ის არ თამაშობს მარადონას სტილში, ის კვარაცხელიაა - „ნაპოლის“ ქართველის სანაცვლოდ 150 მილიონს შესთავაზებენ

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიას ფასი კვირიდან კვირამდე იზრდება. ქართველი ფეხბურთელი პრაქტიკულად ყოველ შეხვედრაში ახერხებს ისეთი რამ გააკეთოს, რაც მანამდე არ უქქნია და ამიტომაც, სპეციალისტები მისით აღფრთოვანებას არ მალავენ. აგერ, 17 თებერვალს, „სასუოლოსთან“ გამართულ შეხვედრაშში, კვარაცხელიამ სოლო-რეიდი განახორციელა. ბურთი ცენტრიდან წაიღო და საოცარი სილამაზის გოლიც გამოუვიდა.

„ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიას მიუძღვის, რომელმაც ცენტრიდან დრიბლინგი პეპელას სიმსუბუქით დაიწყო და საოცარი გოლით დააგვირგვინა“,-იტყვის მატჩის შემდგომ „ნაპოლის“ თავკაცი ლუჩანო სპალეტი.

სხვათა შორის, აღნიშნულ მატჩში, ნეაპოლელთა ყველა ფეხბურთელს ლოყაზე წითელი ლაქა ჰქონდა. ეს იმის აღსანიშნავად, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელები ქალზე და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ასამაღლებლად სოციალურ კამპანიას უერთდებიან. იტალიის ჩემპიონატის კლუბები ამ აქციაში 2018 წლიდან არიან ჩართულები, თუმცა, ისევ ქართველს დავუბრუნდეთ.

„ნაპოლის“ შანსი აქვს, 1990 წლის შემდეგ პირველად მოიგოს „სკუდეტო“. ნეაპოლელები უახლოეს მდევარს 15 ქულით უსწრებენ, რაც ძალიან კომფორტული უპირატესობაა და დარჩენილ 15 ტურში, სასწაული უნდა მოხდეს, სპალეტის შეგირდებმა ოქროს მედლები ხელიდან რომ გაუშვან. ეგ კი არა და, ნეაპოლელები ჩემპიონთა ლიგაზეც ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მოიაზრებიან, რადგან ძალიან, ძალიან გამართულ და სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, რაც უპირველესად სწორედ კვარაცხელიას დამსახურებაა. 21 თებერვალს, თბილისის დროით ღამის 12 საათზე, „ნაპოლი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/8-ფინალურ შეხვედრაში გერმანიაში „აინტრახტს“ სტუმრობს და ყველანაირი ლოგიკით, ¼-ფინალის საგზურის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეს. მანამდე კი...

„ზაფხულის სატრანსფერო სეზონში ნაპოლის“ ორ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენზე ნადირობა დაიწყება აურელიო დე ლაურენტისი ჯიუტად ამტკიცებს, რომ ქართველი გარემარბი ხელშეუხებელია, მაგრამ ესპანური მედიის ცნობით, კვარაცხელიას შესაძენად, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა 150 მილიონი ევრო უკვე გადადო და ამ წინადადებაზე დე ლაურენტისს უარის თქმა ძალიან გაუჭირდება. რაც შეეხება ოსიმენს, რომელიც კვარაცხელიაზე ძვირად ფასობდა, მას ნეაპოლელები სავარაუდოდ 120 მილიონად შეელევიან“,-წერენ იტალიელები.

იტალიური მედია კვარაცხელიას აგენტის, მამუკა ჯუღელის კომენტარსაც ავრცელებს, რომელშიც ის ამბობს, რომ ხვიჩა ნეაპოლში თავის ისე გრძნობს, როგორც საკუთარ სახლში და ამ ეტაპზე არსად წასვლას არ განიხილავს. ისე კი, კვარაცხელიას არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნების გუნდი... მადრიდის „რეალია“.