პეტერბურგში რეზინის ქალებით ცურვა აკრძალეს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შეჯიბრება სექსთოჯინებით ცურვაში, რომელიც ლენინგრადის რეგიონში ყოველწლიურად ტარდებოდა, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად გაუქმდა, წერს „სევერ.რეალიი“.

პოლიციაში განაცხადეს, რომ „ღონისძიებას მკვეთრად ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე“, ნივთმტკიცებად კი მოქალაქეების საჩივრები მოიყვანეს, რომლებიც ორგანიზატორებისთვის არ უჩვენებიათ. შეჯიბრება ასობით პეტერბურგელს იზიდავდა. თუმცა, ჰეიტერები მონაწილეებს ყოველთვის ერჩოდნენ და მათ ლგბტ პროპაგანდაში ადანაშაულებდნენ.

შეჯიბრების ორგანიზატორი 50 წლის პეტერბურგელი დმიტრი ბულავინოვია. მას ვერ გაუგია, ამ გასართობს საზოგადოებისთვის რა უნდა დაეშავებინა.

დმიტრი იხსენებს, როგორ დაიბადა ეს იდეა. 2002 წლის ნოემბერში 17 მამაკაცი ლადოგოში (სოფელი ლენინგრადის რეგიონში) გაემგზავრა. წასვლას ქალებიც აპირებდნენ, მაგრამ გადაიფიქრეს.

„საღამოს ვზივართ კოცონთან, აფხაზეთიდან ჩამოტანილ ჩაის ვსვამთ და სპორტულ ლაშქრობებში ქალების როლზე ვბჭობთ. სიტყვას რაღაცნაირად, არ მახსოვს როგორ, რეზინის ქალები მოჰყვა, თუ როგორ შეიძლება მათი გამოყენება, გარდა იმისა, რომ დაბადების დღეებზე ვჩუქნით ხოლმე. ვიღაცამ თქვა, წყალზე ალბათ კარგად გაჩერდებიან და მათი მეშვეობით მდინარე ვუოკსაზე ცურვა სახალისო იქნებოდაო. ეს აზრი მომეწონა“, - ჰყვება დმიტრი.

დმიტრი ამბობს, რომ იდეა სხვებსაც მოეწონათ და მის განხორციელებაშიც ჩაერთვნენ. დენის კუპრიენკომ სახელი მოიფიქრა - Bubble Baba Challenge. კონსტანტინ ბეკეტოვმა ღონისძიების ანონსი, როგორც საპირველაპრილო ხუმრობა, ახალი ამბების საიტზე „РБН“ განათავსა, მაშინ ის საიტის რედაქტორი იყო. ბულავინოვმა სხვა საიტი შექმნა და ბმული გააზიარა. მკითხველებს აინტერესებდათ, ამბავი ნამდვილი იყო თუ არა. დმიტრი პასუხობდა, რომ - არა.

„ზაფხულში გადავწყვიტე, რომ შეჯიბრებას ნამდვილად გავმართავდით, - ამბობს დმიტრი, - პიარსამუშაოებიც ჩავატარეთ. ჩვენ შესახებ დაწერა ათამდე გაზეთმა და რამდენიმე გლამურულმა ჟურნალმა, ტელევიზიებმაც აჩვენეს სიუჟეტები“.

პირველი გაცურვისას, ლოსევოში 70-მდე ადამიანი შეიკრიბა, ბოლოზე კი, ანუ წელს, უკვე 471 მონაწილე იყო, 337 მამაკაცი და 94 ქალი. ღონისძიების საიტზე შეჯიბრების არსი ასე იყო გადმოცემული: „მონაწილეები გასაბერი ქალებით ლოსევოს ჭორომს გაუყვებიან. ვინც პირველი მიცურდება, ის გაიმარჯვებს. ღონისძიება სუსტი ნერვების მქონეთათვის არ არის“.

დმიტრი ჰყვება, რომ 21 წლის წინ, როდესაც ყველაფერი ჯერ კიდევ იწყებოდა, ქალაქის რამდენიმე სექსმაღაზიამ ღონისძიების სპონსორობა ისურვა. თავად „საცურავი საშუალების“ შეძენა ადგილზე შეეძლოთ, თან ბევრად იაფად, ვიდრე ინტერნეტმაღაზიებში. კრეატიულ მონაწილეებს გასაქანი მიეცათ. გამარჯვებისთვის იბრძოდნენ „შელახული რეპუტაცია“, „მერი თავისი პოპინსით“ და სხვა ქალბატონები ეგზოტიკური სახელებით.

„მახსოვს პირველი სტარტისას, როგორ გადაეშვა ყველა წყალში, - ჰყვება დმიტრი, - ერთი მონაწილე უზარმაზარი თოჯინით სახელად „მეთევზე სონია“ დინებამ გაიტაცა. ქვებზე ფეხი იტკინა და ნაპირზე გამოვიდა. როდესაც ფინიშამდე მივედი, გავიგე, რომ შვიდმა მონაწილემ ბოლომდე ვერ მოაღწია. ერთი ეს ფეხმტკივანი, მაგრამ დანარჩენი ექვსი რა იქნა? ძალიან ვინერვიულე“.

გაირკვა, რომ დაკარგულები დინებამ ტბისკენ გაიტაცა.

„ისინი კაიაკებითა და კატამარანებით ავიყვანეთ და ასე მივაღწევინეთ ფინიშამდე“.

მდინარე ვუოკსაზე ხიდების მშენებლობამ შეჯიბრი დროებით შეაჩერა. განახლდა მხოლოდ 2021 წელს. რამდენიმე მონაწილე ღონისძიებაზე უკვე წამოზრდილი შვილებითა და შემდეგი სიტყვებით მოვიდა: „ათი წელი ამას ველოდი“.

პირველი ორი წელი ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. პოლიცია მხოლოდ უყურებდა და მალევე ტოვებდა იქაურობას. 2022 წელს ღონისძიება ორჯერაც კი ჩაატარეს, ზაფხულსა და ზამთარში. ზამთარში მარშრუტი შედარებით მოკლე იყო, ღონისძიება 2022 წლის 23 თებერვალს გაიმართა.

უკვე ზაფხულში კი დმიტრი ბულავინოვის წინააღმდეგ ოქმი შეადგინეს. მას ადმინისტრაციული კოდექსის 20.1 მუხლით ედავებოდნენ“, „საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევისთვის“. ოქმში ეწერა: „ბულავინოვმა დ.ვ. აცნობიერებდა რა, რომ იმყოფება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, მესამე პირების თანდასწრებით, შესთავაზა ჯგუფს გაეცურათ რეზინის ქალებით“. ოქმის შედგენის მიზეზად ხალხის მიერ დაწერილი „უამრავი საჩივარი“ იქცა.

„ნებისმიერს შეეძლო დავებეზღებინეთ. ინტერნეტში იყო უკმაყოფილო ხალხი, ისინი, ვისაც ყველაფერი შეურაცხყოფს, რაც ამ რთულ დროს ხდება. ერთმა კომენტარებში დაგვიწერა, ათასი წელია რუსეთი არსებობს. კნიაზ იგორს და კნიაგინია ოლგას თავიანთ მეგობრებთან ერთად რეზინის ქალებით ცურვაში შეჯიბრება რომ მოეწყოთ, არც რუსეთის მიწა იქნებოდა და არც რუსული ენაო, - ამბობს დმიტრი, - შესაძლოა არც არავინ ჩიოდა, უბრალოდ, ზოგად შევიწროებაში მოვყევით“.

 

დმიტრი არა მხოლოდ ღონისძიების ორგანიზებაშია ბრალდებული, არამედ იმაშიც, რომ ამ ღონისძიების ფოტოები ტელეგრამარხებზე იდებოდა. პოლიციის აზრით, ისინი „ღირსებისა და საზოგადოების მორალის შემბღალავია“, „წარმოაჩენენ აშკარა უპატივცემლობას საზოგადოებისადმი და სახელმწიფოსადმი“.

„პოლიციას ავუხსენი, რომ ტელეგრამარხებზე განთავსებული ფოტო მე არ მეკუთვნის. თუმცა, მათთვის ისიც საკმარისი იყო, რომ Bubble Baba Challenge-ის საიტზე დავდე ფოტო, ანონსისთვის. თავად ის პოლიციელები, რომლებსაც ველაპარაკე, ღონისძიების ჩატარებას არ ეწინააღმდეგებოდნენ. იქ ადეკვატური ხალხი მუშაობს. ვერ ვიტყვი, რომ რამე მიუღებლობა ჰქონდათ, მაგრამ საჩივარს რეაგირების გარეშე ვერ დატოვებ“.

2024 წლის შეჯიბრებისთვის ბულავინოვმა გადაწყვიტა ღონისძიება რუსეთის შს განყოფილებასთან შეეთანხმებინა. მოთხოვნა გაგზავნა და პასუხიც მიიღო: „ამ ღონისძიებას მკვეთრად ნეგატიური საზოგადოებრივი რეზონანსი აქვს“. პოლიცია დაბეჯითებით ურჩევდა, შეჯიბრება არ ჩაეტარებინათ.

„დაბეჯითებით გირჩევთ“ აკრძალვა არ არის, მაგრამ აშკარა გზავნილს შეიცავს. სახელმწიფოს მხრიდან ასეთი დამოკიდებულების ფონზე ჩვენ ღონისძიება, რა თქმა უნდა, აღარ ჩაგვიტარებია. შესაძლოა მომავალში სამართალდამცავების დამოკიდებულება გაუმჯობესდეს და გაგრძელება შევძლოთ. სხვათა შორის, ერთ-ერთ პირველ ღონისძიებაში მილიციელიც მონაწილეობდა. ახლა რომ მომხდარიყო, ამის გამო შესაძლოა სამსახურიდანაც კი გაეთავისუფლებინათ“.

დედაკაცები სადარბაზოდან

პეტერბურგის მკვიდრი ვერა ტატოსიანი 35 წლის სომელიეა. „სექსცურვაში“ პირველად 2009 წელს მონაწილეობდა.

„შემდეგ შეჯიბრებებს შორის დიდი წყვეტა იყო და 2021 წელს ორსულობის გამო როგორც მაყურებელი ისე მივედი. მეგობრები ნაპირზე უალკოჰოლო ლუდს ვსვამდით და რეზინის ქალებს ვუყურებდით. ძალიან ვხალისობდით“, - ამბობს ვერა.

შარშან ზაფხულს შეჯიბრებაზე ვერა ქმარ-შვილთან ერთად მივიდა. წელსაც უნდოდა, მაგრამ… ის, რომ ვიღაცები ამ ღონისძიებამ აღაშფოთა, არ უკვირს. ამბობს, რომ უკმაყოფილო ხალხი სადარბაზოსთან ჩამომსხდარი პენსიონერებივით არიან.

„ეს კომენტატორები სკამებზე ჩამომსხდარი დედაკაცებივით არიან. მათთვის ყველა ბოზია. აღშფოთებულები ხმამაღლა ყვირიან და საქმის არსში გარკვევას არც ცდილობენ. წაიკითხეთ კომენტარები პოსტებზე, რომლებიც ღონისძიების აკრძალვას ეხება. თავად „ჩელენჯის“ ჯგუფში არა, სხვაგან. წერენ, ეყო კულტურის დედაქალაქს დამპალი ევროპის ყურებაო. ასეც მოგიხდებათო. თაობა დაიღუპაო და სხვა ერესები. განსაკუთრებით სასაცილო „გამოთაყვანებულ ახალგაზრდობაზე“ კომენტარებია, მით უფრო, როცა ორგანიზატორებს იცნობ და მონაწილეების ასაკობრივი დიაპაზონიც იცი“, - ამბობს ვერა.

„ბრაზობენ, ბავშვები 18+ სათამაშოებს უყურებენო. ოღონდ, თუ 5 წლის ბავშვს არ ეტყვი, თვალები დახუჭე, რა უხამსობააო, ცხოვრებაში უხამსობას არ გაიფიქრებს. ყველაფრის გაკიცხვა შეიძლება. მაგალითად, მე სომელიე ვარ. ეს კულტურის, რელიგიის, იურისპრუდენციის, სოფლის მეურნეობისა და ბევრი სხვა სფეროს ცოდნას მოითხოვს, მაგრამ ყოველთვის მოიძებნება ვინმე, ვინც იტყვის: „ფუ, მთხლეა, ცუდია, მავნებელია“.

პეტერბურგელი ალიონა კასატკინა შეჯიბრების კიდევ ერთი მონაწილეა. 36 წლისაა, პროგრამისტი და ორგანიზატორი გარბენისა „ზომბი თრეილი“. Bubble Baba Challenge-ის შესახებ ალიონამ 2006 წელს შეიტყო. მაშინ შეჯიბრებაში მისი მეგობრები მონაწილეობდნენ. შემდეგ ხიდების მშენებლობის გამო ღონისძიება შეაჩერეს. 2021 წელს კოვიდი დაემართა და მონაწილეობა მხოლოდ 2022 წელს შეძლო.

„აღფრთოვანებული ვიყავი, მაგრამ არ ველოდი, ასეთი რთული თუ იყო და ამდენი ენერგია სჭირდებოდა. ძალიან მინდოდა დავბრუნებულიყავი და უკვე მიღებული გამოცდილებით, კიდევ მეცადა. მგონია, ბევრს, ვინც Bubble Baba Challenge-ს ხელს უშლის, სხვა საქმე არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ ეს მშვენიერი ღონისძიება ჩაშალოს. იყოს შეურაცხყოფილი, ამ „შესანიშნავი“ ხალხის არჩევანია. მათი თვალსაწიერის შეზღუდულობა მხოლოდ თანაგრძნობას თუ იმსახურებს“, - ამბობს ალიონა.

ის ჰყვება, რომ ყოველწლიურად, როდესაც ღონისძიების ანონსი იდება, „მორალის დამცველები“ მაშინვე რიგში დგებიან სალანძღავად.

„ბავშვები გიყურებენ და თქვენ რეებს აწყობთ! ლგბტ-ს პროპაგანდას ეწევით. ჩვენი მებრძოლები გიცავენ და თქვენ კიდევ დასავლეთის გავლენის ქვეშ ხართ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციას შეუერთდით და ასე შემდეგ, - იხსენებს ალიონა კომენტარებს, - ვფიქრობ, ისინი რეალური ხალხია, მაგრამ თუ წაიკითხავ, რასაც წერენ, ხვდები, რომ ტელევიზიას ჰყავს შთანთქმული. აგრესიამ და სიძულვილმა ბოლომდე დაუბინდათ თვალები.

 

დარწმუნებული ვარ ისევ შევიკრიბებით, გასაბერ ქალებს იღლიაში ამოვიჩრით და წყალში შევცურავთ. ამ სათამაშოების პირდაპირ დანიშნულებას, სიმართლე გითხრათ, ვერც ვხვდები, მათი მეშვეობით ცურვა კი ძალიან მაგარი იდეაა, როგორც თავად სლოგანი: „რეზინის ქალი მხოლოდ და მხოლოდ გადასაადგილებელი საშუალებაა“, - იცინის ალიონა.

ამ ღონისძიებაზე ლაპარაკისას ის მიიჩნევს, რომ ბევრს მოსწონს, როდესაც „დამცირებისა და შეურაცხყოფის სამყაროში ცხოვრობს, ეს ახლა მოდად იქცა“. ამიტომ დამცირებასაც და შეურაცხყოფასაც ისინი ყველაგან ეძებენ.

უკრაინაში რუსეთის ფართომაშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ცენზურის ქვეშ ექცევა ბევრი ინიციატივა, რომლებიც კრიტიკოსების თვალსაზრისით არ შეესაბამება „ტრადიციულ ღირებულებებსა“ და იმ რეალობას, რომელშიც ომში მყოფი რუსეთია.

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ისტორია იყო „თითქმის შიშვლების“ წვეულება, რომელიც ბლოგერმა ნასტია ივლეევამ მოსკოვის კლუბ „მუტაბორში“ მოაწყო. სამთავრობო მედიასა და ტელეგრამარხებში ივლეევასა და მისი სტუმრების ლანძღვა დაიწყო. შოუბიზნესის ვარსკვლავებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდა და საჯაროდ ბოდიშების მოხდა მოუწიათ. მლანძღველები იმან აღაშფოთა, რომ სპეციალური სამხედრო ოპარაციისა და უკრაინაში რუსი ჯარისკაცების დაღუპვის ფონზე ასეთი ღონისძიებები ტარდებოდა.

ივლისის დასაწყისში „შეუსაბამო“ ჩაცმულობის გამო ბოდიშის მოხდა მომღერალ ოლგა ბუზოვას მოუხდა. ის უფაში, ბავშვთა დაცვის დღეს ფესტივალზე გამოდიოდა. ბუზოვა სცენაზე მაღალყელიან წინდებსა და ტყავის ნაწილობრივ გამჭვირვალე „ბოდეთი“ გამოვიდა. ეს ჩაცმულობა ბაშკირეთის დეპუტატ რუსტემ ახმადინუროვს უადგილო ეჩვენა. კრიტიკის შემდეგ მომღერალმა ბოდიში მოუხადა ყველას, ვინც შესაძლოა მისი სცენური სახის გამო შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. განაცხადა, რომ მამულისათვის ცხოვრობს და მუშაობს.

თებერვალში, კრასნოდარში ორმა გოგონამ ჩაწერა ვიდეო, ისინი ერთმანეთს კოცნიან და საქორწინო ბეჭდებს ცვლიან. მათ წინააღმდეგ ლგბტ პროპაგანდის ბრალდებით ადმინისტრატიული ოქმი შეადგინეს. გოგონებმა ბოდიში მოიხადეს და განაცხადეს, რომ ლგბტ-ს არ ემხრობიან და იციან, რა კანონებია ქვეყანაში, კოცნით კი ერთმანეთს მხოლოდ გამომწერების ყურადღების მისაქცევად აკოცეს, რასაც ნანობენ კიდეც.

ივნისში სანქტ-პეტერბურგში სასამართლომ დააპატიმრა ფოტოგრაფი სერგეი ევსნიუხინი, მხატვარი კრისტინა როჟკოვა და მოდელი იაროსლავ გუმენი ფოტოსესიისთვის, რომელიც ბოლშეოხტინსკის სასაფლაოზე გაიმართა. „მიცვალებულების ფონზე სიშიშვლის ელემენტებისთვის“ - ასე ჟღერდა ბრალდება. სამივე მათგანი ცხედრებისადმი, მიცვალებულთა განსასვენებელი ადგილების შეურაცხყოფაშია დადანაშაულებული.

წყარო: რადიო თავისუფლება