შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე.
ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმართულებით.
შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
 
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
 
საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქლაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს.
 
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი.
 
მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
ვახტანგ გომელაურმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მუდმივი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოითქვა, რომ არსებული თანამშრომლობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს.
 
უნგრეთის რესპუბლიკის ელჩმა ვახტანგ გომელაურს უნგრეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - შანდორ პინტერის ოფიციალური მიწვევა გადასცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას.
 
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მიეცემა შესაძლებლობა, თავისი უნგრელი კოლეგის მიწვევის საპასუხოდ, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს უნგრეთის რესპუბლიკას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ჭადრაკის შიდა ტურნირი ჩატარდა. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - „FIDE“-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად წარიმართა.
შიდა ტურნირი მიზნად ისახავდა სამინისტროს სისტემაში ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას და უწყების მოსამსახურეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
I ადგილი დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - თორნიკე გაბუნიამ.
II ადგილზე გავიდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი - ზურაბ ქსოვრელი, ხოლო III ადგილზე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ნონა დათუაშვილი.
ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქართან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 11 სხვადასხვა სკოლაში, ჯამში 700 - მდე უფროსკლასელთან გამართეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საგზაო ნიშნის დანიშნულება განუმარტეს. მართლწესრიგის ოფიცრებმა კი მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებების - ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, „ქურდული“ მენტალიტეტის და ნარკოდანაშაულის შესახებ.
შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს, შემდეგ კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე.
ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან - იოახიმ შტამპთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - ტანია ჰუტი და მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი - პეტერ შმიდტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან რეადმისიის სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსთვის გერმანიის მიერ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხი. მხარეთა შორის ასევე შედგა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა იოახიმ შტამპს მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს ასევე იუსტიციის მინისტრთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, 28-ე საბავშვო ბაღში იმიტირებული საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.
 
ღონისძიება ითვალისწინებდა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლებას. იმიტირებული ხანძრის ქრობის პროცესში, ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან, ბაღის თანამშრომლებთან ერთად, 120 ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განახორციელეს.
 
სწავლების მიზანი იყო საბავშვო ბაღის პერსონალისა და ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციის დროს შენობიდან ევაკუაციისას აუცილებელი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, გამოწვევების გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
 
 
წვრთნების პროცესში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს