საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის - გიორგი ბუთხუზის ხელმძღვანელობით, ლატვიის რესპუბლიკას სამუშაო ვიზიტით ეწვია.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა და დელეგაციის წევრებმა: შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა - ნიკოლოზ შარაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - ვაჟა სირაძემ, მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა - მიხეილ ჩიკვაიძემ და სხვა ოფიციალური პირებმა ლატვიაში მნიშვნელოვანი ოფიციალური შეხვედრები გამართეს.
ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზი ლატვიელ კოლეგას, ლატვიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - დიმიტრი ტროფიმოვს შეხვდა.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსთან - გენერალ გუნტის პუატსთან, ასევე ეწვივნენ ლატვიის სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და ლატვიის სასაზღვრო ზოლს, სადაც ადგილზე გაეცნენ ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის მუშაობის სპეციფიკას.
ვიზიტის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ შარაძემ და ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა - გუნტის პუატსმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის ფარგლებში, უახლოეს მომავალში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლატვიის რესპუბლიკისგან საჩუქრად ვერტმფრენი გადმოეცემა.
ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანა, ასევე, პილოტებისა და ინჟინრების შესაბამისი გადამზადება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) პროექტის -"საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შესაძლებლობების გაძლიერება მწვანე და სანაპირო საზღვრის დაცვისთვის" - ფარგლებში განხორციელდება.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, მხარეთა შორის ასევე გაფორმდა საზღვრის დაცვის სფეროში 2022 წლის თანამშრომლობის გეგმა. დოკუმენტს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ხელი მოაწერეს სასაზღვრო პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და მიგრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა, ხოლო ლატვიის მხრიდან - ლატვიის სახელმწიფო საზღვრის დაცვის უფროსმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე.
ვახტანგ გომელაურმა აჭარის პოლიციის დანაყოფის ხელმძღვანელებთან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პოლიციელებისთვის სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრაზე თანამშრომლებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებებიც განიხილა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებით მათ შესაბამისი დავალებები მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების წინამოსამზადებელ პერიოდში და 26 მაისს დედაქალაქში, გარკვეულ ქუჩებზე ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.

უწყების ცნობით, 23 მაისს, 24:00 საათიდან მოძრაობა სრულად შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნამდე. ასევე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე გამომავალ ყველა ქუჩაზე.

„25 მაისს, 24:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანი სრულად დაიკეტება. ავტომანქანები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის და თაბუკაშვილის ქუჩების გავლით, მერაბ კოსტავას და სანაპიროს ქუჩების მიმართულებით.

მთაწმინდიდან მოძრაობა შესაძლებელი იქნება ასათიანის ქუჩის გავლით, გორგასლის მოედნის მიმართულებით. ასევე, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) მოძრავ ნაკადს გადაადგილების გაგრძელება შეეძლება ვერცხლის ქუჩის გავლით, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით. ავტომანქანების მოძრაობა ასევე აკრძალულია მარჯვენა სანაპიროდან ბარათაშვილის ქუჩაზე ამსვლელ პანდუსზე. ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობას შეძლებენ ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით. ბარათაშვილის დაღმართიდან მოძრავი ტრანსპორტი კი, ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდგომ, იმოძრავებს მხოლოდ იუსტიციის სახლის მიმდებარედ ჩამსვლელ პანდუსზე, მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით.

ავტომანქანები, რომლებიც გადაადგილდებიან მთაწმინდის მიმართულებით, იმოძრავებენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩაზე, სიმონ ჯანაშიას, ივანე თარხნიშვილის და თამარ ჭოველიძის ქუჩების გავლით, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით.

ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან მომავალ ნაკადს მოძრაობის გაგრძელება შეეძლება, პეტრე მელიქიშვილისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით, სანაპიროს მიმართულებით.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, მოძრაობის უსაფრთხოების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ნაკადს დაარეგულირებენ. საჭიროების შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორები მძღოლებს ალტერნატიული მარშრუტების შესახებაც მიაწვდიან ინფორმაციას.

27 მაისიდან, ღონისძიებისთვის განკუთვნილი დეკორაციების დემონტაჟის შემდეგ, შეზღუდვები სრულად მოიხსნება და ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი - 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.
 
მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
 
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

სტანდარტი ISO 9001:2015-ის დანერგვა უზრუნველყოფს ცენტრის მუშაობის ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გამოიხატება მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესებაში, პროცესების გამჭვირვალობასა და მონიტორინგის კიდევ უფრო ეფექტიანი სისტემის შექმნაში.
 
ISO 9001 წარმოადგენს ხარისხის მენეჯმენტის მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სისტემას. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სტანდარტია, რომლის მიზანია ორგანიზაციის პროცესების ეფექტიანობისა და ხარისხის უზრუნველყოფა მომხმარებელსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის.
 
სტანდარტი ISO 21001:2018 წარმოადგენს სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლეს გამოცემას საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემების რეგულაციისათვის. აღნიშნული სტანდარტი ფოკუსირებულია საგანმანათლებლო ორგანიზაციების მენეჯმენტსისტემის გაძლიერებაზე, ასევე, მომსახურებისა და წარმოებული პროდუქტის ხარისხის ამაღლებაზე.
 
ISO 21001:2018-ის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დანერგვა უზრუნველყოფს სასწავლო ცენტრის მიერ ჩატარებული ტრენინგების ხარისხის ამაღლებას, სასწავლო პროცესში ახალი მიდგომების დანერგვასა და კონკურენტუნარიანობას, რაც პოზიტიურ გავლენას იქონიებს მომავალი ოპერატორების რეკრუტირებისა და მომზადება/გადამზადების პროცესზე და აისახება ქოლ-ცენტრის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და კახეთის რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 10 პირი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა- შენახვისა და ტარების ბრალდებით, 2 პირი - 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მ.ჯ. და 1994 წელს დაბადებული ი.ა. თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა მ.ჯ.-ის საცხოვრებელი ბინისა და პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა, ხოლო მეორე დაკავებულის - ი.ა.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებულია "ნაგანის" ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და 6 საბრძოლო ვაზნა.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველო თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა.
 
ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, კ. ს.-ის პირადი ჩხრეკისას კი, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის, სენაკის, მარტვილის და მესტიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს,ოთხი პირი - 1968 წელს დაბადებული ო.ჩ., 1977 წელს დაბადებული ბ.ა., 1961 წელს დაბადებული ვ.ფ. და 1973 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.კ. დააკავეს. მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ედებათ.
 
სამართალდამცველებმა, ზ.კ.-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 60 ვაზნა, ო.ჩ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად - ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 3 ვაზნა, ხოლო ბ.ა.-ს სახლის ჩხრეკისას - პისტოლეტი და 6 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. პოლიციის მიერ ვ.ფ.-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 127 ვაზნა.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ლ.ფ. და 2000 წელს დაბადებული ლ.გ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და უკანონო ნადირობის ბრალდებით ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულების პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღები.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა -ტარებისა და უკანონო ნადირობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე სსკ-ის 301-ე მუხლით მიმდინარეობს.
 
 
 
 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული მ.ბ. და 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ბ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანისა და კულტივირების, ასევე, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
 
 
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე მ.ბ.-ის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მარიხუანა" და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივაციისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
ამავე დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 2000 წელს დაბადებული დ.გ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული დ.გ.-ის პირადი ჩხრეკისას, 45 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას კი ამოღებულია 6 ძირი კანაფი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი აღნიშნული მცენარის გასაზრდელად განკუთვნილი ე.წ. კაბინა.
 
დანაშაულები 4-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 265-ე მუხლებით მიმდინარეობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ფედერალურ მრჩეველთან, იუსტიციისა და პოლიციის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, კარინ კელერ-ზუტერთან შეხვედრა გამართა.
მხარეებმა შვეიცარიის კონფედერაციის სამართალდამცავ უწყებებსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე, სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. ვახტანგ გომელაურმა და შვეიცარიის ფედერალურმა მრჩეველმა ასევე განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები და აღნიშნულის გათვალისწინებით არსებული გამოწვევები.
შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა კარინ კელერ-ზუტერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობას და შვეიცარიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული გ.შ. და 1997 წელს დაბადებული ბ.შ. თბილისში, შუამთის ქუჩაზე, საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ მართვის უფლების არმქონე ბ.შ. მიმდინარე წლის 15 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით, განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან - გ.შ.-სთან და მ.ხ.-სთან ერთად მიიმალა.
 
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
 
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, ბ.შ. შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად, ასევე დაკავებულია გ.შ., რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
 
ამავე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 5 მაისს მ.ხ., დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავა.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის და ნდობის ჯგუფის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში უმასპინძლა.
 
ალექსანდრე დარახველიძემ და აკადემიის რექტორმა - ივანე პაპიაშვილმა, მოადგილეებთან ერთად, დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია აკადემიის საქმიანობის შესახებ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია პირველი პროფესიული სასწავლებელია, რომელსაც 2020 წელს განათლების სფეროში ხარისხის მართვის ISO სერტიფიკატი გადაეცა. დეპუტატებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია, თუ როგორ ხვდებიან შსს-ს აკადემიაში მსმენელები, როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, როგორია სასწავლო პროგრამები, რა ბენეფიტებით სარგებლობენ აკადემიის მსმენელები და როგორია აკადემიის სამომავლო გეგმები.
 
დეპუტატებს სასწავლო პროცესს გაეცნენ, დაათვალიერეს სიმულაციური სასწავლო სივრცე, გარე სპორტული სივრცე, „შუთჰაუსი“ - ტაქტიკური სივრცე, ვირტუალური ტირი, თანამედროვე სტანდარტებით აგებული ახალი ტირი, სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, საგამოცდო ცენტრი და შსს-ს არქივი.
 
აკადემიის სტუმრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული პოლიციელების მემორიალი გვირგვინით შეამკეს.