შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.
მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით.
ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.
საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.
27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ახობაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად საქმეზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 4 პირი დააკავეს.
 
2001 წელს დაბადებული დ.ფ., 1971 წელს დაბადებული გ.ფ., 1998 წელს დაბადებული ნ.გ. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 2000 წელს დაბადებული მ.კ. არასრულწლოვნით ვაჭრობის ბრალდებით არიან დაკავებულები.
 
დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები დ.ფ., გ.ფ., ნ.გ. და მ.კ მცირეწლოვან ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შრომით ექსპლუატაციას სისტემატურად ახდენდნენ. აიძულებდნენ გაეყიდათ ყვავილები და ეთხოვათ მოწყალება. მიღებულ თანხას კი თავად ითვისებდნენ. იმ შემთხვევაში თუ არასრულწლოვნები არ დაემორჩილებოდნენ დაკავებულების მითითებებს მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 14 პირია დაკავებული.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ბ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი, 2 მჭიდი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
 
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1973 წელს დაბადებული დ.ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცავებმა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად „ჩეზეს“ სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 57 ვაზნა ამოიღეს.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების (ოპერატიული) მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული ნ.ლ. და 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.ა., ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს დააკავეს.
 
პოლიციამ ნ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ხოლო ვ.ა.-ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებულია 2 პისტოლეტი, 2 მჭიდი და ვაზნა.
 
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1986 წელს დაბადებული ლ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. ლ.ხ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 ვაზნა.
 
 
ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ტ.ზ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, კარაბინი და ოპტიკური სამიზნე ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
 გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთისა და ჩოხატაურის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ს.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და 16 ვაზნა. 1959 წელს დაბადებული ვ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი პოლიციამ ამოიღო 2 სანადირო თოფი, "ეკოლის" სისტემის პისტოლეტი, კარაბინის სისტემის თოფი, სანადირო თოფის ლულა, კარაბინის თოფის 3 ვაზნა, საზენიტო იარაღის ვაზნა, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 2 მჭიდი.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს სამი პირი დააკავეს. პოლიციამ 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი.-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 14 ვაზნა. 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ი.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია გადაჭრილი სანადირო თოფი, დანა ქარქაშით, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 43 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება 1978 წელს დაბადებული გ.ქ.-ს, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს გადაჭრილი სანადირო თოფი და 3 ხელყუმბარა.
 
 
ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დმანისის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1980 წელს დაბადებული რ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და ფარეხში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რევოლვერი, სანადირო თოფი და 23 ვაზნა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს, მესტიის რაიონული სამმართველოს და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი - 1976 წელს დაბადებული გ.ა. და 1976 წელს დაბადებული მ.ჭ. დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 118 ვაზნა. მ.ჭ.-ს სახლიდან საცხოვრებელი სახლიდან კი ამოღებულია შაშხანა, 6 მჭიდი, ხელყუმბარა, პისტოლეტი და 123 ვაზნა.
 
 
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
ვახტანგ გომელაურმა პარკში მდებარე მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკო.

დღეს, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

1976 წელს დაბადებულ პ.კ.-ს ბრალი წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურებაში ედება, ხოლო 1995 წელს დაბადებული ტ.თ. არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებითაა დაკავებული.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ პ.კ. არასრულწლოვან შვილთან, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ხოლო ფაქტის გახმაურების შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მამის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში მალავდა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ არასრულწლოვან გოგონასთან, სქესობრივ კავშირს სისტემატიურად ამყარებდა მეზობელი, ტ.თ.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლისმე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურულმა დანაყოფებმა ევროპის დღესთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ცნობიერების ამაღლების მიზნით, შსს-ს დანაყოფებმა „ექსპო ჯორჯიაში“ ინფორმაციული და გასართობი აქტივობები გამართეს. ადგილზე მისულ მოქალაქეებს შესაძლებლობა ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სიმულაციურ და შემეცნებით თამაშებში, გაცნობოდნენ დანაყოფების საქმიანობასა და სპეციალურ აღჭურვილობებს.
 
ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიდან წარმოდგენილი იყო - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - 112 და სსიპ მომსახურების სააგენტო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, კაფსულის ჩადების ცერემონია გაიმართა.
ერთ-ერთი შენობის საძირკველში, სიმბოლური კაფსულა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და პროექტის განმახორციელებელი კომპანია „ანაგის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გოგოლიშვილმა ჩადეს.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ესწრებოდნენ.
საცხოვრებელი კომპლექსი „პოლიციის ქალაქი" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შენდება.
პროექტი საბურთალოს რაიონში, ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ხორციელდება. 6 ჰექტარ ტერიტორიაზე 12 და 13 - სართულიანი საცხოვრებელი კორპუსები აშენდება. საცხოვრებელ კომპლექსთან ერთად მოეწყობა გასართობი და სპორტული სივრცეები.
პოლიციელებს ბინები შეღავათიან ფასად გადაეცემათ - 1კვ.მ ფართობზე 300 ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ღირებულებას კი სახელმწიფო დაფარავს.
 
„მიხარია, რომ ბატონ ვახტანგთან ერთად მონაწილეობა მივიღე ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დავიწყეთ პოლიციის ქალაქის მშენებლობა, რომელიც გათვლილი იქნება 1000-ზე მეტ პოლიციელზე. ხედავთ, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები, მშენებელი კომპანია, გვპირდება რომ ძალიან მალე, დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება სამუშაოები და ჩვენ 1000-ზე მეტ პოლიციელს გადავცემთ ბინებს. მინდა ასევე გაცნობოთ, რომ ამ პროექტის ღირებულება დაახლოებით 125 მილიონ ლარს შეადგენს, პოლიციელები გადაიხდიან სიმბოლურ ფასს, მე ასე ვიტყოდი - კვადრატულ მეტრში 300 ლარს, დაახლოებით ასე გამოვა, დანარჩენ ხარჯებს მთლიანად დაფარავს სახელმწიფო, სამინისტრო და რაც მთავარია მინდა ვაცნობო ჩვენს საამაყო, გმირ პოლიციელებს, რომ ეს პროექტი არ იქნება ერთჯერადი, პოლიციის ქალაქების მშენებლობა გაგრძელდება მომავალშიც და ჩემი, ჩვენი სურვილი არის, რომ ეს თვითონ საკანონმდებლო დონეზეც იქნას გარანტირებული - აი ეს მინდოდა მეთქვა, კიდევ ერთხელ მინდა ჩვენს გმირ, საამაყო პოლიციელებს მადლობა ვუთხრა ყველაფრისთვის, იმისთვის რომ იცავენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება არის, რომ ყველაფერი საუკეთესო გავუკეთოთ ჩვენს გმირ პოლიციელებს. დიდი მადლობა ბატონ ვახტანგს და თითოეულ პოლიციელს", -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ინიციატივისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა.
"დიდი მადლობა ბატონ პრემიერს. მისი ინიციატივა იყო პროექტი. ჩვენ მადლობა ვუთხარით და გაგვეხარდა ძალიან. როგორც უკვე გააჟღერა ბატონმა პრემიერმა,1000 ბინა გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს. დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის და რაც მთავარია, თქვენც მოისმინეთ, რომ ეს არ არის ერთჯერადი, კიდევ გაგრძელდება და მომავალში სხვა პროექტიდან გადაეცემათ ჩვენს პოლიციელებს ბინები. დიდი მადლობა მთავრობას, პრემიერს მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
 

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ტყუილია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადებები, თითქოს მასთან მიიტანეს გარდაცვლილის ტელეფონი, რომელიც დალუქული არ იყო.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილის პირადი ნივთები და მათ შორის მობილური ტელეფონი ადგილზე კამერების წინ დაილუქა და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

„მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, გადაღებულია ეს, უწყვეტ კადრებს იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. რაც მას ჰქონდა თან. საიდან მოიტანა [სერგო შუბითიძემ], რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დაილუქა, [მანამდე] გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილია. დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა მინისტრმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. როგორ უწყებაში განაცხადეს, მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას დღემდე არ იზიარებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - პოლიციის პოლკოვნიკი ვაჟა სირაძე, სასაზღვრო პოლიციის უფროსი - გენერალ-მაიორი ნიკოლოზ შარაძე და მისი პირველი მოადგილე - Ⴑასაზღვრო პოლიციის პოლკოვნიკი გოჩა ჯანჯღავა ლიეტუვის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლოზ შარაძე და ვაჟა სირაძე ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელს, გენერალ რუსტამას ლიუბაიევასს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის შსს-ს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საზღვრის დაცვასა და სასაზღვრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები.
ლიეტუვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის დაცვის სამსახურის უფროსმა - რუსტამას ლიუბაიევასმა, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ ხელი მოაწერეს საზღვრის დაცვის საკითხებში თანამშრომლობის 2023-2024 წლების გეგმას.
სტუმრები ლიეტუვის რესპუბლიკის საზღვრის დაცვის სამსახურის სხვადასხვა დანაყოფებს ეწვივნენ. ლიეტუვის სასაზღვრო უწყების წარმომადგენლებმა საქართველოს დელეგაციის წევრებს ეროვნული საკოორდინაციო ცენტრის, რეგიონული დანაყოფებისა და საზღვრის დაცვის სკოლის საქმიანობა გააცნეს და ქართველ კოლეგებს სასაზღვრო გამტარი პუნქტების ფუნქციონერების, არსებული აღჭურვილობისა და დანერგილი ტექნოლოგიების შესახებ გამოცდილება გაუზიარეს. ლიეტუველმა კოლეგებმა ქართულ მხარეს ასევე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამგზავრო დოკუმენტებისა და რადიაციული ნივთიერებების შემოწმების წესების შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში, ქართულმა დელეგაციის წევრებმა აგრეთვე მოინახულეს ლიეტუვის საზღვრის დაცვის სამსახურის სასწავლო სკოლა, სადაც მესაზღვრეთა გადამზადების სასწავლო კურსის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.