12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს - შემზარავი ამბის ახალი დეტალები

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე დაკარგული 12 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.

გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები მას საღამოს 11 საათიდან ეძებდნენ. თვითმხილველების თქმით, რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, მოზარდი მე-12 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ექიმები მას რეანიმაციულ ღონისძიებებს რამდენიმე საათის განმავლობაში უტარებდნენ, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მოზარდის ბებიის თქმით, როდესაც გოგონა იპოვეს, "გაგუდული იყო, ხოლო ყელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა". "ბავშვი სათამაშოდ იყო გასული და გაუჩინარდა. შუაღამეს ვნახეთ "გარაჟებთან", გაგუდული, ყელზე ნაკაწრები ჰქონდა... გული ჰქონდა არეული, სახეზე კი მიწა ეყარა. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას?! ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები? ყველაფერი უნდა დადგინდეს! როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება?!

ასევე გარდაცვლილი ბავშვის ბაბუა მედიასთან აცხადებს:

"დეიდაშვილები ჩამოვიდნენ 9 საათზე, ითამაშეს, გაისეირნეს. ერთ-ერთი უფროსი ამობრუნდა. ეს პატარა, რომელიც დაგვეღუპა, დარჩა. წავიდა წრე დაარტყა, ჩიფს ჭამდა და უნდა წამოსულიყო. რომ დაგვიანდა და ბავშვი აღარ არის, მეც დამიძახეს, ჩემმა დამ დამიძახა. ჩამოვედით, ვეძებთ ბავშვი არსად არ არის. 3 საათამდე ვეძებდით, პოლიცია, კრიმინალისტები, სასწრაფო გამოვიძახეთ. შემდეგ ვნახეთ, ვნახეთ - გაგვიხარდა, რომ ცოცხალი, თურმე ნახეს, აღარ იყო. ჰქონდა რა, მე ვერ შევხედე, ჩალურჯება, არ ვიცი, პირში მიწა ჰქონდა და დუჟი ჰქონდა. დახეული ჰქონდა და ეს კრიმინალისტი გვეუბნება, ექიმი რომ ამოწმებდა იმ დროსო. თითქოს ისე მეუბნებიან, რომ ძალადობა არ არისო, თითქოს ესე, მაგრამ ტელეფონი გაქრა, ბავშვი გაიგუდა, ჯანმრთელი, ჯანსაღი ბავშვი და ვის ვენდო. ჯანმრთელი ბავშვი იყო და არანაირი პრობლემა, არც ფსიქიკური. სავსებით ჯანმრთელი. ველოდებით, უნდა გადმოასვენონ, სამხარაულის ბიუროდან",- ამბობს ბაბუა.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.

„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, გოგონას ყელის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. არასრულწლოვანი გუშინ, პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა. ბოლოს ის ამავე ქუჩის მიმდებარედ, სკვერში საქანელაზე შენიშნეს, გვიან ღამით კი, სკვერიდან მოშორებით, ბნელ ადგილზე გარდაცვლილი აღმოაჩინეს.