შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ (SAFE IBM) - ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის IBM პროგრამების უფროს მენეჯერთან - მასიმო რამანზინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიგრაციისა და საზღვრის მართვის მიმართულებით მოქმედი დანაყოფების საქმიანობის და არსებული საჭიროებების შესახებ.
ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ფარგლებში ახლად შექმნილი სტრუქტურული ერთეულის - საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს საქმიანობას, აგრეთვე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებს, საქართველოში მიგრაციის მართვისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მასიმო რამანზინსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავა, მათ შორის 18 ნარკორეალიზატორია. ამის შესახებ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 24 პირი დააკავეს.

ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის, უკანონო გასაღების მცდელობისა და უკანონო რეალიზაციის მომზადების ბრალდებით, თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 18 ნარკორეალიზატორი: 1975 წელს დაბადებული ა.გ., 1990 წელს დაბადებული ფ.ა., 1999 წელს დაბადებული ა. ა., 1998 წელს დაბადებული ჟ.ს., 1999 წელს დაბადებული მ.კ., 2003 წელს დაბადებული ლ.მ., 2001 წელს დაბადებული ვ.ბ., 1979 წელს დაბადებულ გ.თ., 2001 წელს დაბადებული ვ.ს., 1982 წელს დაბადებული გ.ჩ., ძმები - 2001 წელს დაბადებული ჯ.ჯ. და 2004 წელს დაბადებული ჯ.ჯ., 1973 წელს დაბადებული პ.ბ., 1997 წელს დაბადებული ნ.ს., 2003 წელს დაბადებული მ.ე., 1967 წელს დაბადებული ბ.ფ., 1999 წელს დაბადებული დ. მ., 1981 წელს დაბადებული რ.მ.

დანაშაულები 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო ნარკორეალიზაციისთვის ბრალდებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები. ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების უკანონო გასაღების შედეგად მიღებული თანხა. ამასთანავე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 3 პირი დააკავეს.

1977 წელს დაბადებული უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე ო.ა. დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის. 1986 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის ორი მოქალაქე - ი.ლ. და ი.პ. კი სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების ავტომანქანის და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ნახევარ კილოზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.

გარდა ამისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 3 პირი: 1976 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი ე.ბ., 1995 წელს დაბადებულ ა.ს. და 1970 წელს დაბადებული რ. ნ.

სამართალდამცველებმა, თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში, ნარკოტიკების ინტერნეტით უკანონო გასაღების ფაქტებიც აღკვეთეს და ყაზახეთის რესპუბლიკის 3 მოქალაქე დააკავეს. ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების გასაღებისთვის ბრალდებული პირები ჩართული იყვნენ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის სქემაში. მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ამოღებულ იქნა 2 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და ნახევარ კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინი“. ისინი, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილზე ათავსებდნენ ნარკოტიკებს და აღნიშნული ლოკაციების ადგილმდებარეობის ფოტოგადაღებას ახდენდნენ, შემდეგ კი სამალავების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას შემკვეთებს აწვდიდნენ.

სამართალდამცველებმა ბათუმში დააკავეს პირი, რომლის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 490 აბი „სუბუტექსი“. პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისათვის დააკავა კიდევ 2 პირი, რომელთაგან ერთ-ერთი - წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ასევე, დაკავებულების პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „ალფა პვპ,“ „კეტამინი“ და „სუბუტექსი“.

განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მომზადების, გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 273-ე, 18-260-ე და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს”, - განაცხადა კუპატაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონების სკოლებში შეხვედრები გრძელდება. სამინისტროს წარმომადგენლებმა, იმერეთის შემდეგ, შეხვედრები შიდა ქართლში, გორის 4 სხვადასხვა სკოლაში: ნიკო კეცხოველის სახელობის N1, N2, ასევე, N3 და ვაჟა-ფშაველას სახელობის N9 საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს.
 
საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
 
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საინფორმაციო-შემეცნებით შეხვედრებზე მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლები წარუდგინეს.
 
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
 
სკოლებში შეხვედრების პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის - ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, რეგიონებში გრძელდება საზოგადოებრივი ღონისძიებებიც.
 

„პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ (IACP) ორგანიზებითა და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ დალასში, საერთაშორისო კონფერენცია და გამოფენა გაიმართა, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია დაესწრო.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - ვაჟა სირაძე, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - სულხან თამაზაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - გრიგოლ ბესელია, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე - ლაშა გოგნიაშვილი, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის უფროსი- მარიამ ჭიკაიძე და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორი, ირინა აბრამიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ისეთ თემატურ ტრენინგებსა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში, როგორიცაა: მაღალი ხილვადობის მოვლენების შემთხვევების შესწავლა; საზოგადოებისა და პოლიციის ჩართულობა; კრიტიკული ინციდენტების მართვა და კრიტიკულ ინციდენტებზე რეაგირება; ინოვაციები პოლიციაში; ოფიცრის უსაფრთხოება და კეთილდღეობა; ორგანიზაციული კულტურა და ლიდერის უნარების განვითარება; საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კვეთა; ძალადობრივი დანაშაული და ა.შ.
დელეგაციის წევრები ასევე დაესწრნენ გამოფენას, სადაც მოინახულეს უახლესი ინოვაციები სამართალდაცვით სფეროში, მათ შორის - პრაქტიკული ექსპონატები, უწყვეტი საგანმანათლებლო სივრცეები, უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციები, ტაქტიკური აღჭურვილობა, სატრანსპორტო საშუალებები, სადაზვერვო ტექნოლოგიები და სხვ.
„პოლიციის ხელმძღვანელთა საერთაშორისო ასოციაციის“ ყოველწლიური კონფერენცია და გამოფენა წარმოადგენს წლის ყველაზე დიდ და მასშტაბურ ღონისძიებას სამართალდაცვით სფეროში, რომლის ფარგლებშიც 16000-ზე მეტი სამართალდამცველი ხვდება ერთმანეთს, უზიარებს გამოცდილებას, ეცნობა ახალ ტექნიკებსა და ტენდენციებს, იუმჯობესებს საკუთარ ცოდნასა და კომპეტენციას.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების, კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანია - „ემეგობრე პოლიციას“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, კიდევ ერთი საზოგადოებრივი ღონისძიება გურიაში, ოზურგეთში გაიმართა.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა ჩატარდა.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლევან ხარაბაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების ხელმძღვანელი პირები.
 
ღონისძიებაზე მისულ ყველა სტუმარს საშუალება ჰქონდათ, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის, მომსახურების სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საპატრულო პოლიციის, სასაზღვრო პოლიციის, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ სივრცეებში, გაცნობოდა აღნიშნული დანაყოფების საქმიანობას. სტუმრებმა ასევე, დაათვალიერეს მათი აღჭურვილობა და სპეცტექნიკა. ღონისძიებაზე მისულ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობაში მიეღოთ მონაწილეობა.
 
კამპანიის ფარგლებში კვლავ გრძელდება შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლების ვიზიტები სკოლებში. საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები იმართება მოსწავლეებთან, რომლის მიზანია ბავშვებსა და მოზარდებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამის (SCOPE) შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
 
სკოლის, საზოგადოებისა და პოლიციის თანამშრომლობის პროგრამა (SCOPE) ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. როგორც ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით არაერთი პრევენციული საპოლიციო ღონისძიება ტარდება, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევის თავიდან აცილება და აღკვეთა. აქედან გამომდინარე, უწყებისთვის, მნიშვნელოვანია მსგავსი პროგრამები, რომელიც ხელს უწყობს დანაშაულის პრევენციას, მოზარდებთან თანამშრომლობის და სამართლებრივი ცნობიერების გაზრდის გზით.
 
შეხვედრის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელმა - სარა რუპერტმა და საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა.
 
SCOPE პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოზარდებს შორის დანაშაულის შემცირება და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ხოლო კონფერენციის მიზანი იყო განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შეფასება.
 
ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ - თამარ მახარაშვილმა, სკოლის, საზოგადოების და პოლიციის პროგრამის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმადაც მხარეები არასრულწლოვანთა მიმართ/მიერ ჩადენილი დანაშაულების პრევენციის მიზნით ერთობლივ ღონისძიებებს განახორციელებენ.
 
კონფერენციის დასასრულს, პროგრამაში ჩართულ სამართალდამცველებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ ტაჯიკეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ტაჯიკეთის რესპუბლიკის პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დილბარო მანსური ხელმძღვანელობს.
ვიზიტი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანია მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებზე საქართველოს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო საქართველოში მოქმედი თავშესაფრის სისტემა, ასევე ესაუბრა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე.
დილბარო მანსურიმ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ტაჯიკეთის მხარისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტი ნაყოფიერი იქნება და მზაობა გამოთქვა, მომავალშიც გაგრძელდეს მხარეთა შორის თანამშრომლობა სხვადასხვა ფორმატში.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანში პოლიციის ახალი შენობა გახსნა. მინისტრის მოადგილემ პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებს თანამედროვე სტანდარტების პოლიციის შენობაში საქმიანობის გაგრძელება მიულოცა.
ვაჩიანში პოლიციის შენობა ამ დრომდე არ არსებობდა. ვაჩიანის პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული სამართალდამცველები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 19 სოფელსა და 11 000-მდე მოქალაქეს მოემსახურებიან.
ახლად აშენებული, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების შესანახი ოთახები, ასევე, თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი ოთახი და სპორტული დარბაზი.
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, ბოლო წლებში, საქართველოს მასშტაბით, უწყების დანაყოფებისთვის არაერთი ახალი შენობა აშენდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნისა და სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები იზრდება. მთავრობასთან კოორდინაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გათვალისწინებულია პოლიციის შენობების რემონტი, საპოლიციო ბაზების მშენებლობა-რემონტი, შეიარაღებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება. მოსახლეობისთვის საპოლიციო მომსახურების ხარისხის და ყველა თანამშრომლისთვის სამუშაო პირობების კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, ინფრასტრუქტურული პროექტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, 20:00 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. ამის შესახებ უწყება ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. 

"13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართება.",-  ნათქვამია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში 4 პირი დააკავეს.

 

1983 წელს დაბადებული ნ. ჯ. (მეტსახელად „ჯოჯიკა“), 1983 წელს დაბადებული გ. ა. (მეტსახელად „მავნე“) და 1977 წელს დაბადებული ვ. დ. "ქურდული სამყაროს" წევრობის, "ქურდული სამყაროს" საქმიანობის მხარდაჭერის და ჯგუფურად ჩადენილი ცემის ბრალდებით არის დაკავებული. ხოლო, 1997 წელს დაბადებული ა.ქ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის.

 

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრი ნ. ჯ. და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერი გ.ა., „კანონიერ ქურდ“ ოთარ კვარაცხელიას (მეტსახელად „კიმო“) დავალებით, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის თანამფლობელებს საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით მფარველობას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდაც მათგან გარკვეულ თანხას იღებდნენ. რამდენიმე ხნის შემდეგ, ბიზნესმენებმა შეწყვიტეს კრიმინალური ავტორიტეტებისთვის თანხის გადახდა, რის გამოც მათ შორის დავა წარმოიშვა.

 

ბრალდებულებმა, აღნიშნული დავის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, თბილისში მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა, რომელსაც „კანონიერი ქურდის“ - ოთარ კვარაცხელიას ძმა, „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერი ვ.დ.-ც ესწრებოდა.

 

,,ქურდული გარჩევის“ დროს, ნ.ჯ-მ და ვ.დ.-მ, დაშინებისა და ზემოქმედების მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ერთ-ერთ მოდავე ბიზნესმენს.

 

ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ბრალდებულებმა სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთ თანამფლობელს მოსთხოვეს ამავე კომპანიაში არსებული თავისი წილის ნახევრის ნ. ჯ.-ის სახელზე გადაფორმება, ხოლო მეორე ბიზნესმენს დააკისრეს 54 000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, მის საკუთრებაში არსებული ბინის და კომერციული ფართის გადაცემა, რისთვისაც რამდენიმე დღე განუსაზღვრეს.

 

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ, ცეცხლსასროლი იარაღი, 8640 აშშ დოლარი, „ბე-ემ-ვე“- ს მარკის ავტომანქანა და ნარკოტიკული საშუალება.

 

„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, ჯგუფურად ჩადენილ ცემის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.