შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე.

„დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იცავთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს, იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ქმნით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს.

დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის.

ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია.

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი.

პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს.

ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. გარწმუნებთ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი შემართებით შევძლებთ ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

ღირსეულად შეგესრულებინოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახებს უსაფრთხოდ, მშვიდობიანად, უვნებელი დაბრუნებოდეთ.

წარმატებებს გისურვებთ სამშობლოსა და ხალხის სამსახურში,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ღვაწლზე ისაუბრა და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სწორედ ასეთი პოლიციელების დაუვიწყარ ღვაწლსა და გმირულ მაგალითებზე დგას ქართული სახელმწიფო, მათ გზას განაგრძობს ქართული პოლიცია,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პოლიციელის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი, ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი. თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ, თქვენთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. სამწუხაროდ, არაერთმა თქვენმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი გაიღო, სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.

ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა. თქვენ იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს, კიდევ ერთხელ, მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

“ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე.

დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა იყო პოლიციელი და 24 საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს. წლების განმავლობაში ქართული პოლიცია თანამედროვე შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების ძალად ჩამოყალიბდა.

ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის. თქვენ ყოველ დღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ასევე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში. თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებთ თქვენს მოვალეობას ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე.

დღეს აგრეთვე ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლეს შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იმ შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასთვის თვალსაჩინოა - ქვეყანაზე და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნველი პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი. ვამაყობ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობა