შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები.

დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “ტექნიკური შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა ადამიანის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად” - მმართველთა კომიტეტის მეოთხე შეხვედრაში. პროექტი “ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)” - ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ, პროექტის ფარგლებში გაწეული ტექნიკური დახმარება და მიღწეული შედეგები განიხილეს.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ - კატალინ გერმანმა, და „UNOPS”-ის წარმომადგენელმა.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში გადმოცემული სხვადასხვა სახის აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქართველ სამართალდამცავთა შესაძლებლობებს ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით როგორიცაა: კიბერ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, საგზაო უსაფრთოხება და სხვა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და გაეროს პროექტების მომსახურების ოფისს (UNOPS) გადმოცემული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფისთვის.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზაობა გამოთქვეს.
აღნიშნულ პროექტს გაეროს პროექტების მომსახურების ოფისი (UNOPS) 2020 წლიდან ახორციელებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ქვეყნის უსაფრთხოების სექტორში ჩართული სახელმწიფო უწყებების ეფექტიანი და ანგარიშვალდებული მმართველობის ხელშეწყობა, როგორც თანამედროვე აღჭურვილობის, მაღალ-ტექნოლოგიური პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის მიწოდებით, ისე საგანგებო და კატასტროფებზე რეაგირების ორგანოების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ UNFPA-სთან თანამშრომლობით, ტრადიციულად, პირველ ივნისს, საინფორმაციო კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დაიწყო.

კამპანია ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგაა მიმართული.

კამპანიის უმთავრეს მიზნებს ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების აღმოფხვრა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ასევე, ამ კატეგორიის დანაშაულების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა წარმოადგენს. კამპანია, უკვე მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით ხორციელდება.
კამპანიის გახსნით ღონისძიებაზე, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვედეთის სამეფოს ელჩმა საქართველოში - ულრიკ ტიდესტრომმა, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ. ამასთანავე, ღონისძიების ფარგლებში, ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ პრევენციისა და ბრძოლის მნიშვნელობაზე ისაუბრეს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა, მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს უფროსმა, მაკა ფერაძემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, ლონდა ბიჭიკაშვილმა, გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ.
ღონისძიებაზე ასევე მოწვეული იყვნენ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა შეხვედრაზე წარადგინა პრეზენტაცია და სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. გარდა ამისა, გახსნით ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადებული ვიდეორგოლი.
ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციის და გამოვლენილ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ყოველდღიურ რეჟიმში, მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს ბავშვთან ქორწინების შესაძლო მოტივით ჩადენილ შემთხვევებს. სწორედ მონიტორინგის ეტაპზე გამოვლენილი გამოწვევები წარმოადგენს სხვადასხვა თემატური აქტივობების დაგეგმვის საფუძველს.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება და მოიცავს არაერთ ღონისძიებას, მათ შორის, დაგეგმილია, საინფორმაციო პოსტერების განთავსება საქართველოში არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში, ასევე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები არაერთ რეგიონში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან გამართავენ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს.
კამპანიის ფარგლებში, დაიბეჭდა საინფორმაციო პოსტერები, ასევე, დამზადდა მაისურები, ჩანთები და სხვა ბრენდირებული მასალები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდებათ სკოლის ადმინისტრაციებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს. კამპანიის ფარგლებში აგრეთვე გაიმართება ნახატების კონკურსი.

აღნიშნული კამპანია გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე აღნიშნა. საზეიმო ღონისძიება, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასთან გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილი, მთავრობის წევრები, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სამინისტროს თანამშრომლები დააჯილდოვა.

სიტყვით გამოსვლისას ვახტანგ გომელაურმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მთავრობის მხარდაჭერით, მუდმივად ზრუნავს პოლიციელთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მათი ანაზღაურების გაზრდაზე, პროფესიული უნარების განვითარებაზე, ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, ინფრასტრუქტურის, ავტოპარკის, ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლებაზე.

„დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელის დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იცავთ საკუთარი ქვეყნის სახელმწიფო საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს, იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის გადასარჩენად, ქმნით ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოს და მშვიდობიან მომავალს.

დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის.

ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

მეამაყება, რომ დღეს საქართველოს ჰყავს ძლიერი, პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული, კანონის აღსრულებასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ორიენტირებული პოლიცია.

მე, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, არ დავუშვებ ღირსეული პოლიციელების დისკრედიტაციას და ყოველთვის ვიქნები თქვენი პატივისა და ღირსების ობიექტური, სამართლიანი დამცველი.

პოლიციელებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს.

ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაშია. გარწმუნებთ, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით, ერთობლივი შემართებით შევძლებთ ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უფლებებისა და თავისუფლების დაცვას.

ღირსეულად შეგესრულებინოთ თქვენზე დაკისრებული მოვალეობები და ყოველი სამუშაო დღის შემდეგ ოჯახებს უსაფრთხოდ, მშვიდობიანად, უვნებელი დაბრუნებოდეთ.

წარმატებებს გისურვებთ სამშობლოსა და ხალხის სამსახურში,“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სიტყვით გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ღვაწლზე ისაუბრა და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

„სამწუხაროდ, არაერთი ღირსეული პოლიციელი დაიღუპა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას. სწორედ ასეთი პოლიციელების დაუვიწყარ ღვაწლსა და გმირულ მაგალითებზე დგას ქართული სახელმწიფო, მათ გზას განაგრძობს ქართული პოლიცია,“ - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის შემდეგ, პოლიციელებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

„პოლიციელის დღეს გილოცავთ ყველას, ჩემო ძვირფასო, ჩვენო საამაყო პოლიციელებო! მე პროფესიულ დღეს ვულოცავ შინაგან საქმეთა მინისტრს, სამინისტროს ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და ხელისუფლება ერთად ვაძლიერებთ ჩვენს სახელმწიფოს, ვისწრაფვით თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს შექმნისკენ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და, რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგი, ეს არის ჩვენი მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი და, რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი. თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული. ამიტომ, თქვენთან ერთად, ამ დღეს ვულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის. სამწუხაროდ, არაერთმა თქვენმა გმირმა კოლეგამ და მეგობარმა ყველაზე ძვირფასი გაიღო, სიცოცხლე გაიღო სხვათა გადასარჩენად. დღეს, თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ თქვენს გმირ თანამებრძოლთა ნათელ ხსოვნას.

ჩვენი ხელისუფლების ვალდებულებაა თქვენი შრომის ღირსეული დაფასება. თქვენ იმსახურებთ ყველაფერ საუკეთესოს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი მთავრობის თანადგომა და ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს ჩვენი ძალისხმევა. თქვენ იცით, როგორი ძვირფასია ჩემთვის ქართული პოლიცია, ეს სამინისტრო. მე მქონდა პატივი და ბედნიერება, მემსახურა თქვენთან ერთად ამ სამინისტროში. მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს, კიდევ ერთხელ, მაქვს შესაძლებლობა, გამოვხატო ჩემი უდიდესი პატივისცემა თქვენდამი. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას, პატივისცემას. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს. გისურვებთ წარმატებებს, კეთილდღეობას და გამარჯვებას. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

“ჩემთვის, როგორც პოლიციელის შვილისთვის დიდი პატივია მოგილოცოთ პოლიციელის დღე.

დიდი პატივი და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაა იყო პოლიციელი და 24 საათიან რეჟიმში ემსახურო საკუთარ სამშობლოსა და ხალხს. წლების განმავლობაში ქართული პოლიცია თანამედროვე შესაბამისად აღჭურვილ, კვალიფიციურ და ევროპული სტანდარტების ძალად ჩამოყალიბდა.

ქართული პოლიცია და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა სამაგალითოა რეგიონში და რეგიონს გარეთ ბევრი ქვეყნისთვის. თქვენ ყოველ დღე რისკავთ თქვენს სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იმისთვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. უკანასკნელ პერიოდში არაერთხელ გავხდით ჩვენი პოლიციელების პროფესიონალიზმის მოწმენი. სწორედ თქვენი დამსახურებაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, სტაბილურობა, ასევე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა. წამყვანია თქვენი როლი სახელმწიფოებრივი წესრიგის, კანონის აღსრულებისა და სამართლიანობის უზრუნველყოფაში. თქვენი დამსახურება და კვალიფიკაცია აღიარებულია ევროპული ინსტიტუტების მიერ, რომლებიც სასამართლო პრეცედენტებით ადასტურებენ, რომ თქვენი მოქმედებები სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნებს.

დიდ მადლობას გიხდით ყველა პოლიციელს, ვინც დაუღალავად და თავდადებით ასრულებთ თქვენს მოვალეობას ოჯახის, შვილების, ქართული საზოგადოებისა და მთლიანად ქვეყნის წინაშე.

დღეს აგრეთვე ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლეს შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იმ შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასთვის თვალსაჩინოა - ქვეყანაზე და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნველი პოლიცია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეული დანაყოფი. ვამაყობ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 30 მაისს პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დროს, 08:30 საათიდან 21:00 საათამდე წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ - მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
მოძრაობა შეიზღუდება კახეთის გზატკეცილიდან ნოე რამიშვილის ქუჩის მიმართულებითაც.
აღნიშნული შეზღუდვები გაუქმდება 30 მაისს 21:00 საათზე.
31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, კახეთის გზატკეცილზე 09:00 საათიდან 12:30 საათამდე ავტომობილების მოძრაობა კვლავ შეიზღუდება.
კერძოდ, წულუკიძის მოედნიდან ჩამომსვლელ - მ. ლაღიძის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.
ავტომანქანები იმოძრავებენ 17 შინდისელი გმირის ქუჩის გავლით, ჯავახეთის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, კახეთის გზატკეცილზე, ჯავახეთის ქუჩაზე ამომავალი პანდუსი დაიკეტება და ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ჯავახეთის ქუჩაზე, მოსკოვის გამზირის მიმართულებით.
ქალაქის ცენტრის მიმართულებით მიმავალ ავტომობილების ნაკადს გადაადგილება შეეძლება კახეთის გზატკეცილიდან ჯავახეთის ქუჩისკენ ჩამსვლელი პანდუსით.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ 30 და 31 მაისს, მოქალაქეები საპოლიციო სერვისების მიღებას შეძლებენ მ. ლაღიძის ქუჩაზე განთავსებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ექსპრეს ფილიალის საშუალებით 09:00 საათიდან - 18:00 საათამდე.
ასევე, დისტანციურად მომსახურების მიღება შესაძლებელი იქნება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატელეფონო მომსახურების ცენტრის საშუალებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უმასპინძლებს.

26 მაისისთვის მზადების პროცესი დილიდან აქტიურად მიმდინარეობს.

დამოუკიდებლობის დღისთვის მზადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე ადგილზე გაეცნო.

ღონისძიება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართება, 14:00 საათიდან დაიწყება. ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები.

17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.

ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ერთიანი საზეიმო ღონისძიების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს ბათუმში უმასპინძლებს.
 
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხვალ, 14:00 საათიდან დაიწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეცტექნიკა, აღჭურვილობა და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.
 
ღონისძიების ფარგლებში ბავშვებისთვის არაერთი თემატური საინფორმაციო-შემეცნებითი აქტივობაა დაგეგმილი, მოწყობილი იქნება გასართობი სივრცეები:
 
  • საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება „ჭკვიანი ქალაქის“ კონცეფცია, ქალაქში მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. დეპარტამენტის თანამშრომლები ადგილზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახალისო აქტივობის შესრულებაში დაეხმარებიან;
 
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი - „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობას შესთავაზებს, საიდანაც შეიტყობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში, ასევე ღონისძიებაზე მისულ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესულ რეალურ ზარებს მოუსმინონ;
 
  • საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ მოწყობილი იქნება იმიტირებული შემთხვევის ოთახი, სადაც ბავშვებმა უნდა აღმოაჩინონ ნივთმტკიცებები და მენტორებთან ერთად მოახდინონ მისი ამოღება და სწორად დალუქვა;
 
  • მომსახურების სააგენტო პატარა დამთვალიერებლებს იმიტირებულ ქალაქში უმასპინძლებს და მათ ველოსიპედის მართვის მოწმობის ასაღებად სახალისო, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას შესთავაზებს. მოეწყობა საინფორმაციო კუთხე, სადაც სააგენტოს თანამშრომლები სტუმრებს ონლაინ სერვისების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
 
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური წარმოადგენს საინფორმაციო-შემეცნებით შოუს მეხანძრე-მაშველების მონაწილეობით, ასევე ბავშვებისთვის მოეწყობა „დაბრკოლებათა ზოლი“, საცოცი კედელი და სხვადასხვა გასართობი აქტივობა;
 
  • სასაზღვრო პოლიცია წარმოდგენილი იქნება, როგორც სანაპირო, ასევე სახმელეთო სპეცტექნიკითა და აღჭურვილობით;
 
  • დაცვის პოლიცია პატარა სტუმრებისთვის მოაწყობს იმიტირებულ დაცულ სახლს და მათ სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას შესთავაზებს, რომელიც მოიცავს ხატვისა და ძერწვის სახალისო გაკვეთილებს. მენტორების დახმარებით ბავშვები მოირგებენ დაცვის პოლიციის აღჭურვილობას და პოლიციელის ფუნქციას შეასრულებენ;
 
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენს იმიტირებულ თეორიულ გამოცდას, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუმრები ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილ სივრცეში გადაინაცვლებენ;
 
17:10 საათზე, ზუსტად იმ დროს, როდესაც 1918 წელს ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, გაჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
ღონისძიება საღამოს კონცერტით დასრულდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს ახლად დანიშნულ უფროსთან - რაჟდენ კუპრაშვილთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
ვახტანგ გომელაურმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, ასევე - თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების შესახებ იმსჯელეს.
ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მუდმივად ხდება ანტიკორუფციული მიმართულებით თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.
23 მაისს, 00:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პირველი რესპუბლიკის მოედანზე.
ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.
ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.
მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით.
ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.
ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.
ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოებისა და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ.
საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.
27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია, ისრაელის ეროვნული პოლიციის კომისრის - იაკოვ შაბთაის ხელმძღვანელობით, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური შეხვდა.
შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გრიგოლ ლილუაშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე - ლევან ახობაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისრაელი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, შესაბამისად საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისრაელთან სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაფართოება და გამყარება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება საქართველოს პოლიციის ატაშეს წარგზავნა ისრაელის სახელმწიფოში და მადლიერება გამოხატა ისრაელის მხარის მიმართ ქართველი პოლიციის ატაშეს მიღებაზე გამოხატული მზაობისთვის.
შეხვედრის ფარგლებში იაკოვ შაბთაიმ აღნიშნა, რომ ისრაელის მხარე მზადაა საქართველოსთან განაგრძოს ინტენსიური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდება. ისრაელის ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა მათი მუშაობის სპეციფიკას.