„არასწორი ინფორმაციაა. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა და ამის ფაქტები გვაქვს“-ვახტანგ გომელაური ბაჩალიაშვილის საქმეზე

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ტყუილია თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის განცხადებები, თითქოს მასთან მიიტანეს გარდაცვლილის ტელეფონი, რომელიც დალუქული არ იყო.

მინისტრის თქმით, გარდაცვლილის პირადი ნივთები და მათ შორის მობილური ტელეფონი ადგილზე კამერების წინ დაილუქა და ამის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

„მე მგონია, რომ ეს არასწორი ინფორმაციაა. ყველაფერი კანონიერად გაკეთდა. იქვე დაილუქა ყველა ტელეფონი, გადაღებულია ეს, უწყვეტ კადრებს იღებდა ჩვენი საექსპერტო სამსახური. ყველაფერი გადაღებულია, ფაქტები გვაქვს. პროკურატურას გადავცემთ, თუ გადავეცით უკვე, აღარ მახსოვს. ადგილზე ამოღებული გარდაცვლილის ტელეფონი დაილუქა ადგილზე, კამერების წინ. რაც მას ჰქონდა თან. საიდან მოიტანა [სერგო შუბითიძემ], რომ ტელეფონი მერე მოუტანეს და დაილუქა, [მანამდე] გახსნეს და დალუქეს, ეს არის ჩემი აზრით ტყუილია. დაველოდოთ პროკურატურას“,- განაცხადა მინისტრმა.

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სერგო შუბითიძის მიერ ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემული ინტერვიუს საფუძველზე, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ის ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. თავდაპირველად საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა. მოგვიანებით, 2020 წლის დეკემბერში, პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყდა. როგორ უწყებაში განაცხადეს, მის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ოჯახი თვითმკვლელობის ვერსიას დღემდე არ იზიარებს.