შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და გასაღების ბრალდებით, სხვადასხვა დროს, თბილისში 5 პირი დააკავეს.
დანაშაულები 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.გ. თბილისში დააკავეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკისას, “ჩეზეს“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ასევე, დაკავებულია 1982 წელს დაბადებული დ.დ., რომელიც ცეცხლსასროლ იარაღებს ყიდულობდა, იფორმებდა თავის სახელზე, შემდეგ იარაღის საიდენტიფიკაციო ნომერს შლიდა და სხვადასხვა პირებზე მის მართლსაწინააღმდეგო რეალიზაციას ახდენდა.
პოლიციამ, დაკავებული დ.დ.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 3 სანადირო თოფი, 8 მჭიდი, 5 636 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და მის სახელზე გაცემული იარაღის 72 სარეგისტრაციო მოწმობა ამოიღო.
სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1978 წელს დაბადებული დ.ბ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი“, „ბრაუნინგის“ ტიპის პისტოლეტი, 9 ვაზნა და 1 მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ, 1992 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ნ.დ.-ს და 1981 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.
პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, „A.T.C MOD 5“-ის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 5 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია სახელმწიფო დროშები.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე სექსუალური ძალადობის გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის სახელმძღვანელოს პრეზენტაციას დაესწრო.
სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „თანასწორობა ახლას“ მიერ შემუშავდა, რისთვისაც მინისტრის მოადგილემ პარტნიორ ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა. სახელმძღვანელო მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის საქმეების ხარისხიანი გამოძიებისათვის საჭირო ცოდნის, უნარების გაუმჯობესებას, მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომების გამოყენებას და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოებისთვის საქმეების ეფექტიანად მომზადებას.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა სექსუალური ძალადობის დანაშაულების გამოძიების თავისებურებებსა და ამ მიმართულებით მართლმსაჯულების ყველა ეტაპის გენდერულად მგრძნობიარე მეთოდოლოგიით განხორციელების აუცილებლობაზე. მან აღნიშნა, რომ ამ მიზნების მისაღწევად, სახელმძღვანელოს შემუშავება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტია.
მინისტრის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ სახელმძღვანელოს საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი გამოძიების წარმოების თემაზე გამომძიებელთა სპეციალიზაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში, სამინისტროს ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების 127 გამომძიებელი და 10 ტრენერი უკვე გადამზადდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე, სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი სპეციალიზებული გამომძიებლებით სრულად დაკომპლექტდება.
სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - „ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია „თანასწორობა ახლას“ ხელშეწყობით მომზადდა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2020 წლიდან ხორციელდება.

დღეს, 22 სექტემბერს, 18:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, თაღლითური სქემის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ ახალი ონლაინკურსის პრეზენტაციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს, ასევე, პარტნიორი უწყებების წარმომადგენლებს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში ნატალია ვუტოვა და გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი.
სასწავლო კურსი გამომძიებლებისთვის, პროკურორებისა და მოსამართლეებისთვისაა განკუთვნილი. სწავლების მონაწილეებმა ყურადღება გაამახვილეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის აქტუალურ საკითხებსა და იმ ღონისძიებებზე, რომლებიც აღნიშნული კატეგორიის დანაშაულების წინააღმდეგ საბრძოლველად ხორციელდება.
დისტანციური სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებსთვის ევროპაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის და სიძულვილის ენის უკეთ გაგებაში დახმარება.
კურსი შედგება ხუთი მოდულისგან. სწავლება ინტერაქტიულად განიხილავს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის შესახებ არსებულ კომპლექსურ პრობლემებზე.
HELP-ის დისტანციური სწავლების კურსი - „სიძულვილით მოტივირებული დანაშაული და სიძულვილის ენა“ ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებისათვის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაიწყო ორდღიანი სწავლება, თემაზე - „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა“.
ტრენინგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - პეტრ მიკისკამ გახსნეს. სწავლების გახსნით ღონისძიებას ასევე დაესწრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი - ივანე პაპიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი - ეკატერინე მაჭავარიანი.
ალექსანდრე დარახველიძემ და პეტრ მიკისკამ ტრენინგის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს.
სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება. ტრენინგს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე ოთხი ჩეხი ექსპერტი უძღვება.
სასწავლო კურსის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კიბერუსაფრთხოების კუთხით უწყებათშორისი თანამშრომლობა, ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების სტრატეგია და ამ მიმართულებით მესამე ქვეყნებთან თანამშრომლობა.
ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მუშაობის სპეციფიკას გაეცნო და სასწავლებლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის ფიზიკური მომზადების დარბაზი და ტირი. პეტრ მიკისკა ასევე დაესწრო სიმულაციურ სწავლებას.
სწავლების მთავარი მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით და ჩეხური მხარის გამოცდილების გაზიარება. სამომავლოდ დაგეგმილია ქართველი ექსპერტების საპასუხო ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და ცესკოს სწავლების ცენტრის თანამშრომლობით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირებისთვის ჩატარდა​ ონლაინტრენინგი - „არჩევნები და უსაფრთხოება“.
 
 
ონლაინკურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ელექტრონული სწავლების პლატფორმის მეშვეობით, 2 დღე გრძელდებოდა და მასში სამინისტროს 879 თანამშრომელი მონაწილეობდა.
 
 
ტრენინგს, რომლის მიზანი იყო საარჩევნო თემატიკაზე სამართალდამცველების ცოდნის გაღრმავება და ცნობიერების ამაღლება, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
 
 
სწავლების მონაწილეები, წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს საარჩევნო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რისკების იდენტიფიცირების, პრევენციული ღონისძიებებისა და დარღვევებზე რეაგირების მექანიზმების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციებს გაეცნენ. ტრენინგში მონაწილე პოლიციელები ასევე გაეცნენ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებას და აღნიშნულ ბრძანებაზე თანდართულ ინსტრუქციებს, რომელთა თანახმადაც, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები. ამასთანავე, განსაზღვრულია პოლიციელის მიერ პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპის მკაცრად დაცვის ვალდებულება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისსა და ქუთაისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ტ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, "ტტ"-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 4 მჭიდი და 22 ვაზნა ამოიღეს.
ასევე თბილისში დააკავეს 1995 წელს დაბადებული ი.ბ. ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა. პოლიციამ, მისი პირადი ავტომობილის ჩხრეკისას, კუსტარულად დამზადებული პისტოლეტი, მჭიდი და 4 საბრძოლო ვაზნა ამოიღო.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული გ.ს. დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ცაგერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1 პირი - 1972 წელს დაბადებული შ.მ. დააკავა.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული შ.მ. ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე “საქართველოს ბანკის" ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.
 
ადგილზე დაუყოვნებლივ მოხდა პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მობილიზება და დაიწყო ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს.