"სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენი გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია" - პრემიერი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა და ეს ორი ცნება ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული; მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველო ტურიზმის სექტორის გამორჩეული წარმომადგენლების შეხვედრის ადგილია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ტურიზმის მსოფლიო დღის წლევანდელი თემატიკაა ტურიზმი და მშვიდობა და მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის.

 

„მშვიდობა უმნიშვნელოვანესია მსოფლიოს მასშტაბით ტურიზმის განვითარებისა და მოგზაურობის წახალისებისთვის, ინდუსტრიის ეფექტიანი და დინამური განვითარებისთვის; ტურიზმი კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ხალხთა შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და გაღრმავებას, ერების კულტურულ დაახლოებას, მნიშვნელოვანი იდეებისა და ახალი ინიციატივების გაცვლას, რის გამოც მსოფლიოში მშვიდობის უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

მისივე თქმით, სამშვიდობო პოლიტიკა მმართველი ძალის პოლიტიკური გუნდის უმთავრესი პრიორიტეტია, რაც აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა.

 

„ჩვენ ვართ ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც, ათწლეულზე მეტია, საქართველოში არ ყოფილა ომი, და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს არც მომავალში დავუშვათ. დღეს ზუსტად 31 წელი შესრულდა სოხუმის დაცემიდან და მინდა განსაკუთრებით გავუსვა ხაზი, რომ სამშვიდობო პოლიტიკა ჩვენთვის ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან შერიგების, ნდობისა და ურთიერთპატივისცემის აღდგენის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების უალტერნატივო პირობაა; იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა მალე გამოიღებს შედეგს, რომელიც ერთნაირად სასარგებლო იქნება ქართველი, აფხაზი, ოსი, ამ მიწაზე მცხოვრები ყველა მოქლაქისათვის; მათ შორის, ვიმდეოვნეთ, რომ ტურიზმისაგან უდიდეს სარგებელს მიღებს ჩვენი ქვეყნის ამ უმშვენიერეს მხარეებში მცხოვრები თითოეული მოქალაქე,“- განაცხადა პრემიერმა.