გაუგონარი დანაშაული - განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანი 13 სკოლის დირექტორს აშანტაჟებდა

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ერთ-ერთი ქართული ოპოზიციური პარტიის ლიდერის წინასაარჩევნო დაპირება, აგერ უკვე მერამდენე წელია, სკოლებში უფასო კვებაა. ერთი შეხედვით, ეს ძალიან კარგია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, მსოფლიოს მასშტაბით, უფასო კარგი არასდროს არაფერია და უფასო კვება რომ შემოიღონ კიდეც, არავინ იცის, რა ხარისხის საკვებს მიიღებენ ბავშვები. ცოდვა გამხელილი სჯობს და, ახლაც, როცა ფასიანი სასადილოებია ანუ მოსწავლეები და მასწავლებლები საკუთარი სურვილისამებრ ყიდულობენ, რაც სურთ, საკვები პროდუქტის ხარისხი უკეთესის სურვილს აშკარად ტოვებს. მეტიც, შემომტანები პირდაპირ ამბობენ, რომ სკოლებში ძვირადღირებულ და ხარისხიან საკვებს იმიტომ ვერ შეიტანენ, რომ მათი გაყიდვა გაჭირდება.

უფასო სასადილო არც კომუნისტების დროს იყო. მართალია, მაშინ ყვველაფერი კაპიკები ღირდა, მაგრამ უფასოდ ნამდვილად არაფერს აძლევდნენ მოსწავლე-მასწავლებლებს. სამაგიეროდ, მაშინ ბევრად მარტივი იყო მოპარვა, მაგრამ ისე უნდა მოგეპარა, რომ არავის გაეგო, ან თუ იმასაც მოქრთამავდი, ვისაც უნდა „გაეგო და რეაგირება“ ჰქონოდა, შეიძლებოდა, მთელი ცხოვრება მოგეპარა და მშვიდად გეცხოვრა. ისტორიას, რომელსაც ახლა გიამბობთ, შეიძლება ითქვას, ანალოგი არ აქვს, რადგან სწორედ ამ ისტორიის შემდეგ დაიწყეს სკოლის სასადილოების განსაკუთრებული კონტროლი. უფრო ზუსტად, იმის კონტროლი დაიწყეს, დანაშაული ქსელური რომ არ ყოფილიყო, თორემ ცოტ-ცოტას მაინც ყველა იპარავდა. და კიდევ ერთი - კომუნისტების დროს, აგენტურული ქსელი ძალიან გამართულად მუშაობდა და სწორედ მათი მეშვეობით, ათასობით დანაშაული გაიხსნა.

„თითოეულ ოპერმუშაკს 2-3 აგენტი ჰყავდა, რომლებისგანაც ინფორმაციას იღებდნენ. აგენტები ჰყავდათ უბნის რწმუნებულებს, გამომძიებლებს, ყველას, ვისაც ფორმა ეცვა და საბოლოო ჯამში, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ჰოდა, ერთ-ერთმა ასეთმა აგენტმა ქუჩაში, შემთხვევით შეხვედრის დროს მითხრა, წელში გავიმართე, საკვები პროდუქტების ახალ წერტილს მივაგენი, ყველაფერს ძალიან იაფად ჰყიდიან და ჩემი ხუთი შვილის გათვალისწინებით, დიდ შეღავათს მაძლევსო. ეს ამბავი ყურებს შორის გავატარე, კაცმა რაღაცას მიაგნო, ოჯახს ინახავს, მაგრამ ზუსტად ორ კვირაში, ერთ-ერთი ოპერი მოვიდა და უკვე სხვა აგენტის ინფორმაცია მოიტანა - თბილისში, ერთ-ერთი ავტოფარეხიდან, საკვები პროდუქტები იყიდება იაფად და ხალხი ბუზივით ეხვევაო“, - იხსენებს მორიგ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

პროდუქტის მოძრაობა საბჭოთა კავშირში მკაცრად კონტროლდებოდა. რა თქმა უნდა, ყველამ იცოდა, რომ მაღაზიებიდან ხორცის კარგი ნაჭრები აგრარულ ბაზარში ხვდებოდა და იქ ორმაგ ფასში იყიდებოდა, იცოდნენ ისიც, რომ ტალონებზე ასაღები კარაქი იმავე ბაზრებში ურიგოდ და უტალონოდ იყო, მაგრამ ვინც ეს იცოდა, ისიც კარგად უწყოდა, რომ ბაზრის დირექტორი, თუ მაღაზიის გამგე, „გადასახადს“ იხდიდნენ და მფარველებიც ჰყავდათ, უბრალოდ, ამ ყველაფერს ისეთი მასშტაბები არ უნდა მიეღო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოფილიყო უკმაყოფილო და საჩივარი საჩივარზე შესულიყო. ამიტომ, იაფი და ხარისხიანი პროდუქტი ყურადსაღები ამბავი გახლდათ, ერთ-ერთ მოქალაქეს საჩივარი მარტივად დააწერინეს და საქმეც აღიძრა.

ორკვირიანი თვალთვალის შემდეგ, დადგინდა, რომ ასეთი ადგილი თბილისში მხოლოდ ერთი არ იყო, იაფი პროდუქტი კიდევ ორ ობიექტზე იყიდებოდა და რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში, მომმარაგებელი ერთი და იგივე პიროვნება გახლდათ. ეს პიროვნება კი, ოფიციალურად, ერთ-ერთი სკოლის დარაჯად მუშაობდა. მას ოპერმუშაკები კუდზე დაასხდნენ, ყოველ გადაადგილებას აკონტროლებდნენ და მალე ხელთ ჰქონდათ იმ 13 სკოლის სია, საიდანაც დარაჯს საკვები პროდუქტები მოჰქონდა. მას ყველა სკოლაში მარტივად უშვებდნენ და რაც მთავარია, აბსოლუტურად ყველა სკოლის ე.წ. „ზავხოზი“ ესწრებოდა პროდუქტების მის მანქანაში ჩატვირთვას ანუ ყველაზე კარგ ვარიანტში, „ზავხოზმა“ იცოდა, რაც ხდებოდა, მაგრამ ყველა ხვდებოდა, რომ დირექტორის თანხმობის გარეშე, ასეთი რამის გაკეთება, წარმოუდგენელი იყო. თუმცა, ისიც წარმოუდგენელი იყო, რომ 13 სკოლის დირექტორებმა ერთმანეთში მოილაპარაკეს, დანაშაულებრივი სქემა შექმნეს და, პრაქტიკულად, ერთგვარი სინდიკატი ჩამოაყალიბეს. ამას საბჭოთა ხელისუფლება არ და ვერ აღიარებდა, მაშინ ხომ ყველაფერი კონტროლდებოდა და მძიმე დანაშაულები, მით უმეტეს. გარდა ამისა, დანაშაულებრივი სინდიკატი არ არსებობდა, ეს ყველაფერი იმალებოდა და იფუთებოდა.

თვალთვალი გაგრძელდა და საბოლოო ჯამში, დადგინდა, რომ ყველაფერს მხოლოდ ერთი ადამიანი კურირებდა და სწორედ ის „ატერორებდა“ სკოლის დირექტორებს. ჰო, „ატერორებდა“ ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, იბარებდა და ეუბნებოდა, რომ მას ჰქონდა ძალა და ბერკეტები (მართლაც ჰქონდა), ამა თუ იმ სკოლის დირექტორი, თანამდებობიდან გაეშვა. ეს რომ არ მომხდარიყო, სკოლის ხელმძღვანელს თვალები უნდა დაეხუჭა სასადილოებიდან პროდუქტების გატანაზე და მეტიც, უნდა დაედასტურებინა, რომ პროდუქტები... გაფუჭდა. ვინ არ დაიჯერებდა, რომ საკვები პროდუქტები ფუჭდებოდა მაშინ, როცა ხან მაცივარი „გამოდიოდა მწყობრიდან“, ხან ბავშვები „არ ყიდულობდნენ“ უკვე გამზადებულ ფუნთუშას, თუ კატლეტს... სინამდვილეში, მაცივარიც გამართულად მუშაობდა და ბავშვებიც ყველაფერს ყიდულობდნენ, მაგრამ „გაფუჭებული“ და „ჩამოწერილი“ პროდუქტები სწორედ იმ „გარაჟებში“ მიდიოდა, საიდანაც შემდეგ მოსახლეობა იაფად იძენდა, სკოლას კი ახალ პროდუქტს აწვდიდნენ. რეალურად, ბავშვების ჯანმრთელობას არაფერი ემუქრებოდა, მაგრამ სახელმწიფო ქონების უხეში დატაცება სახეზე იყო.

„13 დირექტორიდან ორი შევარჩიეთ, ერთი - ქალბატონი, მეორე - მამაკაცი. სწორედ მათ უნდა დაედოთ ხელი მთავარი დამნაშავისთვის, სამინისტროს წარმომადგენლისთვის, რომელიც მათ მოხსნით ემუქრებოდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მამაკაცი მალე გამოტყდა, ქალმა კი ქვა ააგდო და თავი შეუშვირა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

დაკითხვაზე ქალმა არაფერი იმიტომ არ თქვა, რომ დარწმუნებული გახლდათ, მას, ვინც ამ ყველაფერს ატრიალებდა, „ზემოთ“ მფარველები ჰყავდა, მამაკაცმა კი ალალად თქვა, თანამდებობის დაკარგვის მეშინოდა და ამიტომ გავჩუმდიო. სწორედ მისი ჩვენება წააკითხეს სხვა დირექტორებს. უფრო ზუსტად, ჯერ ერთს, ხოლო მისი აღიარების შემდეგ, უკვე ორი ჩვენება მომდევნო დირექტორს და ასე, ბოლომდე, 12 ჩვენება იდო საქმეში, ქალი კი ისევ არ ტყდებოდა, თუმცა როცა მიხვდა, რომ მის გარდა, ყველამ ხმა ამოიღო, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და „გარისკა“. ახლა, მთავარი იყო, ამ ყველაფრის ორგანიზატორი აეყვანათ ფაქტზე და ამიტომ, ერთ-ერთ დირექტორს პროდუქტის გაცემაზე უარი ათქმევინეს. ჩინოვნიკი სკოლაში თავად მივიდა, დირექტორის კაბინეტში დაუკაკუნებლად შევარდა და მაგიდაზე მუშტების ბრახუნი დაიწყო. სავარაუდოდ, სიბრაზისგან მან ვერც კი შეამჩნია, რომ კაბინეტში საკანცელარიო კარადა ცოტა უცნაურად იდგა, მაგრამ როცა კარადის უკნიდან ორი ოპერმუშაკი გამოვიდა, ყველაფერს მიხვდა, თუმცა იხტიბარი არ გაიტეხა, ჩუმად ჩაილაპარაკა, არც კი იცით, ვის იჭერთო.

დაკავებულს 13 დირექტორი ადებდა ხელს და გამოძრომა შეუძლებელი გახლდათ. ყველაზე საინტერესო ამ საქმეში კი ის იყო, რომ დაკავებულს არანაირი „კრიშა“ არ ჰყავდა, სქემა თავად მოიფიქრა, თავად განახორციელა და შემოსავალსაც სრულად თავად იჯიბავდა. ფართო მასშტაბები პროცესმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიიღო, თორემ მანამდე, ორი წელი, მცირე ოდენობით მოპარვას ყოველთვის ახერხებდა და მთავარ დამხმარეს სამეზობლოში, უბანში აყიდვინებდა. შემდეგ კი, მადა ჭამაში მოვიდა და ერთ სკოლას მეორე მიემატა, მეორეს - მესამე, მეოთხე და საჭირო გახდა ავტოფარეხის ქირაობა, შემდეგ მეორე ავტოფარეხის დაქირავება და როგორც მოგვიანებით დაკავებულმა თქვა, სამომავლოდ, 30 სკოლის დირექტორთან აპირებდა „შეთანხმებას“ და ეს სავსებით საკმარისი იქნებოდა, მშვიდად რომ ეცხოვრა.

„ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ სასამართლოზე დახვრეტა არ მოეთხოვათ. საერთო ჯამში, ასი ათას მანეთზე მეტი ზარალი გამოდიოდა ანუ განსაკუთრებით დიდი ოდენობა, რაც დახვრეტისთვის სავსებით საკმარისი იყო. როცა ჩემი შიში დაკავებულს გავუზიარე, არ დაიჯერა, რა ასი ათასი, მაგის ნახევარიც არ ამიღიაო და ეგებ, მართალიც იყო, მალფუჭებად პროდუქტებს ხომ მართლაც იაფად ჰყიდდა, მაგრამ სახელმწიფო იმას კი არ ანგარიშობდა, ვინ რამდენში ჰყიდდა მოპარულს, არამედ იმას, ვინ რამდენს იპარავდა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

სასამართლო პროცესი დიდხანს არ გაგრძელებულა და არც პროკურორს მოუთხოვია დახვრეტის მუხლი, თუმცა მოსამართლემ დამნაშავე დაანამუსა, შენი შვილებიც ხომ მოსწავლეები არიან, არ გრცხვენია, მათ რომ ჰპარავდიო, თუმცა... საბოლოო ჯამში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების დატაცებისთვის, ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს და... ეს განაჩენი მაშინ ნამდვილი გამარჯვება იყო.

ავტორი: ბათო ჯაფარიძე