შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბაურჟან მუხამეჯანოვთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა მხარეთა შორის აქტიური სამუშაო ვიზიტების განხორციელების საკითხი, გამოცდილების გაზიარების მიზნით.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა და ყაზახეთის ელჩმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თადარიგის პოლიციელებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის დამადასტურებელი სპეციალური მოწმობა გადაეცემათ. აღნიშნული ინიციატივის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება მიმდინარე წლის 2 ივლისს გამოიცა.
თადარიგის პოლიციელის მოწმობა სპეციალური დიზაინის პლასტიკური ბარათია, რომელიც სამინისტროს იმ ყოფილ 10 000-მდე თანამშრომელს გადაეცემა, რომელთაც „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული აქვთ სახელმწიფო კომპენსაცია.
შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივის - თადარიგის პოლიციელებზე სპეციალური მოწმობის გაცემის მიზანია უწყების ყოფილი თანამშრომლების მიერ გაწეული საქმიანობის მნიშვნელობის ხაზგასმა.
თადარიგის პოლიციელის მოწმობის მისაღებად ყოფილ თანამშრომლებს უკვე შეუძლიათ განცხადებით მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ შს სამინისტროდან დათხოვნილ პირს, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე დანიშნული აქვს სახელმწიფო კომპენსაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.
სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის (SNMCMG2) საპორტო ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.
ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი "სოხუმი" და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).
სწავლება მიზნად ისახავდა საქართველოს და ნატოს საზღვაო ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა გაძლიერებას.
ნატოს საზღვაო შენაერთის ვიზიტები საქართველოს პორტებში რეგულარულ ხასიათს ატარებს და, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ხელშესახები შედეგია. 2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი 1984 წელს დაბადებული შ.წ. და 1960 წელს დაბადებული ზ.წ. დააკავა.
 
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის - ქეთევან კოვზიაშვილის ბრიფინგი
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, არჩევნების მიმდინარეობის დროს გამოვლენილი ინციდენტებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აღნიშნულ ინციდენტებზე მომხდარი რეაგირების შესახებ.
საერთო ჯამში, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდა.
ამ დროის მონაცემებით, პოლიციამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 16 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო გამოძიება.
კერძოდ:
სამართალდამცველებმა ფონიჭალის დასახლებაში მდებარე N30 საარჩევნო უბანთან მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.
ყვარლის რაიონული სამმართველოში, N10 საარჩევნო უბანთან განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, N22 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყეს, რაც კენჭისყრის შენობაში ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ძალადობას გულისხმობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52 საარჩევნო უბანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვაკანში მდებარე N50 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
ასევე, მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება გარდაბანში, გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით.
ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.
კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.
ასევე, 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო.
სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.
პოლიციამ კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები - დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით - 2000 ლარის ოდენობით.
პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში - 3 პირი, ასპინძაში - 2 პირი, ლანჩხუთში - 1 პირი და თბილისში 1 პირი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს აქტიურად თანამშრომლობას საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახალხო დამცველის აპარატთან.

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, საარჩევნო პროცესში გამოვლენილ კანონდარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართება.
 
მისამართი: თბილისი, გულუას 10 (შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში მდებარე N52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო.
გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულ საარჩევნო უბანზე 1989 წელს დაბადებულ გ.რ.-ს და 1987 წელს დაბადებულ ე.მ.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.რ.-მ დანის გამოყენებით ე.მ.-ს მიაყენა დაზიანება მუცლის არეში. ფიზიკური დაპირისპირების დროს დაზიანებები მიიღო თავად გ.რ.-მაც.
პოლიციის მიერ ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად იდენტიფიცირებულია დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი, ჩატარებულია მოწმეთა გამოკითხვები.
ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიება, რის შემდეგაც მოხდება აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირის ბრალდებულის სახით დაკავება.
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გრძელდება.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სანდრო გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის სისხლის სამართლის საქმეებზე სამი ინსტანციის განაჩენით დამნაშავედ ცნობილი და ძებნილი, მიხეილ სააკაშვილი თბილისში დააკავეს.

 

სამართალდამცავმა უწყებებმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, დაგეგმეს უკრაინის მოქალაქე, ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია. საზოგადოებაში დაპირისპირებისა და მოვლენების შესაძლო ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით ღონისძიება გასაიდუმლოებულ რეჟიმში ჩატარდა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა მუშაობა, ხოლო მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიებისთვის შერჩეული იქნა ზუსტი და ეფექტური დრო, სამართალდამცველებმა იგი თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების მაქსიმალურად დაცვით ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით დაიწყო. გამოძიების ფარგლებში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები.

 

აგრეთვე, გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია დამნაშავედ და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იგი გადაყვანილია შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია 2021 წლის ორი ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების უსაფრთხო, თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის 31 აგვისტოს ბრძანების შესაბამისად ყველა რეგიონში შეიქმნა პოლიციის მობილური ჯგუფები, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მოახდენენ მყისიერ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და უზრუნველყოფენ მართლწესრიგის დაცვას. ამასთან, არჩევნების მშვიდ გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჭიროების მიხედვით ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება;

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა; 900-მდე პოლიციელმა გაიარა სწავლება საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით;

პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის სწრაფი და კოორდინირებული გაცვლის მიზნით, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ასევე სახალხო დამცველის აპარატთან საკონტაქტოდ გამოყოფილია სხვადასხვა დეპარტამენტის კონკრეტული თანამშრომლები, რომელთა შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის ორგანიზაციებს.

გარდა ამისა, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ, შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირების შესახებ.

წინასაარჩევნო პროცესთან დაკავშირებით სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც უკავშირდება ან შესაძლოა უკავშირდებოდეს მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებში, დღეის მდგომარეობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 27 საქმეზე.

საქმეების ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია და გამოძიება სისხლის სამართლის 10 საქმეზე მიმდინარეობს წინაასარჩევნო პროცესში როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე.

სისხლის სამართლის 2 საქმე მიმდინარეობს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების კუთვნილი ქონების შესაძლო ქურდობის ფაქტებზე.

სისხლის სამართლის 9 საქმეზეა დაწყებული გამოძიება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებზე.

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ დმანისში მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. მომხდარზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება ასევე დაწყებულია ქარელში, მედიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით შესაძლო დაზიანების ფაქტზე.

აქტიურად გრძელდება გამოძიება ცაგერის მუნიციპალიტეტში პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ავტომანქანის მიმართულებით სროლის ფაქტთან დაკავშირებით. საქმეზე გამოკითხულია მოწმეები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

2021 წლის 13 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 169 -ე მუხლით დაიწყო გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ მხარდამჭერების სამსახურიდან იძულებით შესაძლო გათავისუფლების ფაქტზე.

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დღეის მდგომარეობით, უკვე გამოკითხულია 6 პირი, უახლოეს დღეებში დაგეგმილია 23 პირის მოწმის სახით გამოკითხვა. სამწუხაროდ, 6 პირი გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.

გარდა ამისა, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ასევე დაიწყო გამოძიება ამავე პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების შესაძლო იძულების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით დღეის მდგომარეობით, გამოძიებას ინფორმაცია უკვე მიაწოდა 30-მდე პირმა. გარდა ამისა, აქტიურად გრძელდება მოწმეთა საგამოძიებო ორგანოში გამოძახება. სამწუხაროდ, 12 პირი დღემდე გაურკვეველი მიზეზით თავს იკავებს ჩვენების მიცემის მიზნით პოლიციაში გამოცხადებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე ოპერატიულად ახდენს რეაგირებას და მიმდინარე საქმეებთან დაკავშირებით აქტიურად უზრუნველყოფს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებას.

დამატებით საზოგადოების ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში შესული ცვლილებების შედეგად აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში ან კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხება, ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

გარდა ამისა, დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დამრღვევი პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, კერძოდ ჯარიმას 2000 ლარის ოდენობით.

მივმართავთ საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა პირს თუ ორგანიზაციას განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს და ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.

არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობისას მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სახალხო დამცველთან - ნინო ლომჯარიასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე და მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, ომბუდსმენის მოადგილე - გიორგი ბურჯანაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ბოლო დროს დაფიქსირებული ინციდენტები განიხილეს.
შინაგან საქმეთა მინისტრმა და სახალხო დამცველმა საარჩევნო პერიოდში შესაძლო დარღვევებზე ინფორმაციის გაზიარების და მყისიერი რეაგირების მიზნით აქტიური თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვეს.