შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - შერაზ გასრისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საფრანგეთის რესპუბლიკის შიდა უსაფრთხოების ატაშე - ოლივიე ლეფებვრი.
 
მინისტრმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
 
შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა.
 
ვახტანგ გომელაურმა ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების მუდმივი მხარდაჭერისათვის. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
 
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვახტანგ გომელაურმა იმედი გამოითქვა, რომ არსებული თანამშრომლობა საერთო ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა საქართველოში უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან - ანა მარია შიკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და უნგრეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ჩამოყალიბებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, რომელიც მოიცავს როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს.
 
უნგრეთის რესპუბლიკის ელჩმა ვახტანგ გომელაურს უნგრეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის - შანდორ პინტერის ოფიციალური მიწვევა გადასცა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი უნგრეთის რესპუბლიკაში ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და განმტკიცებას.
 
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ელჩს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მხარის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე, იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში მიეცემა შესაძლებლობა, თავისი უნგრელი კოლეგის მიწვევის საპასუხოდ, ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს უნგრეთის რესპუბლიკას.


შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში ჭადრაკის შიდა ტურნირი ჩატარდა. ჩემპიონატი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის - „FIDE“-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად წარიმართა.
შიდა ტურნირი მიზნად ისახავდა სამინისტროს სისტემაში ჭადრაკის, როგორც სპორტის სახეობის პოპულარიზაციას და უწყების მოსამსახურეებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
I ადგილი დაიკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - თორნიკე გაბუნიამ.
II ადგილზე გავიდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი - ზურაბ ქსოვრელი, ხოლო III ადგილზე - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ნონა დათუაშვილი.
ტურნირში საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, სხვადასხვა სამახსოვრო საჩუქართან ერთად, ფულადი ჯილდოც გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის 11 სხვადასხვა სკოლაში, ჯამში 700 - მდე უფროსკლასელთან გამართეს.
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე, არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებზე ესაუბრნენ და სხვადასხვა საგზაო ნიშნის დანიშნულება განუმარტეს. მართლწესრიგის ოფიცრებმა კი მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობის, ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებების - ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, „ქურდული“ მენტალიტეტის და ნარკოდანაშაულის შესახებ.
შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებასა და ორგანიზებულ დანაშაულზე გადაღებული ვიდეორგოლები უჩვენეს, შემდეგ კი მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.

თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“ გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
მეხანძრე-მაშველები ხანძრის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა 4-სართულიანი შენობის მესამე და მეოთხე სართულებზე.
ამ ეტაპზე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.
ადგილზე ასევე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, რომლებიც პერიმეტრს იცავენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა შეხვედრა გამართა მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურ რწმუნებულთან - იოახიმ შტამპთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის მოადგილე - ტანია ჰუტი და მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებულის ბიუროს უფროსი - პეტერ შმიდტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ევროკავშირსა და შენგენის სივრცეში საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ევროპასთან თავისუფალი მიმოსვლის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მნიშვნელობას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
ვახტანგ გომელაურმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიმდინარე რეფორმების შესახებ.
მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალურმა წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმატებული თანამშრომლობა გერმანულ მხარესთან რეადმისიის სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა აგრეთვე განიხილეს საქართველოსთვის გერმანიის მიერ უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად აღიარების საკითხი. მხარეთა შორის ასევე შედგა შეთანხმება, რომ ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის გაგრძელდება ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა იოახიმ შტამპს მადლობა გადაუხადა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ვიზიტის ფარგლებში მიგრაციის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური წარმომადგენელი შეხვედრებს გამართავს ასევე იუსტიციის მინისტრთან და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და სსიპ - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმში, 28-ე საბავშვო ბაღში იმიტირებული საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს.
 
ღონისძიება ითვალისწინებდა საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის ორგანიზების სწავლებას. იმიტირებული ხანძრის ქრობის პროცესში, ბაღის პერსონალისა და აღსაზრდელების ევაკუაცია განხორციელდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან, ბაღის თანამშრომლებთან ერთად, 120 ბავშვის ევაკუაცია მოახდინეს და ურბანული ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირება განახორციელეს.
 
სწავლების მიზანი იყო საბავშვო ბაღის პერსონალისა და ბავშვებისთვის საგანგებო სიტუაციის დროს შენობიდან ევაკუაციისას აუცილებელი პრაქტიკული ჩვევების გამომუშავება, გამოწვევების გამოვლენა, გაანალიზება და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციების შემუშავება.
 
 
წვრთნების პროცესში, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლები.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სახანძრო და სამოქალაქო უსაფრთხოების მიმართულებით დანერგილია სერვისები, რომლითაც სხვადასხვა ორგანიზაცია სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს მეშვეობით სარგებლობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ციხისჯვრის ბაზაზე სამთო მომზადების ზამთრის შუალედური კურსის დახურვის ღონისძიება გაიმართა.
 
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირებმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.
 
სასწავლო კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. სწავლებას პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.
 
შუალედური ოთხკვირიანი სასწავლო კურსი დაბა ბაკურიანში მიმდინარეობდა. ტრენინგის მონაწილეებმა შეისწავლეს დაბრკოლებაზე მოწყობილი გადასასვლელების გამოყენება, მაღალ მთაში სროლა, საევაკუაციო საშუალებების გამოყენება, თოვლში თავშესაფრის მოწყობა და განსაკუთრებულად ცივ პირობებში მოქმედება, თხილამურებით გადაადგილება სათხილამურო ტრასასა და გაუკვალავ თოვლში, ზვავის რისკების შეფასება, ზვავში მოყოლილი ადამიანის ძიების მეთოდები.
 
სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის - მაჰმუთ ჩორუმლუს ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა.
 
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომა.
 
ერთობლივი კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების მე-19 მუხლის საფუძველზეა შექმნილი და ყოველწლიურად, მონაცვლეობით იკრიბება საქართველოში ან თურქეთის რესპუბლიკაში.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი.
 
შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ საკითხებზე.
 
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, სადაც განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი, 2 კი მხილებულია.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, წარსულში ნასამართლევი 2 პირი - 1984 წელს დაბადებული გ.უ. და 1984 წელს დაბადებული უ.ჩ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გ.უ.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა. უ.ჩ.-ს პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად, პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო შაშხანა, 29 ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

 

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული ნ.ნ., 1970 წელს დაბადებული ა.ა. და წარსულში ნასამართლევი 1968 წელს დაბადებული ა.მ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

 

სამართალდამცველებმა თბილისში, ნ.ნ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 4 ვაზნა, ხოლო ა.ა.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულია ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 2 ვაზნა. ა.მ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად კი პოლიციამ ამოიღო ცეცხლსასროლი რევოლვერი, 8 საბრძოლო ვაზნა და ნარკოტიკული საშუალება.

 

სამეგრელო ზემო-სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით ორი პირი : 1973 წელს დაბადებული ზ.კ. და 1995 წელს დაბადებული ვ.ბ. დააკავეს, ორი პირი - 1990 წელს დაბადებული დ.ა. და 1963 წელს დაბადებული ვ.ა. კი ამხილეს.

 

სამართალდამცავებმა მათი საცხოვრებელი სახლებისა და სამუშაო სივრცის ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი , რევოლვერი, პისტოლეტი, 6 შაშხანა. 18 ვაზნა და 2 მჭიდი.

 

მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თიანეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული მ.ჩ დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "აკს"-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია პისტოლეტი და მჭიდი.

 

დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 260-ე მუხლით მიმდინარეობს.