შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - თბილისის საპატრულო პოლიციას "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 89 ავტომანქანა გადაეცა.
 
ახალი ავტომობილები განკუთვნილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვის. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა, ხოლო გასულ თვეში ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები.
 
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია პოლიციელთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს.
 
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
 
სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს - კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ.

ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის. მსურს, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები ყველა წამოწყებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მეტად ვაფასებთ შეერთებული შტატებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩამოყალიბებულ მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას." - აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიერ აშშ-ს ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

 

"დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის - ლელა ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ფარგლებში განახორციელა.

დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.

კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა.

საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები, გამოცხადდა ნახატების კონკურსი, ასევე, დამზადდა ბრენდირებული საჩუქრები, რომლებიც შეხვედრების მონაწილეებს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს დაურიგდათ.

კამპანიის მიმდინარეობისას, ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
„112“-ის დირექტორი - გიორგი არსოშვილი, დელეგაციის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
 
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა - ვალიან რიჩიმ.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.
 
პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა - ვალიან რიჩიმ.
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.
პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს.

ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში დღეს გასული ინფორმაცია, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად "გარბიან" სიმართლეს არ შეესაბამება - ამის შესახებ, განცხადებას შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "მთავარის" ეთერში დღეს გასულ ცრუ ინფორმაციებს, თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან პოლიციელები მასობრივად "გარბიან."
ტელეკომპანიამ, ვითომ წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, საზოგადოებას მიაწოდა ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაცია. დღეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს "ქვემო ქართლის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ერთდროულად 38-მა თანამშრომელმა დატოვა" - წარმოადგენს "ფეიკ ნიუსის" კლასიკურ მაგალითს.
აღნიშნული მედიასაშუალების მაყურებელთა მიმართ პასუხისმგებლობის გამო და საზოგადოების სიცრუეში შეყვანის მცდელობის საპასუხოდ, არაერთხელ განგვიმარტავს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი უწყებაა, სადაც 40 000-მდე ადამიანი მუშაობს. შესაბამისად, თანამშრომელთა გადინება და ახალი თანამშრომლების მიღება ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ასევე, ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია ახალი კადრების მიღების მიზნით სამინისტროს ვებგვერდზე გამოცხადებული ვაკანსიები, შესაბამისი კონკურსების ღია და გამჭვირვალედ წარმართვა.
აშკარაა, რომ ტელეკომპანიის მიერ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება ემსახურება ქვეყანაში ნიჰილიზმის გაღვივებას, მაყურებელში პოლიციის საქმიანობის მიმართ მიზანმიმართულად ნეგატიური განწყობების შექმნას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას, უწყების მიმართ საზოგადოებაში უნდობლობისა და უპატივცემულობის დამკვიდრებას, " - აღნიშნულია განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებს აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 16 ივნისს, ქუთაისში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, წარსული არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, მეზობელს - 1979 წელს დაბადებულ გ.ფ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გ.მ. ბრალდებულის სახით ქუთაისში დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.