შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
 
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
 
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
 
შუალედური ოთხკვირიანი სასწავლო კურსი დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელების გამოყენება, მაღალ მთაში სროლა, საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, თხილამურებით გადაადგილება სათხილამურო ტრასასა და გაუკვალავ თოვლში, ზვავის რისკების შეფასება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები.
 
სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის - მაჰმუთ ჩორუმლუს ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომა.
 
ერთობლივი კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების მე-19 მუხლის საფუძველზეა შექმნილი და ყოველწლიურად, მონაცვლეობით იკრიბება საქართველოში ან თურქეთის რესპუბლიკაში.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ საკითხებზე.
 
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, სადაც განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი, 2 კი მხილებულია.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული გ.უ. და 1984 წელს დაბადებული უ.ჩ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.უ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა. უ.ჩ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო შაშხანა, 29 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ნ.ნ., 1970 წელს დაბადებული ა.ა. და წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ა.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა თბილისში, ნ.ნ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა, ხოლო ა.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა. ა.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი რევოლვერი, 8 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

 

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი : 1973 წელს დაბადებული ზ.კ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, ორი პირი - 1990 წელს დაბადებული დ.ა. და 1963 წელს დაბადებული ვ.ა. კი ამხილეს.

 

სამართალდამცავებმა მათი საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო სივრცის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , რევოლვერი, პისტოლეტი, 6 შაშხანა. 18 ვაზნა და 2 მჭიდი.

 

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული მ.ჩ დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.

 

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კარლო კაციტაძემ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსმა - ნიკა კვარაცხელიამ გახსნეს. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.
ღონისძიების მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და მომავალი 9 თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის სხვადასხვა მიმართულებით გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების როლს, ასევე, მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები შეაჯამა.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.

 

აღჭურვილობის გადაცემის ცერემონია განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზაზე გაიმართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ანე ტოფტ სორენსენი დაესწრნენ, რომლებმაც სპეციალური აღჭურვილობა დაათვალიერეს და მის მახასიათებლებს პირადად გაეცნენ.

 

სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს აღჭურვილობა დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფორმატში თანამშრომლობის ფარგლებში გადაეცა.

 

სულ გადმოცემულია: “ROSENBAUER”-ის ფირმის, უახლესი, მაღალი წარმადობის 14 წყლის საქაჩი ტუმბო, 20 ერთეული 10-ტონიანი წყლის ავზი, კუთხმჭრელები, ბენზოხერხები და სხვა სპეციალური საშუალებები. პროექტი, რომლის ღირებულება 500 000 ევროს შეადგენს, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სახანძრო-სამაშველო ძალების გადაიარაღების პროცესში.

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი - დავით სუხიშვილი, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერის მოადგილე - პოლკოვნიკი მარიან დორკანი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივის ლიდერი - პოლკოვნიკი სუზან კრისტენსენი.

 

ღონისძიების დასასრულს, სტუმრებმა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერეს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სასწავლო ცენტრი მოინახულეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად განაგრძობს პირადი შემადგენლობის მომარაგებას ახალი აღჭურვილობით, სპეცფორმითა და ავტოტექნიკით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შედეგად, მიმდინარე წლის 12 მარტს ბათუმის ბულვარში მომხდარი ფაქტის გამოძიების ფარგლებში ერთი პირი - 1958 წელს დაბადებული ე.ა. დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი - 2014 წელს დაბადებული დ.პ. მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამო დაშავდა კიდევ ერთი მოქალაქე.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
 
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით სამინისტროში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართა.

10-03-2023

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - თეიმურაზ კუპატაძის ბრიფინგი

 

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

 

პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.

 ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

 ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რისშედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ.

თუმცა, დღის ბოლოს აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება.

 საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

 მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში გაგრძელებულიყო, შეკრებილები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

 დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზა გაუხსნეს, გაათავისუფლეს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და მათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

 მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს - ქვებს, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ. ასევე მიზანმიმართულად აზიანებდნენ სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებსა და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობას.

 მოგვიანებით, შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების და პიროტექნიკის სროლა.

 ყველამ კარგად ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

 საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში, გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

 სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

 აქცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე დღესაც გაგრძელდა.

 სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განთავსდნენ.

 პოლიცია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა.

პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია.

 მიუხედავად ამისა, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები.

 მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება.

 შეკრებილებმა დააზიანეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, დააზიანეს რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას.

 შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

 პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა.

 აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს, შეღებეს და დააზიანეს სახანძრო ავტომანქანა. აგრეთვე, დააზიანეს თბილისის მერიის კუთვნილი მატერიალური ქონება.

აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს.

მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.

დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის 7 და 8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.
დაკავებულთა ნაწილი წარდგენილ იქნა სასამართლოს წინაშე, ხოლო დანარჩენი პირები გათავისუფლდნენ წინასწარი დაკავების მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში 7-8 მარტს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით გრძელდება. ტარდება საგამოძიებო მოქმედებები იმ პირთა დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კანონპროექტის განხილვის პარალელურად, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.
ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.
აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.