საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, არსებითი განხილვის შედეგად, უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილება, რომელთა საფუძველზეც, ტელეკომპანია „პირველს“ დაევალა პატრულ-ინსპექტორ გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა და მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტვ "პირველის" მიერ პატრულ-ინსპექტორის - გელა კვაშილავას შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური იყო. სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორისთვის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე, ტელეეთერში სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება დაავალა.
2021 წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი ფოტოსურათი, მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სიუჟეტის ავტორს განუმარტა, რომ იგი არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო მცდარი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით,
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით, თურქეთში მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა.

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებზე რეაგირების სამუშაოებში ჩართვის მიზნით საქართველოდან გაიგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან - 60 მეხანძრე-მაშველი, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.

ქართველი მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.

ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.

დღესვე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს, სულეიმან სოილუს თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო თანაგრძნობას უცხადებს.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი მზაობას გამოთქვამს, უწყება გვერდში დაუდგეს და დახმარება აღმოუჩინოს ადგილზე მომუშავე კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
 
„ბატონო მინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
 
 
ამ მძიმე წუთებში, მსურს, გამოვხატო ჩვენი თანადგომა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ამ კატასტროფის შედეგად დაზარალდა. აქვე მინდა, დაგიდასტუროთ ჩვენი უწყების მზაობა, გვერდში დავუდგეთ და დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილზე მომუშავე ჩვენს კოლეგებს სამაშველო ღონისძიებების განხორციელებაში.
კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას და ამ უდიდესი განსაცდელის ჟამს თანადგომას ვუცხადებ თურქ ხალხს“, - აღნიშნავს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ერთობლივი პროექტის - „ადამიანის უფლებები ყველასათვის - ფაზა 2“ - მმართველი კომიტეტის მეორე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
 
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში - ნიკ ბერესფორდმა, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) ადამიანის უფლებების საკითხებში უფროსმა მრჩეველმა სამხრეთ კავკასიაში - ვლადიმირ შკოლნიკოვმა და ევროკავშირის დელეგაციის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში - აგატა ნიბოიმ.
 
სიტყვით გამოსვლისას, მათ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები შეაფასეს და სამომავლოდ პროექტის მხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ პროექტის ფარგლებში მიღწეული პროგრესი შეაჯამა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა სამინისტროში მოქმედი შშმ პირთა უფლებების საკონსულტაციო ჯგუფის მუშაობის ეფექტურობას, ასევე, შსს-ს აკადემიაში დანერგილი შშმ პირთა უფლებების დაცვისა და კომუნიკაციის სტანდარტების სასწავლო მოდულისა და აღნიშნული მოდულის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთა კასკადური გადამზადების მნიშვნელობას. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აგრეთვე ისაუბრა შშმ პირთა სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობისა და სხვა რელევანტურ საკითხებზე ჩატარებული სწავლებების პოზიტიურ შედეგებზე.
 
ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს განვითარების პროგრამას, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს და ევროკავშირს მადლობა გადაუხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული მუდმივი მხარდაჭერისთვის.
 
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის მიზანია ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული ეროვნული პოლიტიკის განხორციელება და მონიტორინგი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მექანიზმების გაძლიერება და მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმისთვის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ძებნილი პირი - 2003 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს.
 
დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 იანვარს, თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, ერთ-ერთი ღამის კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა ორ პირს. დ.დ.-მ ასევე დაჭრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი - 1985 წელს დაბადებული ზ.გ., რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე სამსახურებრივ შემოვლას აწარმოებდა და შემთხვევის ადგილზე მივიდა. ბრალდებულმა მიმალვა შეძლო.
 
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა სამივე დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ შესაბამისი დახმარება გაეწიათ.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირის ვინაობა მალევე დაადგინეს და მასზე ძებნა გამოცხადდა. პოლიციამ დ.დ., ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში დააკავა.
 
სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 118-ე და 353 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში არაბთა გაერთიანებული საამიროების ახლად დანიშნულ ელჩთან - აჰმედ ალნუაიმისთან.
 
მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
 
ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა მხარეთა შორის საპოლიციო სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ხსენებული დოკუმენტი ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის სამართალდაცვით სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული მიმართულებებით ურთიერთობის გაძლიერებას.
 
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გაღრმავდება.

რეფორმის ფარგლებში, კანდიდატთა შერჩევის მიზნით, ცხადდება კონკურსი მართლწესრიგის ოფიცრის, გამომძიებლის და უფროსი გამომძიებლის 66 ვაკანტურ თანამდებობაზე შემდეგ დანაყოფებში:
• აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 15 ვაკანსია;
• გურიის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 2 ვაკანსია;
• სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 9 ვაკანსია;
• იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 6 ვაკანსია და უფროსი გამომძიებლის 2 ვაკანსია;
• სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 1 ვაკანსია;
• შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 4 ვაკანსია;
• ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 6 ვაკანსია და მართლწესრიგის ოფიცრის 16 ვაკანსია;
• კახეთის პოლიციის დეპარტამენტში - გამომძიებლის 5 ვაკანსია.
 
მართლწესრიგის ოფიცრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქეს, ხოლო გამომძიებლისა და უფროსი გამომძიებლის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა კანდიდატს ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება.
 
კონკურსთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და განაცხადის შესავსებად შეგიძლიათ ეწვიოთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდს - https://hr.police.ge

2022 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული დანაშაულის შესახებ მონაცემები. გასულ წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39%-ით (-1908 ფაქტი), მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა:

მკვლელობა;

მკვლელობის მცდელობა;

ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება;

თავისუფლების უკანონო აღკვეთა;

ყაჩაღობა;

ქურდობა, მათ შორის ბინის გაქურდვა და სხვ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს დანაშაულის გახსნის მატება, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალია და 62%-ს აღემატება.

მონაცემები უკვე გამოქვეყნდა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პორტალზე: info.police.ge.

აქვე გაგაცნობთ ერთ სიახლეს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლა ევროპული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც შემუშავდა მთელი რიგი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები.

ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში არსებული ინტერესის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ისეთ ინფორმაციას, როგორიც არის:

დანაშაულის სტატისტიკა;

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაცია;

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მონაცემები;

ოჯახში ძალადობის სტატისტიკა;

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა;

გაცემული მართვის მოწმობების შესახებ ინფორმაცია;

სამინისტროს საქმიანობას მიკუთვნებული ბევრი სხვა მონაცემი.

ხაზგასასმელია, რომ არ იცვლება დანაშაულის სტატისტიკის დამუშავების მეთოდოლოგია, თუმცა იცვლება ვადები და გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო დეტალური ხდება.

აღნიშნული ცვლილების მთავარი მიზანია დანაშაულის სტატისტიკის ანალიზის გაუმჯობესების შესაძლებლობა.

პრაქტიკული ანალიზით ცხადი გახდა, რომ სამართალდამცველების მიერ დანაშაულებრივი ფაქტის გამოვლენის, შემდეგ დანაშაულის გახსნის და დევნის დაწყების პროცესში ხშირია შემთხვევები, როდესაც ერთი თვის პერიოდი არასაკმარისია სრულყოფილი ანალიზისა და დასკვნებისთვის.

გამოქვეყნების ახალი წესი შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა, ის საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია უფრო დეტალურად გაეცნოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ბრძანება შემდეგი სახით ჩამოყალიბდა:

რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის, კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება​ წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად.

ხაზგასასმელია, რომ ყველა ჩამოთვლილი კატეგორიის მონაცემები გამოქვეყნდება ყოველი წლის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელი ფორმით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მონაცემების გამოქვეყნების ფორმისა და ვადების ცვლილება არ შეეხება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტს, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, თავისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზეც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ა.ს. ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ანგარების მოტივით განიზრახა საკუთარი ბებიის - 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის შეკვეთით მკვლელობა. მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის უნდა გადაეხადა 150 000 აშშ დოლარი. ა.ს.-მ პირს, რომელსაც უნდა შეესრულებინა მისი ბებიის მკვლელობა, დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით გაუგზავნა ბებიის ფოტოსურათი. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა გარკვეული თანხა, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილი თანხის გადახდას.
 
პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების, ასევე, ფარული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ა.ს. დააკავა.
 
ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე მუხლის „კ“ და „ნ“ ქვეპუნქტებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირები და უწყების თანამშრომლები.
 
შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა - თამარ გვარამაძემ.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის ფარგლებში გამოვლენილ გამოწვევებსა და მათი ერთობლივად გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
 
თამარ გვარამაძემ სახალხო დამცველის მანდატის ძირითადი ასპექტები, სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის სპეციფიკა და მიმდინარე საქმიანობა მიმოიხილა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები დასახეს.
სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის პროექტის - „საგარეო უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის მხარდაჭერა საქართველოში“ ორგანიზებით გაიმართა.