შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 3 პირი: პირველი სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე 1975 წელს დაბადებული ზ.ბ. , 1962 წელს დაბადებული ხ.ს. და 1992 წელს დაბადებულ გ.ს. დააკავეს.
დანაშაულები 2-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის და სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტებზე, რომელსაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი მოჰყვა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
ნანგრევებიდან ამ ეტაპზე მეხანძრე-მაშველების მიერ ამოყვანილია ორი მოქალაქე, რომლებიც გადაყვანილი არიან საავადმყოფოში, ასევე ნანგრევებში ნანახი იქნა ხუთი ცხედარი. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, როგორც საძიებო-სამაშველო ღონისძიებები, ასევე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ადგილზე სამძებრო და სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. გვიან ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან 4 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

რამდენიმესაათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან 2 დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ბათუმში მიმდინარე სამაშველო და სამძებრო ღონისძიებების ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი, რომლებიც პირადად ხელმძღვანელობენ სამაშველო ოპერაციას.

შემთხვევის ადგილზე, ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და საძიებო-სამაშველო ღონისძიებები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

 

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე საქართველოში მონტენეგროს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს (რეზიდენციით კიევი) - დრაგიცა პონორაცს შეხვდა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას - „საქართველოს მთავრობასა და მონტენეგროს მთავრობას შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“.
აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლის მიმართულებით.
შეხვედრის ფარგლებში, ალექსანდრე დარახველიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის საკითხებში თანამშრომლობას, როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე, მესამე ქვეყნებთან, საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სახელმწიფოებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა მხარეთა შორის აქტიური სამუშაო ვიზიტების განხორციელების საკითხი, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა და ყაზახეთის ელჩმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თადარიგის პოლიციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა გადაეცემათ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოიცა.
თადარიგის პოლიციელის მოწმობა სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათია, რომელიც სამინისტროს იმ ყოფილ 10 000-მდე თანამშრომელს გადაეცემა, რომელთაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის - თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემის მიზანია უწყების ყოფილი თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
თადარიგის პოლიციელის მოწმობის მისაღებად ყოფილ თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შს სამინისტროდან დათხოვნილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).
სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას.
ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა.
 
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის - ქეთევან კოვზიაშვილის ბრიფინგი
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ.
საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
კერძოდ:
სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე N30 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ყვარლის რაიონული სამმართველოში, N10 საარჩევნო უბანთან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, N22 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობას გულისხმობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანში მდებარე N50 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
ასევე, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება გარდაბანში, გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით.
ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
ასევე, 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.
პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარის ოდენობით.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2 პირი, ლანჩხუთში - 1 პირი და თბილისში 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურად თანამშრომლობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან.

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
 
მისამართი: თბილისი, გულუას 10 (შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).