შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და მსუბუქი მოტოციკლის პირველადი რეგისტრაციისთვის გამარტივებული წესი ამოქმედდა.
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაინტერესებულ პირს მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის და იმ მსუბუქი მოტოციკლის, რომლის ძრავის მუშა მოცულობა არ აღემატება 50 კუბურ სმ -ს, ხოლო მაქსიმალური სიმძლავრე - 4 კვტ-ს, პირველადი რეგისტრაციის დროს აღარ დასჭირდება საბაჟო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
ამასთანავე, თუ დაინტერესებული პირი ვერ უზრუნველყოფს სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენას, პირველადი რეგისტრაცია განხორციელდება მისი წერილობითი განცხადების საფუძველზე, რომლითაც იგი დაადასტურებს წარმოდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლებას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში, მიმდინარე ინფრასტრუტქტურული პროექტების ფარგლებში, გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი შენობა, რომელიც განკუთვნილია სატრანსპორტო საშუალების რეექსპორტის, ექსპორტის, იმპორტის, შესაბამისი საბაჟო პროცედურების განხორციელებისთვის.
ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა უახლესი ტექნიკითა და ინვენტარით არის აღჭურვილი. შენობის ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებზე სრულად არის მორგებული.
დაინტერესებული პირები ახალ შენობაში ახორციელებენ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტს, ექსპორტს, იმპორტს, შესაბამის საბაჟო პროცედურებს, ასევე პირველად რეგისტრაციას. შენობაში მზადდება და გაიცემა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და სარეგისტრაციო მოწმობები.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს (CoE) პროექტის - „ადამიანის უფლებების დაცვით საპოლიციო ზომების გატარება საქართველოში“ - მმართველი კომიტეტის პირველ შეხვედრაში.
 
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ - სტეფან სირბუმ, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - კარლო კაციტაძემ, სახალხო დამცველის მოადგილემ - გიორგი ბურჯანაძემ და ევროპის საბჭოს (CoE) პოლიციისა და თავისუფლების აღკვეთის საკითხებზე თანამშრომლობის მე-2 განყოფილების ხელმძღვანელმა - დონჩე ბოშკოვსკიმ გახსნეს.
 
შეხვედრის მონაწილეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორი უწყებების მიერ პროექტის ფარგლებში, მომავალი 6 თვის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები განიხილეს.
 
ალექსანდრე დარახველიძემ აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ტერიტორიული და სტრუქტურული ერთეულების რიგით და მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი პირებისათვის გადამზადების არაერთი ტრენინგი და სწავლება ჩატარდა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მიმდინარე წელს, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას, ასევე შეაჯამა მნიშვნელოვანი აქტივობები და მიღწეული შედეგები.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ევროპის საბჭოს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებაში მხარდაჭერისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვეს.
 
აღნიშნული პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა პარტნიორ უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანი და ანგარიშვალდებული წესით შესრულების მონიტორინგში, ადამიანის უფლებების სტანდარტების გაძლიერების გზით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - გიორგი ბუთხუზი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და კრიზისებზე რეაგირების (CSDP-CR) დირექტორატის ხელმძღვანელს - პაველ ჰერჩინსკის, ევროკავშირის სამხედრო შტაბისა და სამხედრო მისიების ხელმძღვანელს - ერვე ბლეჟას, ასევე, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციისა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე არსებული თანამშრომლობა და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
გიორგი ბუთხუზმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის განსაკუთრებულ როლსა და მის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევროპელ პარტნიორებს მადლობა გადაუხადა გაწეული მხარდაჭერისთვის და კიდევ ერთხელ გამოხატა ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარასა და იმერეთში ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს, მათგან 5 პირი ნარკორეალიზატორია.
 
1988 წელს დაბადებული ს. ნ., 1974 წელს დაბადებული კ. კ., 1973 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ზ.ბ., 1970 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი დ.ტ. და 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. დაკავებული არიან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის.
1988 წელს დაბადებულ მ.გ.-ს, 1979 წელს დაბადებულ ტ.კ.-ს და უცხო ქვეყნის მოქალაქეს, 1960 წელს დაბადებულ ი.ჩ.-ს დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.
 
დანაშაულები 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებამ დაადგინა, რომ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაკავებულები ნარკოტიკულ საშუალებებს სისტემატურად ყიდდნენ.
 
სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალებების - „ჰეროინის“, „სუბოქსინის“, “მეტადონის” და „მარიხუანის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ზ.ბ.-ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს: 24 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. ასევე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური სამალავიდან ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, გ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 9 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საბაჟო გამშვებ პუნქტში დააკავეს ტ.კ., რომლსაც 250 აბი ნარკოტიკული საშუალება "ექსტაზი" უკანონოდ, სხეულით შემოჰქონდა.
 
იმერეთის პოლიციამ უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ჩ. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში დააკავა. სამართალდამცველებმა, მისი პირადი, ავტომობილის და დროებითი საცხოვრებლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.
 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული მ. გ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს: 60 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“, 1 კილო და 500 გრამი გამომშრალი "მარიხუანა" და 160 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის “ შემცველი ნივთიერება.
 
ბრალდებულებისგან პოლიციამ ასევე ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და სავარაუდოდ რეალიზაციისგან აღებული ფული, ასევე, მარიხუანას კულტივაციისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოწყობილობა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების შედეგად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ახალი კატეგორია “AM”, რომელიც აერთიანებს მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებს.
დღეიდან, 28 მარტიდან მოპედისა და მსუბუქი კვადროციკლის რეგისტრაცია და „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოპოვება სავალდებულო ხდება.
AM“ კატეგორიის მართვის უფლების მოსაპოვებლად ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრა 16 წლიდან. მოპედებსა და მსუბუქ კვადროციკლებზე მართვის უფლების მოსაპოვებლად საჭიროა მხოლოდ თეორიული გამოცდის ჩაბარება. თეორიულ გამოცდაზე ერთჯერადად, პირველად გასვლის დროს, დაინტერესებული პირები სრულად თავისუფლდებიან გამოცდაზე გასვლის საფასურისგან. "AM" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა შესაძლებელია რიგში ადგილის დაჯავშნის გარეშე.
ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ პირი ფლობს ნებისმიერი კატეგორიის/ქვეკატეგორიის მართვის უფლებას, მას უფლება აქვს, მართოს „AM“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები.
დღეიდან, 28 მარტიდან “AM” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში დაინტერესებული პირის მიერ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში.
ამასთან გაცნობებთ, რომ დადგენილი კანონმდებლობის მიხედვით, რეგისტრაციის წესების დარღვევა და მართვის უფლების გარეშე მოპედითა და მსუბუქი კვადროციკლით გადაადგილება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის კლუბებში ტურისტებისგან დიდი ოდენობით თანხების დაუფლების თაღლითური სქემა გახსნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თაღლითობის ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - 13 პირი დააკავეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხოელი ტურისტების მიმართ ჩადენილი თაღლითური ქმედებით სოლიდურ შემოსავლებს იღებდნენ. ბრალდებულები ტურისტებს მოტყუებით, მუქარით, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო, არარეალურ, დიდ თანხებს. მათი დანაშაულებრივი ქმედებით სერიოზულად ილახებოდა საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის იმიჯი და ჩვენს ქვეყანაში არსებული უსაფრთხო გარემოს რეპუტაცია.

პოლიციამ რამდენიმეთვიანი ინტენსიური კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა: სომხეთის მოქალაქეები - - 1997 წელს დაბადებული ა. ა., 1996 წელს დაბადებული ა.ს., 1997 წელს დაბადებული ტ. ჰ., ასევე, საქართველოს მოქალაქეები - 1998 წელს დაბადებული ნ. გ., 1982 წელს დაბადებული ხ. ბ., 2001 წელს დაბადებული ლ. წ., 1995 წელს დაბადებული თ. შ., 1991 წელს დაბადებული ვ. კ., 1996 წელს დაბადებული მ. გ., 1999 წელს დაბადებული ე. მ., 1987 წელს დაბადებული ნ. თ., 1999 წელს დაბადებული ნ. დ., 1999 წელს დაბადებული ნ. ხ.

მათ ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ქალები, რომლებიც თბილისში მდებარე კლუბებში - „ქალაქურსა“ და „როიალში“ ე.წ. პრომო გოგონებად მუშაობდნენ, სხვა ბრალდებულებთან - ამავე კლუბების მფლობელ ა.ა.-სთან, მენეჯერებთან - ა.ს.-სა და ტ.ჰ.-სთან შეთანხმებით, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოში ჩამოსულ უცხოელ ტურისტ მამაკაცებს თავს აპატიჟებინებდნენ და მათთან შეუთანხმებლად უკვეთავდნენ სხვადასხვა დასახელების სასმელს და საკვებს. შემდეგ, თაღლითურ სქემაში ჩართულ მიმტანს უცხოელ ტურისტებთან მიჰქონდა ჩეკი და ბრალდებულები მათ მოტყუებით, იძულებით ახდევინებდნენ შეკვეთილი მომსახურების შეუსაბამო დიდ თანხებს.

სამართალდამცველებმა, კლუბი "როიალის" ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს, სავარაუდოდ, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხები - 980 ლარი, 2 712 აშშ დოლარი, 1 815 ევრო, 64 500 რუსული რუბლი, 500 შვეიცარიული ფრანკი, 712 არაბული დირჰამი და 3 550 ავსტრალიური დოლარი .

ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, საბანკო ბარათები და სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია.

ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმესთან დაკავშირებით, სხვა გარემოებების გამოკვეთისა და აღნიშნულ ფაქტებთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ“ და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროს - ლელა ჯანაშვილთან გაცნობითი შეხვდა გამართა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე, ოთარ ჩახუნაშვილი დაესწრნენ.

ვახტანგ გომელაურმა ლელა ჯანაშვილს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების მნიშვნელობას.

ვახტანგ გომელაურმა შეხვედრის ბოლოს იმედი გამოთქვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის არსებული თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შშმ პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა აღნიშნულ თემაზე მომუშავე საკონსულტაციო ჯგუფთან ორდღიანი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და გაეროს განვითარების პროგრამის ადამიანის უფლებების პროექტის მენეჯერმა, მარიამ თუთბერიძემ გახსნეს.
სამუშაო შეხვედრა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამინისტროს სისტემაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2022 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა საკონსულტაციო ჯგუფის წევრებთან ერთად განიხილეს გეგმის პროექტით გათვალისწინებული მიზნები და ამოცანები, განსახორციელებელი აქტივობები და მათი შესრულების ინდიკატორები.
შეხვედრის ფარგლებში, საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით რეკომენდაციები და მოსაზრებები წარმოადგინეს.
განხილვების დასრულების შემდეგ დამტკიცდება 2022 წლის სამოქმედო გეგმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის ეტიკეტის შესახებ ტრენინგი ჩატარდა.

სწავლების მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს შემდეგ საკითხებზე: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის არსი; შეზღუდული შესაძლებლობისადმი პოზიტიური დამოკიდებულება; დისკრიმინაციის დაუშვებლობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის სტანდარტი და სხვ.

 

ტრენინგი პროექტის - „შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრისა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების მხარდაჭერა გაუმჯობესებული საჯარო მომსახურების მიწოდების მიზნით - მეორე ფაზა“ - ფარგლებში გაიმართა.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო ინიციატივის - „საჯარო მმართველობის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში - ფაზა 2“- ნაწილია, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტის დანერგვას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2021 წლიდან უზრუნველყოფენ ადგილობრივი კომპანიები - GEC და რეფორმებისა და ინოვაციების ცენტრი.

პროექტი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიანი მომსახურების ცენტრსა და მომსახურების სააგენტოს ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ადამიანზე ორიენტირებული საჯარო სერვისების ეფექტური და ინკლუზიური მიწოდება.