შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მარტს, 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ., მომხდარიდან მალევე დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველი ძაღლი „ტინტო“დაჯილდოვდა სპეციალური ჟეტონით - „სიცოცხლის გადარჩენისთვის“ .
სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ - მამუკა სეფიაშვილმა მაშველ ძაღლს ჟეტონი თურქეთში სამაშველო ოპერაციის დროს ნანგრევებში მოყოლილი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისთვის გადასცა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს კინოლოგიურმა სამსახურმა და მაშველმა ძაღლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისიის დროს.

 

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით აღნიშნული კანონპროექტით დაინტერესებულ პირებთან შინაგან საქმეთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენს იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შემცირება და პრევენცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საკანონმდებლო სიახლეები. შეხვედრის დროს დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული კანონპროექტის ფარგლებში არსებული შენიშვნები და მოსაზრებები. ასევე შედგა შეთანხმება, რომ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავდება წარმოდგენილი კანონპროექტი და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს პარლამენტს მეორე მოსმენით განსახილველად.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება მსჯელობა სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ კანონში არსებულ გამოწვევებთან.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყება მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

„მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთანავე, ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო ყველა შესაბამის ზომას მიმართავს და კანონის ფარგლებში სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებს რუსთაველზე აპროტესტებენ. ლევან ხაბეიშვილის მოწოდების შემდეგ, ადამიანები ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, თუმცა გზის გადაკეტვა ვერ მოახერხეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო მისია დაასრულეს.
 
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქართველი მაშველები თურქეთიდან სამშობლოში სპეციალური ჩარტერული რეისით ჩამოფრინდნენ.
 
საქართველოში დაბრუნებულ მაშველებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში - ალი ქაან ორბაი, რომლებმაც სამაშველო ჯგუფის წევრებს თურქეთში გამოჩენილი თავდადებისთვის მადლობა გადაუხადეს.
 
ქართველ მაშველთა ნაწილი, სამაშველო აღჭურვილობითა და ტექნიკით, სახმელეთო გზით დაბრუნდება სამშობლოში.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები თურქეთში, ქალაქ ადიამანში, სტიქიის პირველივე დღეს გაემგზავრნენ, როტაციის შემდეგ კი ჰათაის პროვინციის ქალაქ ანთაქიაში განაგრძეს სამაშველო ოპერაცია.
 
საერთო ჯამში, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში 200-მდე მაშველი მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებზე, საბჭოთა ოკუპაციის 102 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
 
სახელმწიფო დროშები ასევე დაშვებულია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვა ადმინისტრაციულ შენობებზე.
 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად, თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში იმყოფება.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვახტანგ გომელაური და დელეგაციის სხვა წევრები ქართველ მაშველებს შეხვდნენ, რომლებიც თურქეთში, ქალაქ ანთაქიაში მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.
დელეგაცია მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით თურქეთის რესპუბლიკის კრიზისული სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის კოორდინაციის ადგილობრივ ცენტრს ეწვია, სადაც მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს. ადგილზე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი სულეიმან სოილუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი, გარემოს დაცვის, ურბანიზაციისა და კლიმატის ცვლილებების მინისტრი მურათ ქურუმი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჩაღათაი ქილიჩი.
მთავრობის მეთაურმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ქართველ მეხანძრე-მაშველებს მადლობა გადაუხადეს.
"მინდა, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარება გამოვხატო და სამძიმარი ვუთხრა გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს, თურქეთის მთავრობას. ნამდვილად ძალიან მძიმეა, რასაც ეკრანიდან უყურებ, თუმცა, შენი თვალით რომ ხედავ, ბევრად მძიმე სანახავია. ჩვენი მაშველები არიან გამოცდილები და მომზადებულები მაღალ დონეზე. მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ მათგანს, მე ამაყი ვარ ნამდვილად, როდესაც გვეუბნებიან: მადლობა, რომ თქვენმა ბიჭებმა ძალიან მაგრად იმუშავეს. ყველა კითხულობდა, ქართველები სად არიან, გვიშველეთო და ეს ჩემთვის ნამდვილად საამაყოა. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა მათ", - იცით, რომ იმ დღიდანვე, იმ დილითვე, ბატონი პრემიერის დავალებით მოხდა მობილიზება ჩვენი მაშველების, აღჭურვილობის და დილიდანვე დაიძრნენ ეპიცენტრის მიმართულებით", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი - რევაზ ჯაველიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ა.თ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 2 წლის შვილზე ძალადობა განახორციელა, რის შედეგადაც მცირეწლოვანმა ბავშვმა სხეულზე მრავლობითი დაზიანება და მოტეხილობა მიიღო. გოგონა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.
ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს

რთული მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამო, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 132-163-ე კილომეტრზე მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ხორციელდებოდა.
შეფერხებული მოძრაობის დროულად განტვირთვისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები, მძიმე ტექნიკის დახმარებით, თოვლისგან გზის ინტენსიურ გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
სამუშაო პროცესს ადგილზე ამ დრომდე ხელმძღვანელობენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში - ზვიად შალამბერიძე.
ამჟამად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის აღნიშნული მონაკვეთი გაწმენდილია, რიკოთის უღელტეხილის ტერიტორია მსუბუქმა ავტომობილებმა, მგზავრებთან ერთად, უსაფრთხოდ დატოვეს.
ამ დროისთვის მოძრაობა ეტაპობრივად აღდგა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პრომეთეუსის“ (II ფაზა) გახსნით ღონისძიებას დაესწრო.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში - შერაზ გასრი, საქართველოში იტალიის ელჩი - ენრიკო ვალვო, საქართველოში ლატვიის ელჩი - ედით მედნე, საქართველოში ესპანეთის სახელმწიფო რწმუნებული - მარკოს გრანადოს გომესი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი - ევია კოტანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ალექსანდრე დარახველიძემ ღონისძიების მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის დელეგაციასა და პროექტ „Prometheus“-ის კონსორციუმის მონაწილე ქვეყნებს პროექტის მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა. მან ხაზგასმით აღნიშნა პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთვის გაწეული დახმარების მასშტაბი და მნიშვნელობა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, არალეგალური მიგრაციისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.
ალექსანდრე დარახველიძემ აგრეთვე ვრცლად მიმოიხილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული რეფორმები და ახალი ინიციატივები. სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ გამოხატა მადლიერება საერთაშორისო პარტნიორების, განსაკუთრებით კი ევროკავშირის მიმართ და სამომავლო ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
პროექტ Prometheus-ის მეორე ფაზა 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და მისი მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის, ასევე, ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებების და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით კი ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სწავლებები, სამუშაო შეხვედრები და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის. პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.