თბილისის ერთ-ერთი სკოლის სამასწავლებლოში ტროტილი აფეთქდა

პატიმრის დღიური
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სასწავლო ნაწილის გამგისა და ბიოლოგიის მასწავლებლის უიღბლო სიყვარულის ისტორია

ავტორი: ბათო ჯაფარიძე

 

ბავშვობაში ქიმიის სწავლა თუ არა, გაკვეთილი მაინც ბევრს უყვარდა. სხვადასხვა ცდა, ხელმისაწვდომი ნივთიერებების ერთმანეთში არევა და შემდეგ მცირე აფეთქებები ნებისმიერს ხიბლავდა. აი, ფორმულების დაზეპირება იყო პრობლემა, თორემ დაღერღილ ცარცსა და სოდას რომ ძმარს დაასხამდი და ქაფდებოდა, ეს ყველას მოსწონდა. ადრეც და ახლაც ქიმიას ძალიან ცოტა მიჰყვებოდა, არადა, ეს სფერო ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და საინტერესოა. მეტიც, დღეს კარგი ქიმიკოსების ძალიან დიდი დეფიციტია და კარგ სპეციალისტებს სერიოზულ ხელფასსაც უხდიან, თუმცა ამის მიუხედავად, ქიმიკოსობის მსურველი ძალიან ცოტაა.

მაშინ, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი იყო და ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირდა (ისე, ბოლოდროინდელ მკვლელობებს თუ გადავხედავთ, ადამიანის სიცოცხლეს დიდი ფასი არც ახლა ადევს), დედაქალაქის ერთ-ერთი სკოლის სამასწავლებლოში აფეთქება მოხდა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ოთახში მყოფი სასწავლო ნაწილის გამგე და მასწავლებელი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ, თუმცა სასწავლო ნაწილის გამგემ თვალი დაკარგა, მასწავლებელს კი ხელის ამპუტაცია დასჭირდა. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მთელი სკოლა ფეხზე დახვდათ, მაგრამ არავის ჰქონდა პასუხი, რა უნდოდათ დილის 07.00 საათზე, სასწავლო ნაწილის გამგესა და ბიოლოგიის მასწავლებელს სკოლაში. სწავლა 09.00-ზე იწყებოდა და როგორც წესი, მასწავლებლები ადგილზე ნახევარი საათით ადრე მიდიოდნენ. სასწავლო ნაწილის გამგის მეუღლემ, იმავე სკოლის ქიმიის მასწავლებელმა თქვა, ქმარმა დილით წასვლა იმით ახსნა, რომ საკონტროლოები ჰქონდა გასასწორებელი, მეორე მასწავლებელზე კი არაფერი იცოდა. მეორე მასწავლებლის ქმარმაც იგივე მიზეზი დაასახელა - ცოლმა საკონტროლოების გასწორების მიზეზით, სამსახურში წასვლა ადრიანად გადაწყვიტაო. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის გახლდათ, რომ რეალურად, არც ერთსა და არც მეორეს, გასასწორებელი არაფერი ჰქონდა. რაღა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა პედკოლექტივს მაშინვე უხერხული კითხვა დაუსვეს, ხომ არ იყვნენ დაშავებულები საყვარლები, მაგრამ ყველამ ხელი გაასავსავა, რას ამბობთ, ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება, ერთი დიდი ოჯახი ვართ და თანაც, სასწავლო ნაწილის ცოლიც აქ მუშაობს, როგორ გაბედავდნენ, მაშინვე შესამჩნევი იქნებოდა და ხმაური ატყდებოდაო. ახსნით კი ვერავინ ხსნიდა, რატომ მივიდნენ ისინი დილით ადრე სამასწავლებლოში და რატომ მოხდა აფეთქება.

„რომ არა ტროტილის კვალი, ალბათ, ამ საქმეში არც სამინისტროს განსაკუთრებულ საქმეთა გამოძიების განყოფილებას ჩართავდნენ და არც - უშიშროებას, მაგრამ ექსპერტებმა ერთმნიშვნელოვნად თქვეს, ტროტილი აფეთქდა და კიდევ კარგი, ფანჯარა ღია იყო, თორემ ტალღა დაზარალებულებს შუაზე გაგლეჯდაო. მათი გადარჩენა ისედაც სასწაულს ჰგავდა, მაგრამ ამ სასწაულის უკან რაღაც ან ვიღაც იდგა“, - გვიყვება მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

ქიმიის მასწავლებელმა, შოკიდან გამოსვლის შემდეგ, გამომძიებელთან საუბარი ისურვა და განაცხადა, რომ მისი აზრით, ყველაფერი ერთ-ერთმა მოსწავლემ ჩაიდინა, სწორედ იმან, რომელიც ქიმიაში უნიჭიერესი იყო, სხვადასხვა მცირე ზომის ასაფეთქებლს ხშირად დებდა კონკრეტულად ქიმიის მასწავლებლისთვის, ამით, თითქოს საკუთარ უპირატესობას აგრძნობინებდა და სავარაუდოდ, ახლა ზედმეტი მოუვიდა. რაც მთავარია, ექსპერტიზის ვარაუდით, ადგილზე, სადაც აფეთქება მოხდა, სწორედ ქიმიის მასწავლებლის მაგიდა იდგა და მასში იყო დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა. არა, ქიმიის გაკვეთილზე ხულიგნობა გასაგებია, მაგრამ თუ მოსწავლემ ტროტილიც იშოვა, ეს უკვე კატასტროფას ნიშნავდა. ამიტომ, მისი დაკითხვა გადაწყდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ იმ დილით სკოლაში არ მივიდა და გადამოწმების შემდეგ გაირკვა, რომ სახლიდან, სწორედ სკოლის ჩანთით გავიდა და სხვა გეგმა არ ჰქონია.

გამოჩნდნენ მოსწავლეები, რომლებმაც თქვეს, რომ დილით ის ბიჭი სკოლასთან მივიდა, იკითხა, რა მოხდაო, შემდეგ ჩაილაპარაკა, შეუძლებელიაო და წავიდა. სად წავიდა, არავინ იცოდა, მაგრამ...

გარდა სამასწავლებლოს სახელურისა, ეჭვმიტანილი მოსწავლის თითის ანაბეჭდები, სკოლის ქიმიის ლაბორატორიის კარზეც აღმოჩნდა. საუბარი ახალ ანაბეჭდებზე იყო და იმის გათვალისწინებით, რომ აფეთქება ორშაბათს მოხდა, ბიჭი სკოლას, სავარაუდოდ, კვირა დღეს სტუმრობდა. პირველი სართულის რამდენიმე ფანჯარა ჩამტვრეული იყო, სკოლაში მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენდა, აი, სამასწავლებლო კი დაკეტილი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ისევ სხვა მოსწავლეებმა თქვეს, რომ ბიჭს ქიმიის გარდა, ჩხირკედელაობაც ეხერხებოდა და ტრაბახობდა, ყველა კაბინეტის გასაღები ჩემი ხელით გავაკეთეო. სამართალდამცავებმა მისი ბინის ჩხრეკის ორდერი მოიპოვეს და სახლში, პრაქტიკულად, პატარა ლაბორატორია აღმოაჩინეს. იქ იყო ყველაფერი, რაც თუნდაც მცირე ზომის ასაფეთქებლების დასამზადებლად გახლდათ საჭირო, მაგრამ არ იყო მთავარი - ტროტილი.

ბიჭზე ძებნა გამოცხადდა, მშობლებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, სად შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა თანაკლასელებმა თქვეს, დღეს გაკვეთილებზე არც მისი შეყვარებული მოვიდაო და ძალოვნები ახლა გოგოზე გადაერთვნენ. გაარკვიეს, რომ მის ოჯახს თბილისთან ახლოს აგარაკი ჰქონდა და გეზი იქითკენ აიღეს. ბავშვები აგარაკზე იპოვეს, შეშინებულები, მაგრამ საკუთარ თავში დაჯერებულები.

„ვაღიარებ, ქიმიის მასწავლებლის უჯრაში ასაფეთქებელი მე ჩავდე, მაგრამ ასეთი ეფექტი არ უნდა ჰქონოდა. ის, უბრალოდ, უნდა აალებულიყო, კვამლი გაეშვა და აფეთქების სულ მცირე ხმა ყოფილიყო. გამორიცხულია, რამე შემშლოდა, მე ძალიან, ძალიან კარგად ვიცი ქიმია, ვიცი დოზები და ამ მიმართულებით, არასდროს არაფერი მეშლება“, - თქვა ბიჭმა დაკითხვისას, ხოლო როცა ტროტილის შესახებ დაუსვეს კითხვები, იმდენად გულწრფელად, ბავშვურად გაიოცა, რომ გამომძიებლები მიხვდნენ - ტროტილთან შეხება არ ჰქონია.

ახლა ის იყო გასარკვევი, ვინ იცოდა, რომ ბიჭი ასაფეთქებელს დადებდა და ვინ დაამატა დეტონატორს ტროტილის ის რაოდენობა, რომელმაც ორი ადამიანი ლამის საიქიოს გაისტუმრა. ბიჭმა მხრები აიჩეჩა და ჩუმად თქვა, მხოლოდ შეყვარებულმაო ანუ ინფორმაცია გოგოსგან გავიდა, მაგრამ ვისთვის შეიძლებოდა გოგონას მოსალოდნელი პროვოკაციის შესახებ ეთქვა? მან დაკითხვისას თვალები ააფახულა და მხოლოდ დაქალს ვუთხარიო, მისი დაქალი კი... ქიმიის მასწავლებლის დის შვილი აღმოჩნდა. ახლა დაქალი დაიკითხა და მან აღიარა, რომ დეიდას ყველაფერი უამბო და ეს კვირას, საღამოს მოხდა. გამოდის, ქიმიის მასწავლებელმა ყველაფერი იცოდა და ამის მიუხედავად, ქმარი არ გააფრთხილა, არც სხვას მოუხმო საშველად და ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო?!

„დიახ, ვიცოდი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ხუმრობაც უწყინარი იქნებოდა. რას წარმოვიდგენდი, თუ ის ბავშვი ტროტილს დამიდებდა და სასიკვდილოდ გამიმეტებდა? იმდენად უმნიშვნელოდ ჩავთვლე, რომ ქმრისთვის არც მითქვამს, ან რა საჭირო იყო, წესითა და რიგით, მას ჩემი უჯრა არ უნდა გაეღო“, -განაცხადა ქიმიის მასწავლებელმა.

ყველაფერი თავის ადგილზე მას შემდეგ დადგა, რაც ქიმიის მასწავლებლის მეუღლის, დაზარალებული სასწავლო ნაწილის დაკითხვა გახდა შესაძლებელი.

„ცოლთან დაშორებას ვაპირებდი. სხვა მიყვარდა და ის სხვა ბიოლოგიის მასწავლებელია. დილით სკოლაში, სწორედ მასთან შესახვედრად წავედი, უნდა მოგველაპარაკა, იმასაც უნდა ეთქვა ქმრისთვის, რომ შორდებოდა და მე უკვე ყველაფერი გარკვეული მქონდა. გამოსვლისას, ცოლმა მითხრა, ჩემს მაგიდას არ შეეხოთ, რაღაც მაქვს შენახულიო ანუ მან ზუსტად იცოდა, რისთვის მივდიოდი სკოლაში. ოთახში რომ შევედით, პირველად მისი უჯრების დათვალიერება დავიწყეთ და აფეთქებაც გაისმა“, - განაცხადა მან.

ამ ჩვენების შემდეგ, ქიმიის მასწავლებელი დააკავეს.

„დიახ, ყველაფერი მე გავაკეთე. ტროტილს კი არა, თუ მოინდომებ, დღეს საქართველოში ტანკსაც იყიდი. როცა გავიგე, რომ ბიჭი მორიგ ხუმრობას გეგმავდა, მის დეტონატორზე ტროტილი დავამაგრე, მაგრამ არა იმდენი, რომ ვინმე მოეკლა. ახლა ხომ არიან ხეიბრები, იცხოვრონ ერთად, მე არ მენაღვლება“, - განაცხადა ქალმა.

სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაღა თქმა უნდა, ქმარმა მასზე უარი თქვა, მაგრამ ბიოლოგიის მასწავლებელზე დაქორწინება აღარ გამოვიდა - წყვილმა სკოლიდან წასვლა და უხმაუროდ დაშორება ამჯობინა.