანს ვინ ამინაზღაურებს“, - ისე გაწიწმატებული იყო ქალი, გამოცდილი ოპერ-მუშაკებიც ვერ აკავებდნენ.

განყოფილების უფროსი გაოცდა. გამოცდილი მაძებარი იყო და აშკარად ხვდებოდა, რომ ქალი გულწრფელად საუბრობდა, მაგრამ თავად დარწმუნებული იყო, რომ არავისთვის დაურტყამს. ერთი კი გაახსენდა, 15 წლის შვილი გაგზავნა სიგარეტისთვის მანქანაში და ის ცოტა დამფრთხალი დაბრუნდა, მაგრამ მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ახლა კი... განყოფილების უფროსმა ქალი კაბინეტში შეაცილა, ნახევარი საათით დამელოდეო და სახლში გავარდა. როცა შვილს თვალებში ჩახედა, კითხვაც არ დაუსვამს, ისე უთხრა ბავშვმა, მანქანის უკან, ერთ მეტრზე დაწევა და მერე წინ წაყვანა მინდოდა და რომ ვწევდი, გვერდით მანქანას გავუსვი, შემეშინდა და ვერაფერი გითხარიო. განყოფილების უფროსი სიმწრისგან კინაღამ გალურჯდა, მაგრამ რაღას იზამდა, სახლიდან დარეკა, „გარაჟის“ უფროსიც დაიბარა და ხელოსანიც. შემდეგ, ქალბატონს ათასი ბოდიში მოუხადა, სთხოვა, ეგებ, ეს ამბავი არ გაახმაუროო და ავტოფარეხის უფროსს უთხრა, 3-4 დღე ყველაფერზე თვალი დახუჭეო, ხელოსანს კი ორივე მანქანის გასაღები მიაწოდა და ხელით სამი თითი დაანახა, ორივე მანქანა სამ დღეში მწყობრში უნდა იყოსო. ხელოსანმა თავი დაუქნია.

წესით, ამ ამბავს არანაირი გაგრძელება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ როცა ხელოსანმა ქალის მანქანას წინა ფრთა მოხსნა, რათა გაესწორებინა, დაინახა, რომ შიგნითა მხარე მუქი მასით იყო მოსვრილი, კარგად დააკვირდა, უფრო სქელ ადგილზე თითიც გაუსვა და მიხვდა, სისხლი იყო. მაშინვე განყოფილების უფროსს დაურეკა და მისვლა სთხოვა, თავის მხრივ, მან ექსპერტ-კრიმინალისტები გამოიძახა. ამის დაფარვა არ შეიძლებოდა და ექსპერტიზის პასუხმაც არ დააყოვნა - მანქანის ძირეულად დათვალიერების შემდეგ, არა მარტო სისხლის, არამედ, ადამიანის ტვინის ნაწილაკებიც იპოვეს ანუ ამ მანქანით ვიღაც გაიტანეს და შემდეგ ზედ გადაუარეს. სხვა გზა არ იყო - უფროსმა შს მინისტრის სახელზე პატაკიც დაწერა, საქმეც აღძრა და უფლებამოსილების შეჩერებაც ითხოვა, თუმცა ბოლო თხოვნის გარდა, ყველაფერი დაუკმაყოფილეს. საქმე აღიძრა და რაღა თქმა უნდა, დაკითხვაზე ქალი დაიბარეს.

„რა იყო? მანქანის გაკეთება გეძვირათ და ახლა მკვლელობის შეტენვით მაშინებთ? ჩემით გავაკეთებ მანქანას, დაწყნარდით, ამოისუნთქეთ. მეგონა, მილიციაში რაინდები მუშაობდნენ, თქვენ კი ჩვეულებრივი თაღლითები ყოფილხართ“, - გაწიწმატდა ქალი, მაგრამ როცა წინ ექსპერტიზის დასკვნები დაუდეს, გაოცებისგან პირი დააღო.

„ეს მანქანა ზუსტად ექვსი დღის წინ ვიყიდე. ფოთელი კაცი ყიდდა, იმისგან შევიძინე. ყიდვისთანავე გავრეცხე, მერე ფოთიდან თბილისში წამოვედი, ზღვაზე რაც მოხდა, მესამე გასვლა იყო ამ მანქანით და დამიჯერეთ, არავისთვის დამირტყამს და მით უმეტეს, არ გადამივლია. თანაც, ასეთ დროს, მანქანა ხომ მთლიანად დაიფშვნებოდა და ელემენტარულად, გაკეთებასაც ვერ მოვასწრებდი“, - ჩაფიქრებით თქვა ქალმა და მართალიც იყო - ასეთ მოკლე პერიოდში და იმ დროს, მანქანის მწყობრში მოყვანა სასწაულითაც კი შეუძლებელი იყო. სამართალდამცავები მაშინვე ფოთის განყოფილებას დაუკავშირდნენ და გაარკვიეს, რომ ავტომობილის მფლობელი... სამი დღის წინ გარდაცვლილი, საკუთარ სახლში ნახეს.

„ძალიან გაგვიკვირდა, როცა მან მანქანა იყიდა. ერთი უპატრონო მეთევზე იყო, გალოთებული, რასაც შოულობდა, სასმელში ხარჯავდა და სვამდა ყველაფერს, რასაც კი მოიხელთებდა. ექსპერტიზის დასკვნით, სწორედ სასმელისგან მოიწამლა და ძალადობის კვალი მის სხეულზე არ აღინიშნება. სახლში მანქანის გაყიდვით მიღებული ფული აღმოჩენილი არ არის“, - ასე უპასუხა ფოთმა თბილისს.

კომუნიზმის დროს, ავტომობილს ვერ იყიდდი, თუ შემოსავალს არ დაადასტურებდი. თუმცა, ყველაფრის „გაიმასქნება“ შეიძლებოდა და ლოთ მეთევზესაც განცხადება ჰქონდა დაწერილი, რომ მანქანის ფულს წლების მანძილზე აგროვებდა, რომ ნაწილი ისესხა და ასე შეიძინა. იმის მიუხედავად, რომ მანქანა მის სახელზე ირიცხებოდა, საჭესთან არავის არასდროს უნახავს და ზოგადად, ეს მანქანა ფოთში არ დადიოდა. ამიტომ, გამომძიებლებმა საქართველოს მასშტაბით დაიწყეს იმის ძიება, იყო თუ არა სადმე ეს ავტომობილი დაჯარიმებული და თუ იყო, კონკრეტულად, რომელ ქალაქში. დადებითი პასუხი ქობულეთიდან მოვიდა - აღნიშნული ავტომანქანა ორჯერ იყო დაჯარიმებული და ქობულეთელმა „გაიშნიკებმაც“ მანქანის მფლობელი მარტივად დაასახელეს - ერთ-ერთი საწარმოს დირექტორის მოადგილე. ძიებით ისიც დადგინდა, რომ ავტომანქანის ფაქტიური და რეალური მფლობელები კლასელები იყვნენ და ერთმანეთთან ურთიერთობა ბოლო დრომდე ჰქონდათ.

„როცა ჩემმა კლასელმა მანქანა იყიდა, შემთხვევით შევხვდი, წავუქეიფეთ და შინ რომ ბრუნდებოდა, ხეს გაუსვა. მაშინ მითხრა, მე ამ მანქანით დავილეწები, შენ გყავდეს და თუ დამჭირდება, გამოგართმევ ხოლმეო. ჰოდა, მყავდა, ვუვლიდი, ამას წინათ კი დამირეკა, ფული მჭირდება, მანქანას ვყიდიო და ჩავუყვანე. მეც ვიყიდდი, მაგრამ ფული არ მაქვს“, - თავი მოისაწყლა დირექტორის მოადგილემ და ცხადი იყო, ტყუოდა. თბილისელმა სამართალდამცავებმა მოიკითხეს და გაარკვიეს, რომ ორიოდე კვირის წინ, ქობულეთში, საამქროს ერთ-ერთი მუშა უგზო-უკვლოდ გაქრა, მის ცოლზე კი ამბობდნენ, დირექტორის მოადგილეს ჰყვარობსო. დაკარგულის სამედიცინო ბარათით გაირკვა სისხლის ჯგუფი, რომელიც მანქანის ნაწილებზე ნაპოვნს დაემთხვა და ძალოვნებმა ახლა ქალი დაკითხეს. ის მარტივად შეაშინეს, ქმრის მკვლელობის გამო დაგხვრეტთო და ქალმაც ყველაფერი დაფქვა.

„ქმარმა გაიგო, რომ საყვარელი მყავდა, ჯერ მე მცემა, მერე კი თქვა, ის უნდა მოვკლაო და წავიდა. მას შემდეგ აღარ მინახავს და როცა მოადგილეს შევხვდი, მან მთხრა, აღარასოდეს შეგვაწუხებსო. არ ვიცი, სად და როგორ მოკლა, მაგრამ რომ მოკლა, ვიცი“, - განაცხადა დაკავებულმა.

მთავარი ეჭვმიტანილი დააკავეს, თბილისში ჩამოიყვანეს და აუხსნეს, რომ უტყუარი მოწმე ჰყავდათ, მისი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებულ ერთ-ერთი პიჯაკის სახელოზე სისხლის ლაქები ნახეს და რამეს დამალვას აზრი არ ჰქონდა. მანაც, სასჯელის შემსუბუქების გარანტიის მღების შემდეგ, ყველაფერი თქვა.

„ის კაცი ღამით მომივარდა, ნაჯახს იქნევდა. ვუთხარი, ქალაქგართ გავიდეთ, იქ გავარკვიოთ მტყუან-მართალი მეთქი და დამთანხმდა. მანქანით გავედით და ჩვევად მქონდა, სავარძლის ქვეშ, რკინის ნაჭერი მუდმივად მედო. სიბნელეში მოვიმარჯვე და მანქანიდან რომ გადადიოდა, ჩავარტყი. დაეცა, მაგრამ არ მოკვდა, მე კიდევ მკვლელი არ ვარ და ამიტომ, მანქანით გადავუარე რამდენჯერმე. მერე გვამი ფოთისკენ წავიღე და ჭაობში მოვისროლე (სხვათა შორის, გამოძიებამ გვამი ვერ იპოვა). მანქანას რაც შეეხება, ჩემი კლასელის სახელზე შეგნებულად გავაფორმე, მე ვიყიდე, მაგრამ რომ არ ეყვირა, მის სახელზე იყო. მერე მანქანის მოშორება გადავწყვიტე და გავყიდე, ჩემი კლასელი კიდევ რამ და ვინ მოწამლა, მართლა არ ვიცი“, - განაცხადა მკვლელმა.

იმის მიუხედავად, რომ სამართალდამცავები დარწმუნებული იყვნენ, მეთევზეც დირექტორის მოადგილის მოწამლული იყო, სამხილი არ ჰქონდათ და ვერ დაუმტკიცეს. სასამართლომ კი მკვლელს... 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 ავტორი: ბათო ჯაფარიძე