შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს ევროკავშირის (EU) მიერ დაფინანსებული პროექტის - „სამართალდამცავი უწყებები ცენტრალურ აზიაში (LEICA)“ - წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი თვაურმა და დეპარტამენტის სხვა წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.
ვიზიტში მონაწილეობას იღებდნენ ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის და უზბეკეთის საჯარო უწყებების საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურების ხელძღვანელი პირები.
პროექტის წარმომადგენლებმა და დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის, ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ჰაბიტოსკოპიური, ფოტო-ვიდეო ექსპერტიზის, გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის, კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ექსპერტიზის ლაბორატორიები და ბალისტიკური ტირი, ასევე, დეტალურად გაეცნენ დეპარტამენტის მუშაობის პრინციპსა და სპეციფიკას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი განთავსებულია თანამედროვე სტანდარტების ახალ შენობაში. დეპარტამენტის ლაბორატორიებს მინიჭებული აქვთ აკრედიტაცია ISO17025 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის არეალის გაფართოების მიზნით, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმში 10 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა.

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ უწყებათაშორისი საერთაშორისო შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს ოპერაციაში „ზღვის მცველი“ სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების ჩართულობის და საბერძნეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსების წინაპირობას, რაც ამავდროულად, NATO-ს საზღვაო კომპონენტებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებისა და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებაში საქართველოს ღირსეული წვლილის შეტანას ემსახურება.
სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფებმა წარმატებით გაიარეს ნატოს შეფასების ოთხწლიანი პროგრამა, რის შედეგადაც ალიანსმა საქართველოს NATO-ს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციის - ,,ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის სტატუსი მიანიჭა.
NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელსაც შესაბამისი ქვედანაყოფების მიერ სათანადო სერტიფიცირების დასრულების შედეგად აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
საბერძნეთი იყო პირველი სახელმწიფო რომელმაც, მზაობა გამოთქვა NATO-ს ოპერაციის ფარგლებში, საკუთარი საზღვაო ძალების ხომალდებზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ტაქტიკური ქვედანაყოფი განეთავსებინა.
მიმდინარე წელს, 16 სექტემბრიდან 29 სექტემბრამდე, სანაპირო დაცვის 12 მოსამსახურის შემადგენლობით, დაგეგმილია ნატოს ოპერაციაში ,,ზღვის მცველი“ მონაწილეობა.
„ზღვის მცველი“ წარმოადგენს, NATO-ს ეგიდით მოქმედ, დღეისათვის, ერთადერთ ოპერაციას, რომლის მთავარი ამოცანაა ტერორიზმთან ბრძოლა, თავისუფალი მიმოსვლის ხელშეწყობა, საზღვაო უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა, უკანონო ეკონომიკური საქმიანობის აღკვეთა და საოპერაციო არეალში არსებული საზღვაო ვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა ქალმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დედას - 1946 წელს დაბადებულ ე.ქ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.
 
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
 
ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ,,MI – 8” ტიპის ვერტმფრენის ავარიულ ინციდენტთან დაკავშირებით.
 
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა, მყინვარწვერზე, მეტეოსადგურზე, პოლონელი მაშველების დახმარების გაწევის დროს, ავარიული ინციდენტი განიცადა.
 
აღნიშნული ქარის სწრაფი და დაღმავალი მასების უეცარმა გადაადგილებამ განაპირობა.
 
დაღმავალი ჰაერის მასების ცვალებადობის შედეგად, მოხდა ვერტმფრენის წინა შასის მიწასთან შეხება, რამაც გამოიწვია საფრენი აპარატის ამორტიზება, თუმცა, გამოცდილმა და პროფესიონალმა, მფრინავებმა მოახერხეს ვერტმფრენის სტაბილიზება, მეორე წრის განხორციელება, მყინვარწვერიდან თბილისის მიმართულებით გამოფრენა და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის ბაზაზე მშვიდობიანად დაშვება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის ოფიციალური სამუშაო ვიზიტი უნგრეთში გრძელდება.
უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ბუდაპეშტში, ქართული დელეგაციის პატივსაცემად, ოფიციალური სადილი გაიმართა, სადაც სტუმრებს უნგრეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, შანდორ პინტერმა უმასპინძლა.
უნგრეთში ოფიციალური სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ გომელაურსა და მის უნგრელ კოლეგას შორის ასევე შედგა ოფიციალური ორმხრივი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები მიმოიხილეს.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს მათ უწყებებს შორის გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობაზე და მზაობა გამოთქვეს აქტიურად გააგრძელონ მუშაობა ამ მიმართულებით.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის (DOE) ბირთვული უსაფრთხოების საკითხების მდივნის მოადგილესა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან - ჯილ ჰრუბისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შორის არსებული თანამშრომლობა, მიღწეული შედეგები, განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი - კელი დეგნანი.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში შესაძლებლობების გაძლიერება სამინისტროსთვის, როგორც ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ (ქბრბ) საფრთხეებზე ძირითადი პასუხისმგებელი უწყებისთვის, ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
მან ასევე ისაუბრა ქბრბ მასალების გამოვლენისა და საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების მიმართულებით საქართველოს საოკუპაციო ხაზთან მომუშავე დანაყოფების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე.
თავის მხრივ, ჯილ ჰრუბიმ მზაობა გამოხატა, განაგრძოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერა ბირთვული უსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და სპეციალური ტექნიკური აღჭურვილობის კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გენერალურ მდივანთან, გუბერნატორ - სეიფულლა ჰაჯიმუფთუოღლუსთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ სახელმწიფოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ინტენსიურ თანამშრომლობაზე, ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მნიშვნელოვან როლს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში.
შეხვედრის ფარგლებში, საუბარი ასევე შეეხო ორ სახელმწიფოს შორის საზღვრის დაცვის სფეროში არსებულ თანამშრომლობას, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს და ამ მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოში ვიზიტისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან - პაველ ჰერჩინსკისთან, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ავსტრიის, ჩეხეთის, გერმანიის, დანიის სამეფოს, ესტონეთის, ესპანეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, უნგრეთის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, პოლონეთის, რუმინეთისა და შვედეთის სამეფოს ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების საკითხი განიხილეს. ვახტანგ გომელაურმა ევროპელ პარტნიორებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობის შესახებ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი აქტიურად საქმიანობს, ინფორმაციის გაზიარებასა და კოორდინაციის გზით, ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.
შეხვედრის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებსა და საელჩოების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფებისა და სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 500-მდე მოსწავლეს შეხვდნენ.


საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება და საზიანო პრაქტიკები, არსებული გამოწვევები, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები. ასევე, მოსწავლეებთან ყურადღება გამახვილდა ამ კატეგორიის დანაშაულების აღმოფხვრის თვალსაზრისით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საშუალებებზე.


კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განთავსდა საინფორმაციო ხასიათის პოსტერები. პოსტერებზე ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციაა დატანილი.
კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით იმართება. მისი მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.