შსს-ს თანამშრომლებმა კამპანიის - ”ნუ წაართმევ ბავშვობის” ფარგლებში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლები, სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფებისა და სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის წარმომადგენლებთან ერთად, აჭარის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 500-მდე მოსწავლეს შეხვდნენ.


საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბავშვობის ასაკში ქორწინება და საზიანო პრაქტიკები, არსებული გამოწვევები, ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულებისადმი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიდგომები. ასევე, მოსწავლეებთან ყურადღება გამახვილდა ამ კატეგორიის დანაშაულების აღმოფხვრის თვალსაზრისით საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობასა და პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საშუალებებზე.


კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ყველა საჯარო და კერძო სკოლაში განთავსდა საინფორმაციო ხასიათის პოსტერები. პოსტერებზე ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და პოლიციისადმი მომართვის გზებზე მოსწავლეებისთვის საჭირო ინფორმაციაა დატანილი.
კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ მეოთხე წელია, გაეროს მოსახლეობის ფონდთან (UNFPA) თანამშრომლობით იმართება. მისი მიზანია ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ასევე, აღნიშნული კატეგორიის საქმეების შესახებ სამართალდამცველებისთვის დროული შეტყობინების უზრუნველყოფა.