კრიმინალური ამბავი, რომელმაც საბჭოთა ძალოვანებს ძილი დაუფრთხო

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

 

 გასულ კვირას, რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, ზებრა-გადასასვლელზე, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი მამა-შვილს დაეჯახა. ორივე უმძიმეს მდგომარეობაში, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბავშვი, იაშვილის კლინიკაში, ქალა-ტვინის ტრავმითა და ძვლების მოტეხილობით, სიკვდილს ებრძვის. მძღოლი თრობის ქვეშ იყო...

 

სამხრეთ აფრიკაში არის კანონი, რომლის მიხედვითაც, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა ისჯება მართვის მოწმობის სამუდამო ჩამორთმევით, 10 ათასდოლარიანი ჯარიმითა და თავისუფლების შვიდწლიანი აღკვეთით. შედეგად, ბოლო ოც წელიწადში, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის მხოლოდ ორი შემთხვევა დაფიქსირდა ანუ ათ წელიწადში - ერთი. ეგებ, დროა, ანალოგიური კანონი საქართველოშიც შემოვიღოთ და ეგებ, მერე მაინც გვეშველოს და ჩვენი მშობლები თუ შვილები, ვიღაცის სიმთვრალის გამო, ასფალტიდან არ ვფხიკოთ...

რაც შეეხება კრიმინალურ ისტორიას... რასაც ახლა გიამბობთ, შორეულ, 50-იანი წლების დასაწყისში მოხდა, მაშინ, როცა საბჭოთა პროლეტარიატი იოსებ სტალინს გამოემშვიდობა და ძალთა გადანაწილებას ლავრენტი ბერია თავის მომხრეებთან ერთად გადაჰყვა. არადა, ერთი შეხედვით, ყველაფერი ბანალური, კრიმინალური ისტორიით დაიწყო.

1952 წელს, შინაგან საქმეთა მინისტრმა სერგეი კრუგლოვმა სპეციალური განცხადება გააკეთა და გამოაცხადა, რომ მილიციამ დამნაშავეთა სამყარო სრულად დაამარცხა და საბჭოთა მოქალაქეებს შეეძლოთ, ბინის კარი ღია დაეტოვებინათ. ჰო, კრუგლოვი ამტკიცებდა, ყველა დამნაშავე ციხეშია, წვრილ-წვრილი კრიმინალები კი სერიოზულ საფრთხეს ვერ შექმნიანო. ჰოდა, განცხადებიდან მეორე დღეს, მოსკოვში, ცნობილი მევიოლინეების - ცუპაევების ბინა დააყაჩაღეს. თავდამსხმელებმა ოჯახის უფროსი, მეუღლე და მისი ქალიშვილი სადისტურად, დანით მოკლეს და როგორც ამბობდნენ, ბინიდან წაიღეს ბრილიანტისა და ლალის თვლების მთელი კოლექცია, რომელსაც ცუპაევები ფლობდნენ. თავდამსხმელებმა ხელს გააყოლეს შინშილას ქურქი, რომელიც ძალიან, ძალიან ძვირი ღირდა. საქმე გამოცდილ გამომძიებელს, მაიორ ელცოვს მიანდეს და მანაც, პირველ რიგში, საკომისიო მაღაზიების მფლობელებსა და იუველირებს ჩამოუარა, კატეგორიულად გააფრთხილა, თუ ვინმე ან თვლებს, ან ქურქს მოიტანს, იცოდეთ, რომ მათზე სამი ადამიანის სისხლია და არ დაგინდობთო.

მომხდარიდან ზუსტად ორ დღეში, ელცოვთან ერთ-ერთი საკომისიოს მფლობელი მივიდა და წინ ქურქი დაუდო, ახალგაზრდა ქალმა მომიტანა, დავპირდი, რომ ვიყიდდი, მაგრამ ფული ხვალ, 12 საათზე უნდა მივცეო. რა თქმა უნდა, სამართალდამცავებმა ჩასაფრება მოაწყვეს და ადგილზე გამოცდილი კრიმინალი, ბორის ჩუმეიკინი, მეტსახელად, „ჩუმა“ დააკავეს. „ჩუმა“ დაკითხვის დროს ამაყად დუმდა, ვერც ის გაიხსენა, ვინ ქალი შეიძლებოდა ყოფილიყო მისული საკომისიოს დირექტორთან და ამტკიცებდა, მე ვიყავი, ალბათ, ამას მოეჩვენაო.

ყველაფერი ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა. ელცოვმა მოახერხა და გაშიფრა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის ქალი და დააკავა კიდეც. „ჩუმამ“ ფარ-ხმაალი დაყარა და განაცხადა, რომ მზად იყო ჩვენების მისაცემად, მთელი სქემის გასაშიფრად, თუმცა საუბარს წერა ერჩივნა და ფანქარი და ფურცელი მოითხოვა. რა თქმა უნდა, მას ფანქარი და ფურცელი მიუტანეს და კამერაში ჩაკეტეს. მეორე დღეს, „ჩუმა“ ჩამომხრჩვალი იპოვეს, ფურცლები და ფანქარი კი არსად იყო. ელცოვი ხელებს უიმედოდ შლიდა, მაგრამ ძიება მაინც გაგრძელდა. მაიორმა ამჯერად ქალი დაჰკითხა და თან გააფრთხილა, თუ მალე სიმართლეს არ იტყვი, შენი საყვარლის ბედს გაიზიარებო. ქალმა ბევრი არაფერი იცოდა, მაგრამ ის კი გაიხსენა, რომ დაპატიმრებამდე ორი დღით ადრე, „ჩუმა“ ტელეფონით ვიღაც იუველირს ესაუბრებოდა და გვარი მახოვი ახსენა.

ალბერტ  მახოვს მოსკოვში ყველა კარგად იცნობდა. ის იყო ძალიან, ძალიან ძლიერი იუველირი და როგორც ამბობდნენ, მხოლოდ იმიტომ არ აკავებდნენ და „უტარებდნენ“ ნაქურდალი ნივთების შეძენა-გაყიდვას, რომ ლავრენტი ბერიას პირად იუველირად იწოდებოდა და მისთვის თუ მისი მეგობრებისთვის არაერთ საოცარ ნაკეთობას საჩუქრად იმეტებდა. გამომძიებელი მასთან ორ ოპერმუშაკთან ერთად მივიდა და თან ჩხრეკის ორდერიც მიიტანა. იუველირი სტუმრებს მშვიდად შეხვდა და მხოლოდ ის ითხოვა, ადვოკატს დავურეკავო, რაზეც თანხმობა მისცეს. დარეკვიდან 15 წუთში, ბინაში კი არ შემოვიდა, შემოვარდა უშიშროების პოლკოვნიკი ნაგიევი, რომელიც ბერიას მოადგილის, სერგო გოგლიძის დაცვის უფროსი იყო. ნაგიევმა გამომძიებელს და მის ოპერებს უშვერი სიტყვებით აგინა, რის შემდეგაც ნაგიევი... დააპატიმრეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. ნახევარ საათში, განყოფილების კარი გენერალმა გოგლიძემ შეაღო. ბერიას პირველი მოადგილე და მარჯვენა ხელი ყველას შიშის ზარს სცემდა და მან ელცოვი მარტო დაიტოვა კაბინეტში, მომხდარი წვრილად მოაყოლა, შემდეგ კი შეაქო, სხვას შეეშინდებოდა, შენ კი, კანონი დაიცავი, მაგრამ ნაგიევი მაინც უნდა მაჩუქოო. ელცოვმა იცოდა, რომ თუ „საჩუქარზე“ უარს იტყოდა, კარგი დღე არ დაადგებოდა, ამიტომ დაკავებული გაათავისუფლა და ისევ მახოვის იმედად დარჩა, მაგრამ მერე დღეს, ცნობილი იუველირი გარდაცვლილი იპოვეს. იგი საკუთარ სახლთან, სავარაუდოდ, „ძარცვის მიზნით“ მოკლეს.

„წესითა და რიგით, „ჩუმა“ ამ დრომდე ციხეში უნდა ყოფილიყო, ის რეციდივისტია, მაგრამ გოგლიძის პირადი ბრძანებით გაათავისუფლეს, ზუსტად ისე, როგორც სხვა არაერთი რეციდივისტი და ეს ადამიანები ქალაქში თავისუფლად დასეირნობენ. აქ რაღაც ხდება, მაგრამ არ ვიცი რა, თუმცა გათავისუფლებულ რეციდივისტებს, ორი-სამი თვის შემდეგ, გარდაცვლილებს ნახულობენ. მილიციას უხარია ასეთი ხორცმეტებისგან გათავისუფლება, მაგრამ ყველა საქმე გაუხსნელია და ამბობენ, რომ ეს კრიმინალური სამყაროს შიდა გარჩევებია, რისიც არ მჯერა“, - ელცოვმა პატაკი პირადად მინისტრს ჩააბარა, მაგრამ მან ხელი აიქნია, გოგლიძესა და შესაბამისად, ბერიასთან, ჭიდაობას არ ვაპირებო.

მომხდარიდან ერთ კვირაში, გამომძიებლის კაბინეტი ერთ-ერთმა რეციდივისტმა შეაღო და ძალოვანს უთხრა, ყველა სქემას გაგიშიფრავ, ოღონდ სიცოცხლე უნდა შემინარჩუნოო. ელცოვი მოსულს ყურადღებით უსმენდა.

„გოგლიძეს ციხიდან რეციდივისტები გამოჰყავს, მათ მდიდარი მოქალაქეების ბინების „ნაკოლს“ აძლევს და მოწმეები რომ არ დარჩნენ, ყველას მოკვლის ბრძანებაა გაცემული. ამ პროცესს მისი დაცვის უფროსი, ნაგიევი ხელმძღვანელობს, მერე კი, როცა სამ-ოთხ ასეთ ბინას აითვისებს კონკრეტული ბანდა, მათაც კლავენ და განმკითხავი არავინაა. სულ სამი კაცია მკვლელი, მათ მეტი არაფერი ავალიათ და მათ პირადად ნაგიევი აკონტროლებს. მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და გთხოვთ, გემუდარებით, გადამარჩინეთ, მგონია, რომ მომკლავენ“, - ცრემლად იღვრებოდა მოსული.

ელცოვმა მისამართზე ოპერჯგუფი გაგზავნა და ორი დამნააშავე დააკავებინა. ისინი ცალ-ცალკე კამერებში შეყარეს, ბადრაგი მკაცრად გააფრთხილეს, რომ კონტროლი მაქსიმალური ყოფილიყო და მეორე დილას, ელცოვს მოახსენეს, სამივე პატიმარი მკვდარიაო. როგორც ბადრაგის უფროსი იმართლებდა თავს, თურმე „საკვები ყოფილა მოწამლული“ და დაკავებულებიც ამიტომ მოკვდნენ. მიხვდა გამომძიებელი, რომ გოგლიძემ ყველა ძაფი გაწყვიტა და გამორიცხული იყო, ვინმეს რამე დაემტკიცებინა, თუმცა ის, რაც ვერ მოახერხა რიგითმა გამომძიებელმა, უმაღლესმა პირებმა გააკეთეს. ძალიან მალე გარდაიცვალა იოსებ სტალინი, რასაც ჯერ ბერიას, შემდეგ კი მისი გარემოცვის დაპატიმრება-დახვრეტა მოჰყვა. მათ შორის იყო სერგო გოგლიძეც (სხვათა შორის, გოგლიძე დღემდე არ არის რეაბილიტირებული), ნაგიევიც და სხვებიც.

გოგლიძის ბინის ჩხრეკის შემდეგ, სახლიდან გაიტანეს რამდენიმე კილოგრამი ძვირფასი თვალი და მათი ღირებულება იმ დროისთვისაც კი, რამდენიმე მილიონს აჭარბებდა. ამბობენ, გოგლიძის ცოლმა მოახერხა და ერთი ჩემოდანი ძვირფასეულობა გადამალა, შემდეგ კი, მოსკოვის გარეუბანში პატარა ქოხი იყიდა, იქ დასახლდა და ცდილობდა, ყველასთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო და ერთადერთი ქალიშვილი მშვიდად გაეზარდაო.

სავარაუდოდ, ეს ისტორია ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ გოგლიძის ცოლის მიერ გადამალულ ჩემოდანზე ბევრს საუბრობდნენ, ბევრი ლეგენდა დადიოდა, სახლიც არაერთხელ გაუქურდეს, დააყაჩაღეს კიდეც, მაგრამ წამების მიუხედავად, გოგლიძის ქვრივი ამბობდა, რომ ყველაფერი ტყუილი იყო, რომ რეალურად, ძვირფასეულობა არ გააჩნდა და მათი ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, ეს რეალობასთან ახლოს უნდა ყოფილიყო, თუმცა...

როგორც ამბობენ, 1984 წელს, გოგლიძის ქვრივმა, ძალიან ახლობელ იუველირთან ბრილიანტის მოზრდილი თვალი მიიტანა და მის სანაცვლოდ, 13 ათასი მანეთიც მიიღო. მესამე დღეს, გოგლიძის ქვრივი და მისი ქალიშვილი ნაწამები და მოკლულები იპოვეს. სამართალდამცავებმა ივარგეს, მკვლელები მეორე დღესვე დააკავეს, თუმცა ლეგენდად ქცეულ ჩემოდანს ვერავინ მიაგნო.

ისე, იმ სახლის შემოგარენში, კარგა ხანს მუშაობდა ტრაქტორი და მიწასაც თხრიდა, ეგებ, ქალს სწორედ იქ, ახლო-მახლო ჰქონოდა დამალული განძი, მაგრამ შედეგი ვერც ამ მცდელობამ გამოიღო.

 

 

ავტორი-ბათო ჯაფარიძე