შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული გ.ტ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ გ.ტ. მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, დაყაჩაღების მიზნით შეიჭრა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიმალვა სცადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო მოქმედებების შედეგად, იგი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე წუთში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დაკავებულია 13 პირი: 1985 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ბ.ქ., 1979 წელს დაბადებული ნ.მ., 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევი გ.ვ., 1957 წელს დაბადებული ზ. ლ., 1991 წელს დაბადებული ა.გ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ბ., 1966 წელს დაბადებული ზ.პ., 1994 წელს დაბადებული ლ. ა., 1960 წელს დაბადებული ზ. თ., 1976 წელს დაბადებული ი.ლ., 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ. ს., 1993 წელს დაბადებული ა.ხ. და 1971 წელს დაბადებული ა.ჯ.
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ბ.ქ.-ის საცხოვრებელ სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 171 საბრძოლო ვაზნა.
კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1982 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ს. კასპის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, "ტტ"-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 12 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ნ.მ. ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადამოწმების მიზნით, ავტომანქანით გადაადგილების დროს შეაჩერეს. პოლიციამ, მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „საიგას“ ფირმის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 10 საბრძოლო ვაზნა.
რაც შეეხება, 1980 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ გ.ვ.-ს, გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, მის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ეფ-1“-ის ტიპის ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია.
წყალტუბოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი წარსულში ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ა.ბ.-ს დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „აკა-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 2 საბრძოლო ვაზნა .
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ თელავში, 1957 წელს დაბადებული ზ.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის, ეზოს და ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, "ეფ 1"-ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის ყვარლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული ა.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, "ეფ-1" -ის ტიპის ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 1971 წელს დაბადებული ა. ჯ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და მცირეკალიბრიანი სანადირო შაშხანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზ.თ-ს საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოს ჩხრეკისას 1 ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, 1966 წელს დაბადებული ზ.პ.-ის პირადი ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 17 ვაზნა ამოიღეს, ხოლო 1976 წელს დაბადებული ი.ლ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია: “ტიგრის” და “ტოზის” მოდელების შაშხანები, 5 მჭიდი, 61 საბრძოლო ვაზნა და აკუსტიკური პისტოლეტი.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული ა.გ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კიდევ ერთი დაკავებულის - 1994 წელს დაბადებული ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 193 საბრძოლო ვაზნა.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების ხელშემწყობი დანაშაულების აღმოფხვრისა და ამ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების, ასევე, აღნიშნული დანაშაულის შესახებ სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით, საინფორმაციო კამპანიის, სახელწოდებით - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა.
 
ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა - გიორგი ოსაძემ, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა - ლელა ბაქრაძემ და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ხელმძღვანელმა, ნინა ხატისკაცმა.
 
ღონისძიებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია კამპანიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების თაობაზე.
საინფორმაციო კამპანია ორი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პარტნიორი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად თემატური შეხვედრები გამართეს თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან.
კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ხასიათის რამდენიმე ვიდეო-რგოლი, რომელთა მთავარ გზავნილს წარმოადგენდა სხვადასხვა რელევანტური უწყებების მხრიდან ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ სახელმწიფოს მკაცრი პოლიტიკის შენარჩუნებაზე და უწყებებს შორის კოორდინირებულ მუშაობაზე ხაზგასმა.
 
ასევე, დაიბეჭდა მიზნობრივი ბუკლეტები და პოსტერები ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას მიეწოდათ სკოლის ადმინისტრაციულ წარმომადგენლობებსა და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებს/პირებს.
დასკვნით ღონისძიებაზე, კამპანიის მიმდინარეობისას გამოცხადებული ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთაც ჯილდოები გადაეცათ. გარდა ამისა, გაიმართა თემატური ვიდეო-რგოლის პრეზენტაცია.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. კამპანიას მხარს უჭერდნენ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი, და არბაითერ - სამარიტერ - ბუნდი(ASB).

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს მასობრივი განადგურების იარაღთან დაკავშირებული კიბერდანაშაულის გამოძიების საკითხებზე უწყებათშორის სწავლებაში, რომელიც აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) ორგანიზებით ჩატარდა. ტრენინგს გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინსტრუქტორები და უცხოელი ექსპერტები უძღვებოდნენ.
სწავლების დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, აშშ-ის ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე - აკაკი საღირაშვილი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე - ალექსი ბატიაშვილი, რომლებმაც მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: მასობრივი განადგურების იარაღი და კიბერსაფრთხეები, ციფრული მტკიცებულებების შენახვა, ღია წყაროებიდან ინფორმაციის მოძიება, გამოძიების მეთოდები მობილური მოწყობილობის გამოყენებით და სხვ.
სწავლებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გარდა, მონაწილეობდნენ ფინანსთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები.
თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA) აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციას, საერთაშორისო თანამშრომლობას, ასევე, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ღონისძიებებს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლის - გელა კვაშილავას და ტელეკომპანია "პირველს" შორის მიმდინარე დავაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიის მიერ გავრცელებული, პატრულ-ინსპექტორის ღირსებისა და პატივის შემლახველი ინფორმაცია ცილისმწამებლური იყო. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ ტელეკომპანიას პატრულ-ინსპექტორის მორალური ზიანის ანაზღაურება, ასევე შაბათის გადაცემის ეთერში დაავალა გამოაქვეყნოს ცნობა სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ.
მიმდინარე წლის 30 იანვარს, ტელეკომპანია "პირველმა" შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაური - გელა კვაშილავა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადატანაში დაადანაშაულა, ასევე, ამავე ტელეკომპანიამ გამოაქვეყნა მისი სურათი, მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ავტორს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა განუმარტა, რომ არასწორ ინფორმაციას ფლობდა.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს ათეულის მეთაურმა - გელა კვაშილავამ ტელეკომპანია "პირველის" მიერ მის შესახებ გავრცელებული ცრუ და დაუსაბუთებელი ინფორმაციის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი მიმდინარე წლის თებერვალში შეიტანა.
სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე კვაშლავას ინტერესების დამცველის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები უტყუარად სცნო, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ გელა კვაშილავას შემხებლობა არ ჰქონდა ნარკოტიკების ტრანსპორტირებასთან, ტელეკომპანია „პირველმა“ კი იცოდა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაცია იყო არასწორი და საზოგადოება შეგნებულად შეიყვანა შეცდომაში.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი კონფერენციის - „ქალები პოლიციაში“ დახურვის ცერემონიას დაესწრნენ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცეს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ კელი დეგნანს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ქალი პოლიციელების როლს გენდერულად მგრძნობიარე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებისა და მშვიდობის განმტკიცებაში ქალ-სამართალდამცველთა ჩართულობის მნიშვნელობაზე.
 
ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქალი პოლიციელების ხსოვნას.
 
4-დღიანი კონფერენციის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის წარმომადგენლებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: ქალი სამართალდამცველების მუშაობის სპეციფიკა და მათი გამოწვევები, ქალი პოლიციელების როლი გენდერული თანასწორობის, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პრევენციაში, ქალი სამართალდამცველების ჩართულობის მნიშვნელობა მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, ასევე, ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.
 
ღონისძიება მიზნად ისახავდა სამართალდამცველთა შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი მოტივაციის ამაღლებას.
 
კონფერენცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული ვ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
 
 
დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გლდანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2000 წელს დაბადებულ გ.მ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია.
 
სამართალდამცველებმა ვ.გ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
 
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამერიკულმა ორგანიზაცია "Gallup" -მა - გლობალური გამოკითხვების ანალიტიკურმა ცენტრმა 2021 წლის კანონისა და წესრიგის ინდექსი გამოაქვეყნა. აღნიშნული ინდექსის მიხედვით, საქართველომ შეფასების 100-ბალიანი სისტემით 88 ქულა აიღო და გერმანიასთან, შვედეთთან და მალტასთან ერთად, მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა.
ინდექსი ეფუძნება გლობალურ გამოკითხვას, რომლის მეშვეობითაც შეფასებულია ადამიანების პირადი უსაფრთხოება და მათი საკუთარი გამოცდილება დანაშაულსა და სამართალდამცავ ორგანოებთან მიმართებაში.
რესპონდენტებმა გამოკითხვისას უპასუხეს კითხვებს პოლიციის მიმართ ნდობის, ღამით დაცულობის, ბოლო ერთ წელში გადახდენილი ქურდობის, თავდასხმის ან ძარცვის შემთხვევების შესახებ.
2021 წლის კანონისა და წესრიგის გლობალური ანგარიში წარმოადგენს "Gallup"-ის უახლესი კვლევის შედეგებს, რომელიც 120 000-ზე მეტი სრულწლოვანი მოქალაქის ინტერვიუებს ეფუძნება. გამოკითხვა 115 ქვეყანასა და რეგიონში ჩატარდა. კვლევა ასევე შეიცავს 51 ქვეყანაში ჩატარებული საველე სამუშაოების მონაცემებს.
ორგანიზაცია "Gallup" ერთ-ერთია იმ 30-მდე საერთაშორისოდ აღიარებულ სუბიექტს შორის, რომლებსაც მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორები ეფუძნება. 2021 წლის ოქტომბერში გამოქვეყნებული მსოფლიო ბანკის გლობალური მმართველობის ინდიკატორების ანგარიშის ფარგლებში, "Gallup"-მა საქართველო კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით ევროპის თხუთმეტ საუკეთესო ქვეყანაში შეიყვანა, კერძოდ კი, გლობალური გამოკვლევის საფუძველზე - „არის თუ არა გავრცელებული კორუფცია ხელისუფლებაში“ - საქართველო ევროპაში მე-14 ადგილზე გავიდა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტში დეპუტატებს მესამე მოსმენაზე წარუდგინა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ პირობებში ჩაბარებას და მოპედების რეგისტრაციას ითვალისწინებს. საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები და 81 ხმით მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს.

კანონპროექტის ერთ-ერთ მთავარ სიახლეს წარმოადგენს მოპედის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში მოქცევა. ცვლილების შედეგად, მოპედი დაექვემდებარება კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციას და მის სამართავად პირს სავალდებულოდ დასჭირდება ახალი - "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის აღება. შესაბამისად, მოპედებზე, გარკვეული თავისებურებების გათვალისწინებით, გავრცელდება სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები.
მოპედის მართვის უფლების მოსაპოვებლად მინიმალური ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 16 წლით. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მქონე პირს აგრეთვე ექნება უფლება, მართოს "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალება.
აღსანიშნავია, რომ "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება და ამავე კატეგორიაში შემავალი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაცია ნებაყოფლობითია 2022 წლის 28 მარტამდე, რის შემდეგაც ის სავალდებულო გახდება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებთან და თავდაპირველ, გარდამავალ პერიოდში, მოპედების რეგისტრაცია ასევე იქნება შესაძლებელი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებში.
მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის, რომ პროექტი ითვალისწინებს შეღავათებს სოციალურად დაუცველი პირებისთვის. ასევე, მართვის უფლების მისაღებ გამოცდებზე დაშვებისთვის მომსახურების საფასურისაგან გათავისუფლდებიან 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირები. სრულად თავისუფლდებიან პირები "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად დაშვებისას.
კანონპროექტის ერთ-ერთ უმინიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის რეფორმა. პროექტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ხდება ორეტაპიანი. პირველი ეტაპი (სპეციალური მანევრები) ჩატარდება დახურულ საგამოცდო მოედანზე, ხოლო მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მეორე ეტაპი ჩატარდება რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში, წინასწარ შერჩეულ და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ მარშრუტებზე.
სიახლეს წარმოადგენს ასევე „A2“ ქვეკატეგორიის შემოღება, რომელიც მოიცავს საშუალო სიმძლავრის მოტოციკლს.
მართვის მოწმობის მისაღები გამოცდის ახალი წესი "B" და "BE" კატეგორიის (მსუბუქი ავტომობილი მისაბმელით ან მის გარეშე) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება, ხოლო სხვა კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველთათვის - 2022 წლის 7 ნოემბრიდან.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მიზანია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების აღსრულება, კერძოდ, „მართვის მოწმობების თაობაზე“ 2006 წლის 20 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2006/126/EC დირექტივის საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული შ.ჩ. და 1983 წელს დაბადებული გ. ხ. ბაღდათსა და თბილისში დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ედებათ.
 
 
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
იმერეთის პოლიციის თანამშრომლებმა ბაღდათში, ბრალდებული შ.ჩ.-ის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს კალაშნიკოვის კონსტრუქციის „აკს-47“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი თბილისში, გ.ხ.-ის პირადი ჩხრეკისას, ბროხარდტ-ლუგერის სისტემის „პარაბელუმის” მოდელის პისტოლეტი, 1 მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.