შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით - თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და გურიაში კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარა. ნარკორეალიზაციის, საქართველოში ნარკოტიკების უკანონო შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისათვის დაკავებულია 20 პირი.
 
ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ქვემო ქართლში, იმერეთსა და დედაქალაქის სხვადასხვა უბანში, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში, დაკავებულია 14 ნარკორეალიზატორი.
 
ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული ლ.ჯ., 2005 წელს დაბადებული რ.ა., 1996 წელს დაბადებული გ.თ., 1985 წელს დაბადებული ნ.ს., 1971 წელს დაბადებული ა.გ., 2002 წელს დაბადებული მ.ჭ., უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებულები მ.მ., 1980 წელს დაბადებული მ.მ., ასევე, წარსულში ნასამართლევი პირები: 1978 წელს დაბადებული ზ.თ., 1985 წელს დაბადებული მ.დ., 1992 წელს დაბადებული გ. ს., 1969 წელს დაბადებული ე.დ. და 1976 წელს დაბადებული გ.ს.
 
დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
რაც შეეხება 1998 წელს დაბადებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქე ა.ი.-ს, 1987 წელს დაბადებულ ე.ი.-ს, ასევე, წარსულში ნასამართლევი პირებს: 1973 წელს დაბადებულ ე.ე.-ს, 1973 წელს დაბადებულ გ.ჟ.-ს, 1966 წელს დაბადებულ ნ.ბ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს, მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის, აგრეთვე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის მცდელობაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებაში, ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვაში, ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს, რითაც დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
 
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღებისთვის დაკავებული პირებისგან, ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
 
სამართალდამცველებმა თბილისში, აჭარაში, გურიაში, იმერეთში, ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, იმერეთის პოლიციის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დაკავებული ნარკორეალიზატორების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების გაყიდვის შედეგად მიღებული ფული.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბრალდებულების: მ.ჭ.-ს და მ.მ. -ს მიერ 25 ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული ნარკოტიკული საშუალება "ალფა პვპ" ამოიღეს.
 
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის - ე.ი.-ს პირადი და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ , „თებაინი“, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვა სახის ნარკოტიკები.
 
აჭარის პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში გამოგზავნილი ამანათის კონტროლირებადი მიწოდება განახორციელა, რის შემდეგაც ე.ე. ბრალდებულის სახით დააკავეს. ნივთმტკიცების სახით პოლიციამ 560 აბი „სუბუტექსი“ ამოიღო.
 
რაც შეეხება აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ გ.ჟ.-ს, პოლიციამ, მისი პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღო დიდი ოდენობით „ჰეროინი“. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“, გამომშრალი მარიხუანა, 2 რევოლვერი და ვაზნები.
 
გურიისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ნ.ბ.-სგან, რომელიც ავტომანქანით გადაადგილებისას დააკავეს, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 6 შეკვრად დაფასოებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. სირეცი, 5 აბი „სუბოქსინი“, ე.წ. სირეცით სავსე 3 ფლაკონი და 3 მცირე ზომის ელექტროსასწორი.
 
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი ტ.კ.-ის საცხოვრებელ სახლში, ეზოსა და დამხმარე სათავსოებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, 43 კილოგრამი კანაფი, ასევე, 813 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
ნარკოდანაშაულის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 19-260-ე, 262-ე, 265-ე, 276-ე, 236-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების და ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდი ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში მიმდინარე „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ში მონაწილეობას წარმატებით განაგრძობს. ქართველმა სამართალდამცველებმა საერთაშორისო ოლიმპიადაზე კიდევ 2 ოქროს მედალი მოიპოვეს.
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსი, კობა კობახიძე ძალისმიერ წოლჭიმში, 120 კგ წონით კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა. კობა კობახიძეს სხვა არაერთი საერთაშორისო სპორტული ტიტული აქვს მოპოვებული.
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე გაიმარჯვა და ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გიგა ბერიაშვილი. მან ძიუდოში, 66 კგ წონით კატეგორიაში, ყველა მეტოქეს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.
ამ ეტაპზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გუნდს „პოლიციისა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადა 2022“-ზე 4 ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში მეტოქე დაამარცხა, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მედალი მოიპოვა.
სპორტის ამავე სახეობაში, ასევე პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ თეიმურაზ კალანდაძესა და ლევან გილიგაშვილს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს შორის ქალაქ როტერდამში მიმდინარე მსოფლიო ოლიმპიადაში, რომელიც სპორტის სხვადასხვა სახეობას მოიცავს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები შესაბამის სახეობასა და წონით კატეგორიაში მონაწილეობას განაგრძობენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური პოლონეთის რესპუბლიკას და პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს პოლიციის დღეს ულოცავს.

ოფიციალურ წერილში ვახტანგ გომელაური ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების შესახებ წერს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, მინდა, გულითადად მოგილოცოთ პოლონეთის რესპუბლიკის პოლიციის დღე. მსურს, თქვენ და თითოეულ პოლიციელს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და წარმატება უაღრესად საპასუხისმგებლო სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევით, ორ სამართალდამცავ უწყებას შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც წარმატებული მიღწევების განმაპირობებელი იქნება, ორივე ქვეყნის სასარგებლოდ“, - ნათქვამია მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის პოლიციის უფროსს, გენერალ იაროსლავ შიმჩიკს გაუგზავნა.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.
სამინისტრომ, პრაქტიკაში გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები შეიმუშავა, რომლებიც ხელს შეუწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებას.
კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსაზღვრულია ცვლილებები:
 
• დასჯადი ხდება ე.წ. დრიფტი, რაც გულისხმობს ავტომობილის განზრახ მოცურებას/მოსრიალებას ან/და მოცურებით წრიული ბრუნვის განხორციელებას. სანქციად წესდება ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 30 ქულით შემცირება.
დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, თუ ე.წ. დრიფტს მოჰყვება ზიანი. აღნიშნული გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 35 ქულით შემცირებას.
 
• დასჯადი ხდება ჩამოწერის შედეგად აღრიცხვიდან მოხსნილი სატრანსპორტო საშუალების მართვა. აღნიშნულისთვის წესდება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობის 30 ქულით შემცირდება.
 
• შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმების და/ან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური აღჭურვილობის და შეფერილობის ავტომანქანით გაცილების გარეშე არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებით გზაზე მოძრაობისთვის სანქცია, ნაცვლად 100 ლარისა, იქნება ჯარიმა 1 000 ლარი, ხოლო თუ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვა ზიანი, 250 ლარის ნაცვლად, დაწესდება ჯარიმა 2 000 ლარი.
 
 
• სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, 150 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
 
• კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინებით სატრანსპორტო საშუალების მართვა, 50 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
 
• დასჯადი ხდება ისეთი სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონე აღემატება დადგენილ ნორმატივებს. სანქციის სახედ წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირება. პირველ ეტაპზე მოწესრიგდება საკანონმდებლო ჩარჩო, ხოლო შემდგომ მოხდება ხმაურისმზომი აღჭურვილობის შეძენა.
 
გარდა ამისა, აღმოიფხვრება ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, მათ შორის, განისაზღვრება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების გამოქვეყნების წესი, რომლითაც შემცირდება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებული დადგენილების ჩაუბარებლობის შემთხვევები.
 
ცვლილება შედის აგრეთვე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში. რიგი სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებულია მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა რაოდენობის შემცირება.
 
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს გადაეგზავნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ, სასაზღვრო რეჟიმს დაქვემდებარებულ ტერიტორიასთან მიახლოებისას ან აღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნისას პირთა ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო საზღვართან გამაფრთხილებელი ნიშნების განთავსება დაიწყო, რომლებიც სახელმწიფო საზღვრის ზონაში არაუმეტეს 5კილომეტრში, სასაზღვრო ზოლში კი 500 მეტრის სიგანის ნაწილში დამონტაჟდება.
სასაზღვრო ზონასა და სასაზღვრო ზოლში გადაადგილების ნებართვასთან დაკავშირებით, როგორც ფიზიკურმა, ასევე, იურიდიულმა პირმა უნდა მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას.
შესაბამისი ნებართვის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ „საშვის მაძიებლის განაცხადის“ ფორმა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://bpg.gov.ge/page/public-relations/information-for-tourists თან დაურთონ პირადობის მოწმობის ან პასპორტის მონაცემთა გვერდის ასლი და საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. საშვის მიღება შესაძლებელია როგორც საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (ქ. თბილისი, კანდელაკის ქ. N12), ასევე, სასაზღვრო პოლიციის რეგიონულ სამმართველოებში და სასაზღვრო სექტორებზე.
2022 წლის 1-ლი სექტემბრიდან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევისთვის, სამართალდამრღვევი პირების მიმართ გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების მექანიზმები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 190-ე მუხლით არის გათვალისწინებული.
სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევისთვის დადგენილია შესაბამისი ჯარიმები, კერძოდ:
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი ტურისტული, სამეცნიერო-კვლევითი, სამონადირეო, სასოფლო-სამეურნეო ან სხვა არასამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, ჩადენილი სამრეწველო, სარეწი საქმიანობის, ობიექტის მომსახურების, მშენებლობის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზირებადი საქმიანობის ან/და სანებართვო ქმედების ან სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 200 ლარის ოდენობით;
ზემოაღნიშნული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 300 ლარის ოდენობით;
სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება, გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით;
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სახმელეთო მონაკვეთზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სასაზღვრო რეჟიმის დარღვევა, რამაც გამოიწვია სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება ან განადგურება, გამოიწვევს დაჯარიმებას 350 ლარის ოდენობით;
ზემოაღნიშნული ერთ-ერთი ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის დაცვის ობიექტის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის საშუალების ფოტო, ვიდეო ან/და აეროგადაღება, სასაზღვრო განწესის გადაადგილების შეფერხება ან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის (სასაზღვრო ნიშნის, სახელმწიფო საზღვრის დაცვის ტექნიკური საშუალებისა და სხვ.) დაზიანება/განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
https://matsne.gov.ge/ka/document/view/5372552?publication=0#DOCUMENT:1.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული მთავარი სამმართველოს და საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი დააკავეს. 

1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ.ვ. დაკავებულია გენდერის ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ჯ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ვ.-მ მიმდინარე წლის 19 ივლისს, ფონიჭალის დასახლებაში, დედა - 1983 წელს დაბადებული ლ.გ. და მისი ნაცნობი მამაკაცი - 1968 წელს დაბადებული რ. მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიყენებული ჭრილობების შედეგად, რ.მ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო ლ.გ.-ს შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.ვ. მომხდარიდან მალევე მივიდა თავის მეგობართან - გ.ჯ.-სთან და ჩადენილი დანაშაულის შესახებ უამბო, თუმცა მან აღნიშნული ფაქტი პოლიციას არ შეატყობინა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“ პუნქტით, 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „ლ“ პუნქტებით, ასევე, სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გენდერის ნიშნით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, გენდერის ნიშნით ოჯახის წევრისა და ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას, აგრეთვე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობასგულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ. და 1977 წელს დაბადებული რ.მ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნ.ნ.-მ, ცოლად შერთვის მიზნით, 2002 წელს დაბადებულ ფ. ო.- ს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობდა ამჟამად ბრალდებულის სახით დაკავებული რ.მ.-ც.
 
პოლიციამ, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გატაცებული გოგონას ადგილსამყოფელი დაადგინა.
 
სამართალდამცველებმა ნ.ნ. და რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს.
 
თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტამენტს, აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, სასამართლო ექსპერტიზის სფეროს განვითარების პროექტის ფარგლებში, ამერიკელი შემფასებელი - ჯონ ვანდერკოლკი და უფროსი მრჩეველი პოლიციის საკითხებში - ერიკ საივეკი ესტუმრნენ.
 
ჯონ ვანდერკოლკმა შეხვედრა გამართა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის დირექტორთან - გიორგი თვაურთან.
ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი შემფასებელი საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო და დაათვალიერა დნმ ლაბორატორია, ბალისტიკური ექსპერტიზის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის და ქიმიური ექსპერტიზის ლაბორატორიები.
აშშ-ის სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიურო (INL) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 2022 წლის 19 ივლისს გამოქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ.
გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შეფასების უმაღლეს საფეხურზეა და კვლავ ინარჩუნებს ადგილს პირველ კალათაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებები, რომელთა საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობა მიეცა, ტრეფიკინგის მსხვერპლები უზრუნველყოფილი იქნან მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურით.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები უფლებამოსილი არიან, საქმეში ჩაერთონ გამოძიების დაწყების მომენტიდან. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კოორდინატორებმა კვალიფიციური დახმარება გაუწიეს ტრეფიკინგის 8 მსხვერპლს და 10 მოწმეს.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი არაერთი სპეციალიზებული დანაყოფი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შემადგენლობაში არსებული ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და 6 მობილური ჯგუფი. დოკუმენტში აგრეთვე ხაზგასმულია აჭარის რეგიონში მოქმედი სპეციალისტთა ჯგუფის - ე.წ. TASK FORCE-ის საქმიანობა, რომელიც დაკომპლექტებულია სპეციალიზებული გამომძიებლებითა და პროკურორებით.
ანგარიშში პოზიტიურადაა შეფასებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და შრომით ინსპექციას შორის განახლებული მემორანდუმის გაფორმება, რომელიც მიზნად ისახავს იძულებითი შრომის შემთხვევების გამოვლენას, მობილური ჯგუფებისა და შრომითი ინსპექციის დანაყოფების მიერ ერთობლივი შემოწმებების ჩატარების გზით.
გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, კვლავაც დადებითად ფასდება შინაგან საქმეთა სამინისტროში ტრეფიკინგის დანაშაულთან საბრძოლველად მოქმედი ცხელი ხაზის ფუნქციონირება, სადაც შესაძლებელია ტრეფიკინგთან დაკავშირებით ზარების განხორციელება.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ყველა კურსანტი გადის ტრეფიკინგის საკითხებზე საბაზისო სასწავლო კურსს. აგრეთვე მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა გამომძიებლების, მობილური ჯგუფების წევრების, სასაზღვრო პოლიციის, პროკურორების, შრომის ინსპექტორების, მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორების გადამზადება ტრეფიკინგის დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე.
დოკუმენტში საუბარია იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ანგარიშს ტრადიციულად თანდართული აქვს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებასა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის გაუმჯობესებასზე.