შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - გახსნით ღონისძიებაში და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.
კონფერენციის გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი - რატი ბრეგაძე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მდივნის თანაშემწე - ტოდ რობინსონი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - სარა რუპერტი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი.
ალექსანდრე დარახველიძემ მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების დაცვის პრიორიტეტულობას. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქალ პოლიციელად ყოფნა დიდი გამოწვევაა და საპოლიციო სისტემაში მათი როლი სულ უფრო იზრდება. მან ასევე ისაუბრა ქალი პოლიციელების როლზე გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
ალექსანდრე დარახველიძემ აშშ-ის ელჩს საქართველოში - კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
ღონისძიება მიზნად ისახავს ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.
ხუთდღიანი კონფერენციის განმავლობაში, მონაწილეები განიხილავენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ქალი პოლიციელი - როგორც ლიდერი და სხვ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში, მეათე წელია, საქართველოში ტრადიციულად იმართება ყოველწლიური, ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“. წელს კონფერენციაში 250-მდე ქალმა სამართალდამცველმა მიიღო მონაწილეობა მსოფლიოს 20 ქვეყნიდან.

 

საერთაშორისო კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ - მონაწილე ქალი სამართალდამცველები შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს, საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრს ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ღია და დახურული სასროლეთი, ტაქტიკური მომზადების სივრცე, ვირტუალური ტირი დაათვალიერეს, „112“-ში ინფორმაცია მიიღეს ცენტრის საქმიანობის შესახებ და ქოლ-ცენტრი დაათვალიერეს, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრში მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და ინფორმაცია მიიღეს მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპით მიღების შესახებ.
სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ბიოლოგიური ექსპერტიზის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფარმპრეპარატების ექსპერტიზის, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური, ფოტო-ვიდეო და კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიები და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.
კონფერენცია - „ქალები პოლიციაში“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) მხარდაჭერით 10 წელია, ტრადიციულად იმართება და მისი მიზანია ქალ სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათი მოტივაციის ამაღლება.

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი - „ბაკურიანი 2023“ დასრულდა. მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებმაც უზრუნველყვეს „ბაკურიანი 2023“-ის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.
კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაბა ბაკურიანში 24 საათის განმავლობაში იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე, უცხოელი ვიზიტორების, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.
დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა, მათ შორის მოსრიალე ბავშვების უსაფრთხოებას იცავდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები კი უზრუნველყოფდნენ შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ასევე, დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას.
მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას სათხილამურო სეზონის დასრულებამდე განაგრძობენ. ასევე, სეზონის ბოლომდე მობილიზებული იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მარტს, 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ., მომხდარიდან მალევე დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ .
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები. ასევე შედგა შეთანხმება, რომ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება წარმოდგენილი კანონპროექტი და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ კანონში არსებულ გამოწვევებთან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს რუსთაველზე აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, ადამიანები ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა გზის გადაკეტვა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს.
 
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ.
 
საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
ქართველ მაშველთა ნაწილი, სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.
 
საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
 
სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და დელეგაციის სხვა წევრები ქართველ მაშველებს შეხვდნენ, რომლებიც თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.
დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.
მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.
"მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ნამდვილად ძალიან მძიმეა, რასაც ეკრანიდან უყურებ, თუმცა, შენი თვალით რომ ხედავ, ბევრად მძიმე სანახავია. ჩვენი მაშველები არიან გამოცდილები და მომზადებულები მაღალ დონეზე. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, მე ამაყი ვარ ნამდვილად, როდესაც გვეუბნებიან: მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთო და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ", - იცით, რომ იმ დღიდანვე, იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის და დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.