ხაზარაძე-გახარიას დიდი პოლიტიკური თამაშები

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის, რომ ქართულ პოლიტიკაში „ყველაფერი მოსულა“, დიდი ხანია, დიდმაც ვიცით და პატარამაც. არც ის გვიკვირს ვინმეს, რომ გუშინდელი მეგობრები დღეს დაუძინებელი მტრები არიან და პირიქით. ეს, პრაქტიკულად, არც გასაკვირია, რადგან პოლიტიკაში არც მუდმივი მტრები არსებობენ და არც - მუდმივი მეგობრები, ვინაიდან პოლიტიკა ერთგვარად ინტერსების ასპარეზია, მაგრამ არსებობს რაღაც ზღვარი, რისი გადალახვაც, სხვა თუ არაფერი, ხალხის, ესე იგი, ამომრჩევლის თვალში ამა თუ იმ პერსონას, მინიმუმ, ცუდად წარმოაჩენს.

 

დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ხალხს რა რეაქცია ექნება, თუ გახარია და ხაზარაძე გაერთიანდბიან, მაგრამ ცოტა მოულოდნელი იყო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა, რომელიც ამ ორი ზემოხსენებული პოლიტპერსონის შესაძლო ალიანსს ეხება.

აი, ის კი, რაც მამუკა ხაზარაძემ თქვა, მოულოდნელი კი არა, უფრო გასაოცარია ანუ ხაზარაძე, რომელსაც თავის დროზე ანუ გახარიას „ოცნებაში“ ყოფნის დროს ამ უკანასკნელთნ პრეტენზიები ჰქონდა, ახლა ამბობს:

„გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი კი არ მაქვს, ჩვენი უთანხმოება მოხდა ძირეულ საკითხებზე. ეს არ არის რაღაც ვიჩხუბეთ და ასე შემდეგ, შესაბამისად, არაფერს ვერჩი მის თანაგუნდელებს ისევე, როგორც გიორგი გახარიას. ნორმალური ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რამეში, თითქმის უმეტეს ნაწილში, ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მე ამ ყველაფერს ვუყურებ სხვანაირად. ჩვენ რომ ხვალ დავილაპარაკოთ, იქნება ეს მისაღები ჩვენი ამომრჩევლისთვის? ეს სინერგიას მოგვცემს? თუ ეს სინერგიას იძლევა და სწორედ სინერგიისთვის გადავდგით ჩვენ ეს ნაბიჯი, როცა ოთხი სხვადასხვა პარტია ამ ბლოკში გავერთიანდით… ამიტომ, მე მინდა მაყურებელს ძალიან მკაფიოდ, გულახდილად და გულწრფელად ვუთხრა, არანაირი პიროვნული ამბები არ არსებობს, არსებობს გვაძლევს თუ არა ეს სინერგიას და არსებობს პრინციპული საკითხების გარშემო შეთანხმება, ეს არც თანამდებობას ეხება, არც კვოტების განაწილებას, ეს ეხება მიიღებს თუ არა, ასე ვთქვათ, პირველ ეტაპზე საუბარს ჩვენი ამომრჩეველი (დრო საკმარისია) და იქნება თუ არა ეს სინერგიის მომტანი.

თუ ეს სინერგიის მომტანი არ იქნება და თუნდაც ეს საუბარი დაანგრევს ვიღაცის მოლოდინს, რომელიც ჩვენს მიმართ აქვს, ან შეიძლება, მათ მიმართ აქვს, მაშინ ამის გაკეთება არ ღირს. თქვენ კვლევების შედეგად ხედავთ, რომ დღეს ოთხივე ოპოზიციურ პარტიას არ აქვს ბარიერის გადალახვის პრობლემა. თუ ეს სინერგიას მოიტანს და დავრწმუნდებით, რომ სინერგიის მომტანია, კიდევ ვიმეორებ, მე პიროვნული თემა არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან. ეს არის ჩემი ნომერ პირველი ამოცანა იმიტომ, რომ თუ ეს ვერ მოახერხა „თეორიაში“ ოპოზიციამ და მინდა ვთქვა, რომ ამას ახერხებს ამ მონაცემებით, მაგრამ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ეს რომ გავაკეთოთ, მაშინ ქვეყანა ჩავარდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში, იზოლირებული ვიქნებით და ვიქნებით რაღაცა მოდელი, აღარ მინდა, რომელიმე ქვეყანა ვახსენო, მაგრამ ყველა მიხვდება, რანაირი ტიპის ჰიბრიდული მმართველობა ჩამოყალიბდება აქ.

შესაბამისად, კიდევ ვიმეორებ, ეს არის კვლევის, კონსულტაციების და იმ სინერგიის აღმოჩენის შედეგი. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისეთი რაღაცა, რომ მომიტრიალდეთ და მითხრათ, რომ „უპრინციპო ადამიანი ხარ, გუშინ ჩხუბობდი და დღეს გაერთიანდი და ასე შემდეგ“. კიდევ ვიმეორებ, პიროვნული თემა ჩემთვის არის, ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი, როცა ქვეყნის მართლა ეგზისტენციალური საკითხი დგება. ვერავინ იტყვის დედამიწის ზურგზე, რომ მე ოდესმე დამიყენებია პიროვნული საკითხი წინ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესებს ეხება. ასეთი რაღაც არ არსებობს და არც იარსებებს არასდროს! უამრავი ჰობი მაქვს, უამრავი პროექტი მაქვს, მე არც თანამდებობას ვეძებ, არც დეპუტატობას ვეძებ. იცით, რომ ვიყავი დეპუტატი და დავტოვე მანდატი, სწორედ იმის გამო, რომ მეჩვენებინა - არ ვეფარები არანაირ პოლიტიკურ სარჩულს. თქვენ გახსოვთ, რომ მანდატი სასამართლომდე დავტოვე. ახლა სტრასბურგშია ჩვენი საქმე და იქაც მოვიგებთ. დრო სჭირდება ამას და მე ბრძოლას არასდროს შევწყვეტ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

სხვათა შორის, გახარია-ხაზარაძის საარჩევნო ალიანსზე საუბარი რამდენიმე თვის წინაც დაიწყო, თუმცა მაშინ ხაზარაძის თანაგუნდელებმა ეს კავშირი კატეგორიულად გამორიცხეს.

კარგი, დავუშვათ და, ეს ერთობა შედგა, რას მოიგებს ამით ამომრჩეველი? თუ ძალიან გულწრფელები ვიქნებით, გახარია-ხაზარაძის პოლიტქორწინებით რიგითი მოქალაქე მოგებული ვერ დარჩება. სამაგიეროდ, თავად ორივე სუბიექტი იხეირებს ანუ გარანტირებულად გადალახავს 5%-იან ბარიერს და პარლამენტში შევა, მაგრამ ეს, დიდი ალბათობით, იქნება შესვლა შესვლისთვს.

სხვათა შორის, ისიც საინტერესოა, რატომ გამოვიდა სალომე ზურაბიშვილი მაინცდამაინც გახარია-ხაზარაძის გაერთიანების იდეით და არა, ვთქვათ - გვარამია-ენმ-სი? ბოლოს და ბოლოს, ნიკა გვარამია და იგივე ნიკა მელიაც ენმ-ს წიაღიდან არიან. აი, გახარიასა და ხაზარაძეს კი, თუ ბიზნესს არ ჩავთვლით, სრულიად განსხვავებული პოლიტბეგრაუნდი აქვთ.

ესე იგი, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზურაბიშვილის ეს ინიციატივა რაღაც პოლიტიკურ ინტერესს მალავს, მაგრამ რა არის ეს ინტერესი?

მარჩიელობას, სჯობს, დაველოდოთ და დრო ყველაფერს გამოაჩენს...

 

ავტორი: ნინო დოლიძე