×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 51

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 200-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩაატარეს. გამოკითხულია 110 პირი. დათვალიერებულია 65 ვიდეოსათვალთვალო კამერა. გარდაცვალების უშუალო მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტი. ქიმიური დასკვნის თანახმად, გვამიდან აღებულ ნიმუშში აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები: "მორფინი", "კოდეინი", "ტეტრაჰიდროკანაბინოლი", "გაბაპენტინი" და "მონოაცეტილმორფინი". ექსპერტიზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო აღნიშნული საშუალებებით ზედოზირება. აგრეთვე ვასაჯაროებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების მარშრუტს დეტალურად, რომელიც შედგენილია კერძო ობიექტებისა და „112“-ის ზოგადი ხედვის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად და დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით. სისხლის სამართლის საქმეზე ამ ეტაპზე მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია, ითქვას შემდეგი: ალექსანდრე ლაშქარავა 15:28 სთ-ზე ფიქსირდება თავისი საცხოვრებელი სახლის მისამართზე, იოსელიანის ქუჩაზე, საიდანაც თავის მეგობართან ერთად მიემართება ბახტრიონის ქუჩის მიმართულებით. აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, 15:31 სთ-ზე შედის ბახტრიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში, სადაც ყიდულობს ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ერთჯერადი გამოყენების შპრიცებს. ვიმეორებ, აღნიშნული დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით. შემდეგ ალექსანდრე ლაშქარავა მეგობართან ერთად მიემართება ფონიჭალის დასახლებაში, ცურტაველის ქუჩის მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე. როგორც მოგეხსენებათ, იგი, მეგობართან ერთად, ფონიჭალაში 2-ჯერ ჩადის. მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულ თანხას ტოვებს ნარკოტიკების შეძენის მიზნით და მეგობართან ერთად ბრუნდება ორთაჭალის მიმართულებით, ფიქსირდება ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ყიდულობს გარკვეულ პროდუქტებს. აღნიშნულის შემდეგ, მეგობართან ერთად, კვლავ ბრუნდება ორთაჭალიდან ფონიჭალის დასახლების მიმართულებით და ჩადიან ცურტაველის ქუჩაზე, 19:41 სთ-ზე, სადაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით შეიძენენ ნარკოტიკულ საშუალებებს. საქმის მტკიცებულებების მიხედვით, აღნიშნული მისამართიდან ბრუნდებიან ორთაჭალაში, კერძოდ, გორგასლის შესახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ერთ-ერთ ტყის მასივში მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს. ასევე ჩვენებების მიხედვით, ალექსანდრე ლაშქარავა მიღებული ნარკოტიკების გამო ცუდად ხდება და მეგობარი ცდილობს მის დახმარებას. გარდა პირველი მცდელობისა, როდესაც ის თვითონ ცდილობს მოასულიეროს მეგობარი და ვერ ახერხებს ამას, მიმართავს იქვე არსებულ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებას, რაც ასახულია ვიდეომასალაზე. ალექსანდრე ლაშქარავას მეგობარი სამედიცინო დაწესებულებაში, დახმარების მიზნით, ითხოვს ერთ-ერთ პრეპარატს - ე.წ. ნარკანს, რათა თავისი მეგობარი გამოიყვანოს მიღებული ნარკოტიკების შედეგად ზედოზირებიდან, რაც ასევე ასახულია ვიდეოკადრებში. გარკვეული მიზეზების გამო, ის ვერ ახერხებს სამედიცინო დაწესებულებაში ალექსანდრე ლაშქარავას მიყვანას და თავადვე ბრუნდება მასთან, სადაც კვლავ ცდილობს დაეხმაროს ზედოზირების შედეგად თავის მეგობარს, რასაც ახერხებს, როგორც ჩვენებებიდან იკვეთება. გარკვეული დროის შემდეგ, მოჰყავს გონებაზე და რამდენიმე წუთში, ერთად, ასევე მოპედის საშუალებით, 23:16 სთ-ზე ბრუნდებიან დედაენის ბაღში, სადაც ალექსანდრე ლაშქარავა კიდევ ერთხელ ცუდად ხდება, რაც ასევე ასახულია კამერებზე და ეს ყველაფერი დასტურდება მოწმეთა ჩვენებებით. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ალექსანდრე ლაშქარავა ბრუნდება თავის საცხოვრებელ სახლთან და 00:10 სთ-ზე გარე მეთვალყურეობის კამერებზე ჩანს, როგორ ადის სახლში. დაახლოებით დილის 6 საათზე ოჯახის წევრები შეტყობინებას აკეთებენ სასწრაფოში. სასწრაფოს მისვლის დროს, სამწუხაროდ, სასწრაფოს ექიმებს ალექსანდრე ლაშქარავა გარდაცვლილი ხვდებათ, რის შემდეგაც იძახებენ პოლიციას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავასთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა და ჯგუფური ძალადობის მუქარით დევნის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში დაკავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გამოძიებას და უწყება პერიოდულად მოგაწვდით ინფორმაციას. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია და გრაფიკა სრული მოცულობით შექმნილია საქმეზე დაკითხული ათეულობით მოწმის ჩვენებების საფუძველზე და ის გამყარებულია ვიდეომტკიცებულებებით, რომლებიც უკვე წარმოგიდგინეთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 1 პირი, 1992 წელს დაბადებული დ.კ. დააკავა.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 5 ივლისს, ბრალდებულმა - დ.კ.-მ, ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
 
5 ივლისს, მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა სულ 20 პირი დააკავეს, მათ შორის - 5 ტელეკომპანია „ტვ 1“-ის გადამღებ ჯგუფზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
 
დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების ამსახველ ვიდეომასალებს, რომელიც გამოძიების მსვლელობისას ამ ეტაპზეა მოპოვებული.

გადაადგილების მარშრუტი შედგენილია გარე ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების დათვალიერების შედეგად, რომელიც დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებით.

"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.

15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.

აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.

მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებებს. გრძელდება ყველა იმ პირის გამოკითხვა და იმ ტექნიკური საშუალებების დათვალიერება, რომელიც შესაძლოა გამოძიებისთვის საჭირო ინფორმაციას ინახავდეს.

მომხდარ ფაქტზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით გამოძიებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს.

შესაბამისად შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის - მამუკა ჭელიძის ბრიფინგი

უპირველეს ყოვლისა, მწუხარებას გამოვთქვამთ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და კოლეგებს.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, ტელეკომპანია პირველის ოპერატორის - ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ.

როგორც უკვე განვაცხადეთ, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც ჩართულია ოჯახის მიერ შერჩეული დამოუკიდებელი ექსპერტი.

გამოძიების მიმდინარეობისას, სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზის გარდა, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მიმდინარეობს გამოკითხვები იმ პირების, რომელთანაც ბოლო პერიოდში გარდაცვლილს ჰქონდა შეხება.

ვსწავლობთ მისი გადაადგილების მარშრუტის ამსახველ კადრებს, ასევე ვახდენთ მასთან კავშირში მყოფი პირების იდენტიფიცირებას და გამოკითხვას.

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვთხოვთ გარდაცვლილის ოჯახს და მის მეგობრებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან და საგამოძიებო ორგანოს მიაწოდონ გარდაცვლილის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ვინაიდან მასში შესაძლებელია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდეს.

აქვე, საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ვასაჯაროვებთ ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილების კადრებს რაც ამ დროისთვის არის მოპოვებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში.

ალექსანდრე ლაშქარავა მოპედის საშუალებით გუშინ დღის განმავლობაში მის მეგობართან ერთად, რომელიც ამ ეტაპზე არის საგამოძიებო ორგანოში და მიმდინარეობს მასთან საგამოძიებო მოქმედებები, იმყოფებოდა თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე თავს იკავებს წინასწარი ვერსიების გახმოვანებისგან, რაც ისევ და ისევ ოჯახის და გარდაცვლილის ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნებისგან და დაელოდონ გამოძიებას.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 5 ივლისს ალექსანდრე ლაშქარავას ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულია 4 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების მიმდინარეობისას საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ქალაქ გურჯაანში პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობა გახსნა. ვახტანგ გომელაურმა შენობა მოადგილეებთან, შალვა ბედოიძესთან და გიორგი ბუთხუზთან, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი ალადაშვილთან და სხვა თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერა. ღონისძიებას დაესწრნენ და პოლიციის ახალი შენობა დაათვალიერეს კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა - ირაკლი შიოშვილმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა - დავით სონღულაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა - არჩილ ხანდამაშვილმა.
 
ახალი შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და მოეწყო, 100-ზე მეტ თანამშრომელზეა გათვლილი. შენობაში მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცე, დასაკითხი, ამოსაცნობი და ნივთმტკიცების ოთახები და სპორტული დარბაზი თანამშრომლებისთვის.
 
პოლიციის ახალ შენობაში გურჯაანის პოლიციის სამმართველოს გარდა, ერთ სივრცეში სამინისტროს რამდენიმე დანაყოფი იქნება განთავსებული: საექპერტო-კრიმინალისტიკური სამსახური, დაცვის პოლიცია, დროებითი მოთავსების იზოლატორი და კინოლოგიის სამსახური.
 
შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირებისთვის.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, პოლიციელთა სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისა და მოქალაქეებისთვის ეფექტიანი საპოლიციო მომსახურების მიზნით, გასულ წელს 16 ახალი შენობა აშენდა. მიმდინარე წელს იგეგმება პოლიციის კიდევ რამდენიმე ახალი შენობის გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იუბილესთან დაკავშირებით ადმინისტრაციული შენობის ეზოში ღონისძიება გაიმართა, რომელიც დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი ბაგრატიონმა მისალოცი სიტყვით გახსნა. ღონისძიებას დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, თავმჯდომარის მოადგილეები და დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
 
ღონისძიებაზე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 128-მა წვევამდელმა სამხედრო ფიცი დადო. წვევამდელებმა სამხედრო ფიცის მიღებამდე 10-დღიანი მომზადება გაიარეს, ფიცის დადების შემდეგ კი ჯარისკაცები შინაგან საქმეთა სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურში ჩაირიცხებიან და ერთწლიან სავალდებულო სამსახურს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სხვადასხვა ქვედანაყოფში გაივლიან.
 
გიორგი ბაგრატიონმა თანამშრომლებს დაცვის პოლიციის იუბილე მიულოცა, დაცვის პოლიციაში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნო, ასევე, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.
 
დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ - გიორგი ბაგრატიონმა პროფესიონალიზმით გამორჩეულ თანამშრომლებს მადლობის სიგელები პირადად გადასცა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1970 წელს დაბადებული კ.ბ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით გორში დააკავეს.
 
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ქალაქ გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე მდგომ ავტომობილს, ამავე ავტომობილის მფლობელთან მ.კ - სთან არსებული უთანხმოების ნიადაგზე ცეცხლი წაუკიდა.
 
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურებას გულისხმობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის აბორდაჟის ჯგუფებმა, უკრაინელ კოლეგებთან ერთად, მრავალეროვნული საზღვაო სწავლება SEA BREEZE 2021-ის ფარგლებში, ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
 
 წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებმა უკრაინის საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის წარმომადგენლებთან ერთად, ბერძენი ინსტრუქტორების ჩართულობით, დაგეგმეს და განახორციელეს მაღალი რისკის შემცველი აბორდაჟის ოპერაცია, რომელიც მოიცავდა დამრღვევი გემის შეჩერებას, ტაქტიკური კიბით ასვლას, გადაადგილებას, ხომალდზე მყოფი პირების შემოწმების პროცედურებს და გემზე კონტროლის დამყარებას.
 
აშშ-ის მე-6 ფლოტისა და უკრაინის საზღვაო ძალების ერთობლივი ორგანიზებით, სწავლება SEA BREEZE შავ ზღვაში 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით იმართება. სწავლება საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო კომპონენტებს მოიცავს და მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალებს შორს ურთიერთქმედების დახვეწა და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა. სწავლების ისტორიაში, SEA BREEZE 2021 ყველაზე მასშტაბურია. მასში ექვსი კონტინენტის 32 ქვეყნის 5000-მდე პერსონალი, 32 გემი, 40 საჰაერო ხომალდი და სპეციალური ოპერაციებისა და მყვინთავთა 18 ჯგუფი მონაწილეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან შს მინისტრთან - შეიხ სეიფ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან ვიდეოკონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სტატუსით საერთაშორისო ხელშეკრულებას წარმოადგენს და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში მხარეებს შორის როგორც სტრატეგიული, ასევე ოპერატიული მიმართულებებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
 
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ არაბთა გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს ელჩი- პაატა კალანდაძე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე- გიორგი ბუთხუზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი- ეკატერინე მაჭავარიანი, ხოლო არაბთა გაერთიანებული საემიროების მხრიდან - შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექტორი, საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროების დროებით საქმეთა რწმუნებული და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.
 
ვიდეოკონფერენციის ბოლოს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც მიზნად ისახავს პროექტ -„უსაფრთხო ქალაქი–უსაფრთხო ქვეყნის“ ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებას და ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვას.
 
 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ "თბილისი პრაიდის" კვირეულის პარალელურად პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, თბილისი პრაიდის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების ჩართულობით თბილისი პრაიდის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

1 და 3 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების - კინოჩვენებასა და ქვიარ ფესტთან დაკავშირებით, მას შემდეგ რაც მოხდა ინფორმაციის მიწოდება ღონისძიების ლოკაციის დროის მონაკვეთის, სტუმრების სავარაუდო რაოდენობის და ორგანიზატორების მიერ მიღებული უსაფრთხოების ზომების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ სამინისტრო იმ სპეციფიკის გათვალისწინებით რაც ღონისძიებებს გააჩნია უზრუნველყოფს უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას.

რაც შეეხება 5 ივლისს გასამართ მსვლელობას, შეხვედრის მონაწილეებს ღიად და ცალსახად განემარტათ, რომ ღია წყაროებში დაანონსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წარსული გამოცდილებების გათვალისწინებით, კონტრ დემონსტრანტების მობილიზაციისა და სავარაუდო რაოდენობის მხედველობაში მიღებით, მათ მიერ დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში დასკვნითი ღონისძიების მსვლელობის ფორმატში ღონისძიების ჩატარება იქნებოდა დიდი რისკის შემცველი თავად მსვლელობის მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით.

შეხვედრის მონაწილეებს შეეთავაზათ ალტერნატიული ტერიტორიის განხილვა, თუმცა, მათ დააფიქსირეს რომ დემონსტრაციის გამართვა მხოლოდ რუსთაველის გამზირზე სურდათ. არაერთი სამუშაო შეხვედრის მიუხედავად თბილისი პრაიდის წარმომადგენლების მხრიდან პოზიციის შეცვლა არ მომხდარა.

30 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროში პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით შს მინისტრსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის გაიმართა შეხვედრა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩებთან შეხვედრისას მკაფიოდ დააფიქსირა სახელმწიფოს და კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს მზაობა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სამინისტროს მიერ პრაიდის კვირეულის ფარგლებში განსახორციელებელი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების გეგმის და მზაობის შესახებ.

ამასთან, მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5 ივლისს კიდევ ერთი ღონისძიების, კერძოდ თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი მსვლელობის პარალელურად გარკვეული ჯგუფების მხრიდან იგეგმებოდა არაერთი კონტრაქციის და სხვადასხვა სახის მანიფესტაციის მოწყობა. მსვლელობის ტერიტორიის მასშტაბისა და ასევე წინა წლების გამოცდილების გათვალისწინებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განემარტათ, რომ პრაიდის ჩატარება რუსთაველზე არის უკიდურესი საფრთხის შემცველი და აუცილებელი იყო ალტერნატიული ადგილის განხილვა, რაზეც თბილისი პრაიდის ორგანიზატორები უარს აცხადებდნენ. მინისტრის ინფორმაციით, ანალიზის საფუძველზე მრავალრიცხოვანი ღონისძიებების და მარშის მიმდინარეობისას გარდაუვალი იქნებოდა ფართომასშტაბიანი დაპირისპირება, ასევე მოხდებოდა ინდივიდუალური ადევნებები და ანგარიშსწორების ფაქტები.

1 ივლისს, თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარედ, კლუბი „ხიდი“, დაგეგმილი ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების მიზნით პოლიციის თანამშრომლებმა დეტალურად შეისწავლეს ტერიტორია, შეიმუშავეს ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარების გეგმა და გეგმის მიხედვით დილის საათებიდან ადგილზე მობილიზებული იყო სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 650-მდე თანამშრომელი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მართლწესრიგის დაცვას.

უსაფრთხოების დაცვის მიზნით გამოყენებული იყო ჯებირები და ცოცხალი ძალა. ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება დაიგეგმა და განხორციელდა სიტუაციის შესაბამისად. ღონისძიებაზე დასწრების მსურველთა მოსვლის პარალელურად, ადგილზე მობილიზება დაიწყეს მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.

პოლიციის მხრიდან მაღალი მობილიზებისა და ეფექტიანი რეაგირების შედეგად, მიუხედავად აგრესიული ჯგუფების მცდელობისა, კინო-ჩვენებამ ჩაიარა უსაფრთხო გარემოში, რასაც თავად „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების, ასევე სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან მოჰყვა დადებითი შეფასება.

რაც შეეხება 3 ივლისის ღონისძიებას, პოლიციის შესაბამისმა დანაყოფებმა ღონისძიების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად მოინახულეს ფესტივალის ჩატარების ადგილი, მოხდა ადგილის შესწავლა და გაიწერა გეგმა. გეგმის მიხედვით, 3 ივლისს, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნა შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, რომელთა რაოდენობა ჯამში შეადგენდა 850 თანამშრომელს. ფესტივალის დაწყების პარალელურად ლისის ტბის ამავალ გზაზე მობილიზება დაიწყო პრაიდის მოწინააღმდეგე ჯგუფებმა.

პოლიციის მხრიდან განხორციელებული პრევენციული და აქტიური ქმედებების შედეგად, მოწინააღმდეგეთა პროტესტის მიუხედავად, ლისი-ვანდერლენდის ტერიტორიაზე ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩატარდა ფესტივალი.

გაეროს სახლში, გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები განხილული იქნა უშუალოდ 5 ივლისს ღონისძიების საკითხები. სამინისტროს მხრიდან პრაიდის ორგანიზატორებს მიეწოდათ ინფორმაცია მოსალოდნელი რისკების შესახებ. კერძოდ, განემარტათ, რომ ღია და ოპერატიული წყაროებით, მოპოვებული ინფორმაციით, ხდებოდა მოქალაქეების დიდი რაოდენობის მობილიზება, რომლებიც გეგმავენ კონტრაქციის ჩატარებას არაერთ ლოკაციაზე. მათ შორის განემარტათ, რომ ეს შეკრებები შესაძლოა გახდეს საფრთხის შემცველი და მოულოდნელად ამ ლოკაციებიდან განხორციელდეს თავდასხმები მარშის დაწყების შემდეგ მათ მონაწილეებზე.

სამინისტროს მხრიდან შეხვედრაზე დაფიქსირდა პოზიცია, რომ ტექნიკურად და სტრატეგიულად აბსოლუტურად განსხვავებულია კონკრეტულ ლოკაციაზე გამართული და მოძრავი დემონსტრაციის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც დაგეგმილია არაერთი მასშტაბური კონტრაქცია. მათ უსაფრთხოებიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ შეეთავაზათ სხვა სივრცეში ღონისძიების ჩატარება სადაც პოლიცია უზრუნველყოფდა ღონისძიების მშვიდობიანად ჩატარებას.

მიუხედავად ამისა, მათი მხრიდან ცალსახად, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია რომ შეთავაზებულ ტერიტორიაზე მსვლელობის მოწყობას არ განიხილავდნენ.

რაც შეეხება 5 ივლისის ღონისძიებას. 5 ივლისს დილის საათებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი საპოლიციო დანაყოფები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მობილიზებული იყვნენ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე მობილიზებული იყო სპეციალური დანიშნულების სარეზერვო ძალები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული მითითების შესაბამისად ჩაერთვებოდნენ ღონისძიებაში. ჯამში, 5 ივლისის ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მზადყოფნაში იმყოფებოდა 3200- მდე პოლიციის თანამშრომელი.

იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ წინასწარ ზუსტი დრო და ლოკაცია არ იყო ცნობილი საიდან დაიწყებოდა „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ღირსების მარში, პოლიციის ჯგუფები გადანაწილდა სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც განლაგებულები იყვნენ მოწინააღმდეგეთა ჯგუფები. კერძოდ: რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია, დედაენის პარკი, 9 აპრილის ბაღი, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია და სხვა ადგილები. ვინაიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე იკრიბებოდნენ მხოლოდ მარშის გამართვის მოწინააღმდეგე ჯგუფები, პოლიციის სპეციალური კორდონების განლაგების აუცილებლობა არ არსებობდა.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს, მოულოდნელად, ღირსების მარშის მოწინააღმდეგე ჯგუფების წევრები გახდნენ აგრესიულები და დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები.

თავდაპირველად, მათმა ნაწილმა მოახდინა პარლამენტის შენობის წინ სხვა საპროტესტო აქციის ფარგლებში განთავსებული კარვების დაშლა, პარალელურად მონაწილეთა გარკვეულმა ჯგუფებმა ღიად და აგრესიული თავდასხმები განახორციელეს მედიის წარმომადგენლების მიმართ. ადგილზე მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების მობილიზება, სიტუაციის განეიტრალება და მედიის წარმომადგენლების უსაფრთხო ადგილზე გაყვანა.

პარალელურად, აქციის მონაწილეების ნაწილი, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მოულოდნელად დაიძრნენ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისთან, რომელიც რამდენიმე მეტრშია პარლამენტის შენობიდან. სადაც წინასწარ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, თუმცა დემონსტრანტთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე დამატებითი ჯგუფების მოსვლამდე ვერ მოხერხდა „სირცხვილიას“ ოფისის სადარბაზოში შეჭრის პრევენცია. ინფორმაციის მიღების პარალელურად, მობილიზდა დამატებითი საპოლიციო ძალები, სიტუაციის განეიტრალება, ოფისის დაცვა და ადგილზე მყოფი მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების დაცვა. შესაბამისად არ მომხდარა სირცხვილიას ოფისში დემონსტრანტების შეჭრა.

აღნიშნულის პარალელურად, თბილისის სხვადასხვა ქუჩებში, ხდებოდა კონტრაქციის მონაწილეთა არაორგანიზებული და ქაოტური გადაადგილება, რის შესაბამისადაც, საპოლიციო ძალებს უწევდათ სამართალდამცავთა მობილიზება ერთდროულად რამდენიმე ადგილას.

მათ შორის: აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიკრიბნენ „მრგვალ ბაღთან“ მდებარე გაეროს სახლთან, ნაწილი აქტივისტებისა გაემართა თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე ,,თბილისი პრაიდი''-ს ოფისისკენ, სადაც შენობის გარე-პერიმეტრიდან აქციის მონაწილეებმა მოახდინეს ოფისში შესვლა და ადგილზე არსებული ნივთებისა და ინვენტარის დაზიანება.

პოლიციის მხრიდან ინფორმაციის მიღებისთანავე, მოხდა დამატებითი ძალების გაგზავნა აღნიშნულ მისამართზე და აგრესიული ჯგუფების ქმედებები მათი მისვლის შემდეგ დროულად აღიკვეთა.

ასევე, აგრესიულ ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისში, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია “უფლებები საქართველოსთვის” ოფისში იმყოფებოდნენ თბილისი პრაიდის წევრები და მათი მხარდამჭერი პირები, რის გამოც რადიკალურად განწყობილი ჯგუფების წევრებმა მოახდინეს მობილიზება.

როგორც აქციის მონაწილეთა გადაადგილების მარშუტის ანალიზით, ასევე სამინისტროს თანამშრომელთა პირადი კომუნიკაციის შედეგად, იყო საფრთხე სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის ოფისებზე თავდასხმის. მათ შორის, ევროკავშირის, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაცია WISG-ის, თანასწორობის მოძრაობის, სადაც უწყებას უწევდა მიმდინარე რეჟიმში პოლიციელთა საკმარისი რაოდენობის გაგზავნა, ოფისში მყოფი პირების უსაფრთხოდ გამოყვანის ან შენობის დაცვის მიზნით. პრევენციის მიზნით, საპოლიციო ძალების მობილიზებული იყო სხვადასხვა ტელეკომპანიების ოფისებთან.

ორგანიზაციების ოფისებზე თავდასხმის პარალელურად, რუსთაველის გამზირზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სკვერებში, პარკებში პოლიცია ცოცხალი ძალით მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა შეკრებაში მონაწილე პირების შეკავებას, რომელთა აგრესია მიმართული იყო ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მყისიერად დაიწყო გამოძიება პრაიდის მოწინააღმდეგეთა მხრიდან გახორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე. გამოძიება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში და ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობის ფაქტებზე სისხლის სამართლის წესით უკვე დაკავებულია 7 პირი. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.

ასევე გამოძიება მიმდინარეობს თბილისში მოძრაობა "სირცხვილიას", "თბილისი პრაიდის" და გახოკიძის ქუჩაზე მდებარე არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თბილისი პრაიდის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საგამოძიებო მოქმედებების დროს უარი განაცხადეს პოლიციასთან თანამშრომლობაზე.

რაც შეეხება 6 ივლისს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს, აღსანიშნავია რომ დაიგეგმა ორი ურთიერთ საწინააღმდეგო მრავალრიცხოვანი აქცია, მყისიერად მოხდა საპოლიციო ძალების, მათ შორის სპეციალური დანიშნულების ძალების მობილიზება, დაახლოებით 3000 თანამშრომლის. აღსანიშნავია, რომ აქციაც და კონტრაქციაც იმართებოდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ ლოკაციაზე, შესაბამისად ცოცხალი ძალის სრული კონცენტრირება მოხდა აქციისა და კონტრაქციის მონაწილეთა განცალკევების მიზნით. დაახლოებით 6 საათის განმავლობაში პოლიცია უზრუნველყოფდა მასების მართვას, აგრესიული ჯგუფების დაკავებას და აქციის მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 100 პირი. დაკავებული პირებიდან 68 გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე, 32 პირი რჩება დროებითი მოთავსების იზოლატორში. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე, ბრალდებულის სახით ადგილზევე დაკავებულია 2 პირი. აღსანიშნავია, რომ სამმა სამართალდამცველმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას, და სამართლებრივი რეაგირების მიზნით აგრძელებს აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს.