ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ეწვია. სტუმრებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა უმასპინძლა. აკადემიაში აშშ-ის პარტნიორობით და მხარდაჭერით გადმოცემული აღჭურვილობის და ინრასტრუქტურული პროექტების გამოფენა/პრეზენტაცია გაიმართა.
 
კელი დეგნანმა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სხვა წარმომადგენლებმა მოინახულეს იმიტირებული სასამართლო დარბაზი, კიბერ-ლაბორატორია, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, კრიმინალისტიკური ხელსაწყოები, ტაქტიკური მომზადების ოთახი და სწავლებისთვის საჭირო აღჭურვილობა.
 
აშშ-ის ელჩმა საქართველოში, შსს აკადემიის პერსონალს სიტყვით მიმართა, სადაც ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა ტაქტიკური მომზადების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის ინტეგრირების შესახებ.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გიორგი ბუთხუზმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
 
ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა შს აკადემიას ვირტუალური ტირისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა (FATS) გადასცა.
 
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს კიბერდანაშაულის, ოჯახში ძალადობის, ტრეფიკინგის, ტაქტიკური მომზადების, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიშის განხილვაში.

მიმდინარე წლის ივლისში, ქალაქ ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტის 135-ე სესიაზე, განხილულ იქნა "სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ" საერთაშორისო პაქტის შესრულების თაობაზე საქართველოს მე-5 პერიოდული ანგარიში.

საქართველოს დელეგაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

ქართულმა მხარემ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ინსტიტუციური რეფორმების შესახებ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განხილვისას ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადადგმული იმ ქმედითი ნაბიჯების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასა და განმტკიცებას.

განხილვის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ ასევე უპასუხა გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრების შეკითხვებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

აღსანიშნავია, რომ კომიტეტის მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული ძალისხმევა 2022 წლის პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი შედეგება დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან, რომლებიც ახორციელებენ მხარე სახელმწიფოთა მიერ ,,სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის ეროვნულ დონეზე იმპლემენტაციის მონიტორინგს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სექტორ „სამებას“ (N2 სამმართველო - ახალციხე) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად ესტუმრა.
სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ნიკოლოზ შარაძემ მოადგილესთან, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ნიკოლოზ შარაძემ პარლამენტის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო, სასაზღვრო პოლიციის საქმიანობის საკითხებზე ისაუბრა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - თბილისის საპატრულო პოლიციას "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 89 ავტომანქანა გადაეცა.
 
ახალი ავტომობილები განკუთვნილია თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოსთვის. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შეუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.
 
შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის ავტოპარკს რეგულარულად აახლებს. გასულ წელს, პოლიციის დანაყოფების ავტოპარკი 700-მდე ახალი ავტომობილით განახლდა, ხოლო გასულ თვეში ბათუმში, ქობულეთსა და რუსთავში თანამედროვე საპოლიციო ტრანსპორტით სრულად ჩანაცვლდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანები.
 
საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია პოლიციელთა საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და მათი სამუშაო პირობების გაუმჯობესება. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ფ.დ. დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 3 ივლისს, ქ. მარნეულში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლით ჭრილობები მიაყენა 1976 წელს დაბადებულ ვ.ო.-ს.
 
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ვ.ო. სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.
 
სამართალდამცავებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი, მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა- ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, 4 ივლისი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს - კელი დეგნანს და საელჩოს მიულოცა.

"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით, გამოვხატავ ღრმა პატივისცემას თქვენსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმართ.

ნება მომეცით გულითადად მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 246-ე წლისთავი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისთვის. მსურს, გისურვოთ კეთილდღეობა და წარმატებები ყველა წამოწყებაში.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალწლიანი პარტნიორობისა და ფასდაუდებელი მხარდაჭერისთვის. ჩვენ მეტად ვაფასებთ შეერთებული შტატებთან, როგორც უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ მოკავშირესთან ჩამოყალიბებულ მტკიცე და ნაყოფიერ თანამშრომლობას." - აღნიშნულია ვახტანგ გომელაურის მიერ აშშ-ს ელჩისადმი გაგზავნილ წერილში.

"თბილისი პრაიდის" კვირეულის ღონისძიებებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები "თბილისი პრაიდის" კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს, ასევე ყველა მოქალაქის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

 

"დღეს, 2 ივლისს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება.

პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით, მობილიზებულები იქნებიან და საზოგადოებრივ უსაფრთხოებას დაიცავენ.

მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, მოვლენების გაშუქებისას, საჭიროების შემთხვევაში, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს პრაიდ კვირეულის მოწინააღმდეგე ჯგუფებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა,"- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ დასკვნითი ღონისძიება გამართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის - ლელა ბაქრაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ იქნა პრეზენტაცია. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მიეწოდათ ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანიის ფარგლებში განახორციელა.

დასკვნით ღონისძიებაზე გამოვლინდნენ კამპანიის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულები, რომელთაც შესაბამისი ჯილდოები გადაეცათ.

კამპანია "ნუ წაართმევ ბავშვობას" გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან თანამშრომლობით, ბავშვობის ასაკში ქორწინების აღმოფხვრის, ამ საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და სამართალდამცავებისთვის დროული შეტყობინების მიზნით განხორციელდა.

საინფორმაციო კამპანია 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. კამპანიის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ადგილობრივი საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან, ასევე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებთან ერთად, თემატური შეხვედრები გამართეს საქართველოს შვიდ რეგიონში.

კამპანიის ფარგლებში მომზადდა საინფორმაციო ვიდეო რგოლები, გამოცხადდა ნახატების კონკურსი, ასევე, დამზადდა ბრენდირებული საჩუქრები, რომლებიც შეხვედრების მონაწილეებს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს დაურიგდათ.

კამპანიის მიმდინარეობისას, ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულებთან დაკავშირებით პოლიციისათვის შეტყობინების გზების შესახებ მოსახლეობის მასობრივი ინფორმირება განხორციელდა SMS სისტემის გამოყენებით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კამპანია - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ განახორციელა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის - „გენდერული თანასწორობისთვის“ - ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, სამომავლო უსაფრთხოებისა და თავდაცვის შესაძლებლობების ქვეკომიტეტის დელეგაცია ესტუმრა.
„112“-ის დირექტორი - გიორგი არსოშვილი, დელეგაციის წარმომადგენლებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესახებ ესაუბრა.
სტუმრები ადგილზე გაეცნენ „112“-ის მუშაობის სპეციფიკას, კერძოდ, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისათვის დანერგილი ელექტრონული მონიტორინგის პროცესებს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს (OSCE) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის სიმულაციური სწავლების - „ადამიანთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა: სიმულაციური ხასიათის ეროვნულ ტრენინგზე დაფუძნებული მდგრადი თანამშრომლობა“ - გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
 
ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ტრეფიკინგის საკითხებში ეუთოს სპეციალურმა წარმომადგენელმა - ვალიან რიჩიმ.
 
ალექსანდრე დარახველიძემ ისაუბრა ქვეყანაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე, უკანასკნელი წლების განმავლობაში, ამ სფეროში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე, გამოწვევებსა და სიმულაციური ხასიათის ტრენინგის მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეუთოს (OSCE) მადლობა გადაუხადა პროექტის მხარდაჭერისა და წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის, ტრენინგის მონაწილეებს კი წარმატებები უსურვა.
 
პროექტის მიზანია საქართველოში ტრეფიკინგის თემატიკაზე სიმულაციური ხასიათის სწავლების დანერგვის ხელშეწყობა, რომლის მეშვეობით ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ეფექტიანად გამოავლენენ და გამოიძიებენ შრომითი და სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ჩადენილი ადამიანებით ვაჭრობის შემთხვევებს.