შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის - ქეთევან კოვზიაშვილის ბრიფინგი

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, რათა თითოეულმა მოქალაქემ თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთოს საკუთარი არჩევანი.

როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია პოლიციის შესაბამისი მობილური ჯგუფები. დღეს, ისევე, როგორც არჩევნების პირველ ტურში, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.

დეტალურად გაგაცნობთ არჩევნების მეორე ტურის მიმდინარეობის დროს, ამ ეტაპისთვის, პოლიციის მიერ დაფიქსირებული ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე განხორციელებული რეაგირების შესახებ:

ქალაქ ზუგდიდში, N20 საარჩევნო უბნის მიმდებარედ მომხდარ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს;

ზუგდიდში, უკვე დასახელებულ საარჩევნო უბანთან, პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 5 პირი დააკავა. ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით.

სენაკის N14 საარჩევნო უბნიდან, ტელეკომპანია "მთავარის“ ჟურნალისტის შეტყობინების საფუძველზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით;

გარდა ამისა, ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ადამიანთა შეკრების ან ამომრჩეველთა აღრიცხვის ფაქტებზე, ასევე, 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსების ფაქტებზე, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში რეაგირება განახორციელა 10-მდე შემთხვევაზე.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირსა თუ ორგანიზაციას, განურჩევლად პოლიტიკური შეხედულებისა, სამართალდარღვევის სავარაუდო ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დააფიქსიროთ აღნიშნული კანონდარღვევა და დაუყოვნებლივ შეატყობინოთ პოლიციას. ასევე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მედიის წარმომადგენლებს თავი შეიკავონ ნებისმიერი ფორმით კონფრონტაციაში შესვლისგან და სიტუაციის ხელოვნური ესკალაციისგან, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებსა და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. არჩევნების მეორე ტურის დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ასევე, საზოგადოების და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხების შესახებ.

პოლიცია არ დაუშვებს საარჩევნო პროცესის ძალადობრივი სცენარით განვითარებას და მკაცრ რეაგირებას მოახდენს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

დღეს, 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საარჩევნო პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.

მისამართი: თბილისი, გულუას 10 (შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული თ.გ., ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანების ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1979 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული პ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით დააკავეს.
 
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისში დააკავეს და მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, 9 ვაზნა და პნევმატური პისტოლეტი, ასევე, ფული - 11 200 დოლარი, 50 ევრო და 3 695 ლარი.
 
პოლიციამ სოფელ კრწანისში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, საბრძოლო ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია ამოიღო. სამართალდამცველებმა თბილისში, პ.ს.-ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: "ტტ"-ს კონსტრუქციის 3 პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, "კომპაქტის" და "არკუსის" მოდელების 2 პისტოლეტი, „გეკოს“ ტიპის 2 იარაღი, 4 სანადირო გლუვლულიანი თოფი და 3 შაშხანა, სასწავლო ხელყუმბარა და სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 4182 საბრძოლო ვაზნა. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ფული - 36 700 დოლარი.
 
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ახალ ხელმძღვანელს - სარა რუპერტს და საქართველოში აშშ-ის საელჩოს იურიდიულ საკითხებში მრჩეველს - ლანა მორტონ ოუენსის შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო.
მხარეებმა განიხილეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები, ასევე, განსაზღვრეს სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა INL-ის ხელმძღვანელს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს და შვედეთის სამეფოს ახლად დანიშნულ პოლიციის ატაშეს, იოჰან გრენფორს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობას და სტუმრებს უვიზო მიმოსვლის წარმატებით გაგრძელების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა.
ვახტანგ გომელაურმა პოლიციის ატაშეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ შვედეთის სამეფოს პოლიციის ატაშეს დანიშვნა ურთიერთობის შემდგომი განვითარების ნათელი წინაპირობაა.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა ინიციატივით საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ახალი საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყება.
საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის პრევენციის სასწავლო პროგრამის დანერგვის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, შვეიცარიის ელჩმა საქართველოში - ქრისტიან შოენენბერგერმა, აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის (VEBO), არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.
ახალი საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი იქნება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვისა და მასთან დაკავშირებული მძიმე შედეგების შემცირება.
პროგრამა ხორციელდება საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაცია „გლობალური კავშირები საქართველო“-სა და ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ მიერ, „აღმოსავლეთ ევროპაში პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან“ (VEBO) თანამშრომლობითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 27 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილ პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდა.
 
სატრანსპორტო მოძრაობა აკრძალულია თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით იმოძრავებენ. კერძოდ:
 
- რესპუბლიკის მოედანზე, შესაბამისად, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მერაბ კოსტავას ქუჩისა და ელბაქიძის დაღმართის გავლით, მტკვრის ორივე სანაპიროზე და ჩუღურეთის მიმართულებით;
 
- მოძრაობა აკრძალულია რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ ყველა ქუჩაზე: ალექსანდრე ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, 9 აპრილის, ზაქარია ჭიჭინაძის, ლესია უკრაინკას, მესხიას, რევაზ ლაღიძის, ვასო აბაშიძის, გია ჭანტურიას, არჩილ ჯორჯაძის და ანტონ ფურცელაძის ქუჩებზე.
 
ბარათაშვილის ხიდიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალებების ნაკადი იმოძრავებს იუსტიციის სახლის მიმართულებით. დიდი ზომის ტრანსპორტისთვის გადაადგილება აიკრძალა ვახტანგ გორგასლის მოედანზე. მსუბუქი ავტომანქანები კი გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩაზე და ვერცხლის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან; ლადო ასათიანის ქუჩიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადი ვერ მოხვდება შალვა დადიანის ქუჩაზე, შესაბამისად, ავტომანქანები მოძრაობენ ოვანეს თუმანიანის ქუჩის გავლით, ვახტანგ გორგასლის მოედნის მიმართულებით; მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანები ბრუნდებიან ყოფილი ფოსტის შენობასთან და გადაადგილებას აგრძელებენ ელბაქიძის ქუჩის მიმართულებით.
 
ზემოაღნიშნული აკრძალვის პერიოდში, ავტომანქანებს თავისუფლად გადაადგილება შეეძლებათ ორივე სანაპიროზე, ვასილ პეტრიაშვილის, თამარ ჭოველიძის და დანიელ ჭონქაძის ქუჩებზე.
 
სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ.
 
საჭიროების შემთხვევაში, მძღოლები პატრულ-ინსპექტორებისგან დამატებით ინსტრუქციას მიიღებენ.
გარდა ამისა, თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ასევე დაიგეგმა დამატებითი ღონისძიებები, რათა აქციის ორგანიზატორებს მისცემოდათ ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა. მათ შორის შეიზღუდა ავტომანქანების პარკირება გარკვეულ ქუჩებზე.
მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
 
 
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, თბილისში, მარნეულში, ლენტეხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს. პოლიციამ მისი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ჩზ“-ს ტიპის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღო „ჩზ“-ს მოდელის ცეცხლსასროლი შაშხანა, 3 მჭიდი და 45 საბრძოლო ვაზნა.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული ზ.ჯ. ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 საბრძოლო ვაზნა.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული ჯ.შ. მარნეულში დააკავეს. მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია „ტტ“- ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

ბათუმში, ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეს თანატოლებმა დამამცირებელი ვიდეო გადაუღეს და სოციალურ ქსელში გაავრცელეს. კადრში ჩანს სავარაუდოდ ნაცემი მოზარდი, რომელსაც სკოლის მოსწავლეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ და ემუქრებიან. მოზარდის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებთან საგამოძიებო მოქმედებები კანონის დაცვით, მშობლებსა და სოცმუშაკებთან ერთად ჩაატარეს.

„როგორც კი შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. მათ შორის ჩატარდა გამოკითხვები, ასევე არასრულწლოვნები გამოიკითხნენ. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით განხორციელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესს ესწრებოდნენ მშობლები და სოცმუშაკები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით“, - განაცხადა შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა.