საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს - ნენსი ფეზერს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა გერმანიის სამართალდამცავ უწყებებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას და გერმანულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში მუდმივი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, ასევე, ამ კუთხით პოლიციის ატაშეების როლზე. ვახტანგ გომელაურმა ქართველი პოლიციის ოფიცრების გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში წარგზავნისთვის მზაობა გამოთქვა და განმარტა, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, მეორე მხრივ - უკანონო მიგრაციული ნაკადების კონტროლს.
 
გერმანულმა მხარემ აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ევროკავშირთან რეადმისიის შეთანხმების იმპლემენტაციას. აგრეთვე აღინიშნა, რომ გერმანიისა და საქართველოს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად ხორციელდება. ამასთანავე, დადებითად შეფასდა საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და მიმდინარე რეფორმები, რომლებიც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის გამოწვევებზე საპასუხოდ განხორციელდა. გერმანულმა მხარემ სურვილი გამოთქვა, შეიქმნას ორმხრივი სამუშაო ჯგუფები, რათა სხვადასხვა პროფესიის მქონე საქართველოს მოქალაქეებს დამატებით მიეცეთ გერმანიაში ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე და საქართველოს პოლიციის ატაშე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში - სერგო თურმანიძე.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ გერმანული მხარის წარმომადგენლები: გერმანიის ფედერალური მთავრობის სპეციალური რწმუნებული მიგრაციის საკითხებში - იოახიმ შტამპი, გერმანიის ფედერალური შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი - ბერნდ კრიოსერი, მართვის, დაგეგმვისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსი - ბასტიან ფლაიგი, მიგრაციის, ინტეგრაციის, ლტოლვილებისა და ევროპული ჰარმონიზაციის დეპარტამენტის უფროსი - ულრიხ ვაინბრენერი და საერთაშორისო და ევროკავშირის საკითხების შტაბის უფროსი - მიხაელ ნიმაიერი.
 
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ფედერალურ შინაგან საქმეთა მინისტრს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში - ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო - „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა.
 
ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.
 
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა.

საქართველოს მთავრობასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს თურქი კოლეგა ოფიციალურ წერილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელთა მიერ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი სამადლობელ წერილში აღნიშნავს, რომ ქართველი მაშველების თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადარჩენილია არაერთი მოქალაქის სიცოცხლე.
„უდიდეს მადლობას გიხდით მიწისძვრებით გამოწვეული ნგრევისა და ადამიანების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩვენი ტკივილის გაზიარების, დაზარალებული რეგიონების მონახულებისა და სოლიდარობისთვის.
ჩვენი ხალხი არასდროს დაივიწყებს მთელი ერისთვის ამ ტრაგიკულ პერიოდში საქართველოს მიერ გამოწვდილ დახმარების ხელს, ჩვენი ტკივილის გაზიარებას და ჩვენთვის აღმოჩენილ მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას.
მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადავუხადო თქვენს აღმატებულებას, საქართველოს მთავრობასა და თავდადებულ ქართველ მაშველებს, თქვენი სამინისტროს თანამშრომლებს, რომლებმაც თავი არ დაზოგეს სამძებრო სამუშაოების დროს და არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს“, - ნათქვამია ოფიციალურ წერილში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ს.ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მეგობარს - 1985 წელს დაბადებულ ა.დ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი დაპირისპირებისას, ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ს.ს. ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავა.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები.
გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ მოძრაობა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ გაგრძელებულიყო.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, შეუფერხებელი საავტომობილო მოძრაობის უზრუნველსაყოფად და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას დაკვირვების სისტემები, მაღალი გამავლობის ავტომანქანები და ავტობუსები გადაეცა.
აღჭურვილობის გადაცემა პროექტების - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, პასუხისმგებლობისთვის და საქართველოში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ და "საზღვრისა და მიგრაციის მართვის ქმედება საქართველოსთვის (BMMAG)" ფარგლებში, მიგრაციის საერთაშირისო ორგანიზაციის (IOM) ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭრით განხორციელდა.
აღჭურვილობის გადაცემის ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსი - ნიკოლოზ შარაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში - პაველ ჰერჩინსკი და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მესაზღვრეებს მადლობა გადაუხადა ერთგული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს - პაველ ჰერჩინსკისა და მიგრაციის საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელს - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს მხარდაჭერისა და მრავალწლიანი მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
დაკვირვების თანამედროვე სისტემები, რომლებიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე განთავსდა, მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებას, გააუმჯობესებს სასაზღვრო მონაკვეთების კონტროლის შესაძლებლობებს, რაც, თავის მხრივ, დანაშაულების გამოვლენასა და აღკვეთას შეუწყობს ხელს.
ევროკავშირი აქტიურად განაგრძობს საქართველოში საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესის მხარდაჭერას, რაც საზღვრის მართვის სისტემების განვითარებას და მოდერნიზებას გულისხმობს. აღნიშნული პროექტების მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება ინტეგრირებული საზღვრის მართვისა და მიგრაციის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სათანადო ხელშეკრულებებისა და სამოქმედო გეგმების, განსაკუთრებით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა რიკოთის უღელტეხილის მიმდებარე ტერიტორიაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გატარება დაიწყეს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად ახალი რეჟიმი ამოქმედდა, რომლის მიხედვითაც ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში დაშვებულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილების გადაადგილება.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე, გამართულ საავტომობილო მოძრაობას უზრუნველყოფენ და მგზავრთა უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე.
ასევე გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის საპატრულო ეკიპაჟების მიერ ავტოტრანსპორტის გატარების უზრუნველყოფა ხდება საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით: თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით, ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე-გომის მიმართულებით.
შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი კ.თ. თაღლითობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
 
დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, 7000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, საქართველოს მოქალაქეებს მექსიკის გავლით ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე არალეგალურად გადაყვანას ჰპირდებოდა, მათ თანხას წინასწარ ართმევდა, დანაპირებს კი აღარ ასრულებდა.
 
საერთო ჯამში, კ.თ.-მ, დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, თაღლითურად მიითვისა მოქლაქეების კუთვნილი 23 900 აშშ დოლარი და 2 600 ევრო.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1972 წელს დაბადებულ მ.შ.-ს.
 
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული ე.მ. ცხელ კვალზე დააკავა.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.