შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისსა და რეგიონებში 145 სხვადასხვა ვაკანსიის დასაკავებლად კონკურსი გამოაცხადა.
 
დაინტერესებულ პირებს ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მიღება და აპლიკაციის შევსება შეუძლიათ მიმდინარე წლის 28 აგვისტოს ჩათვლით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე: https://hr.police.ge
 
 
კონკურსი გამოცხადდა პატრულ-ინსპექტორის 47 ვაკანტურ თანამდებობაზე, პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე კონტროლიორი) 38 ვაკანტურ თანამდებობაზე და მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) 60 პოზიციაზე.
 
 
პატრულ-ინსპექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე:
 
▶️ ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 22 ვაკანსია;
▶️ მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 2 ვაკანსია;
▶️ ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 3 ვაკანსია;
▶️ სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 4 ვაკანსია;
▶️ კახეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 1 ვაკანსია;
▶️ იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 3 ვაკანსია;
▶️ სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 5 ვაკანსია;
▶️ გურიის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 2 ვაკანსია;
▶️ აჭარის მთავარი სამმართველოს სახაზო–საპატრულო სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის – 5 ვაკანსია.
 
 
პატრულ-ინსპექტორის (მესაზღვრე-კონტროლიორი) ვაკანტურ თანამდებობაზე:
 
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საქართველოს სამსახური – 35 ვაკანსია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი) – 2 ვაკანსია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახურის სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (სამება) – 1 ვაკანსია.
 
 
მესაზღვრე-კონტროლიორის ფუნქცია–მოვალეობის შემსრულებლის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი) პოზიციაზე:
 
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახური (ქუთაისის აეროპორტი) – 20 პოზიცია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის განყოფილება (დარიალი) – 8 პოზიცია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს სამცხე-ჯავახეთის სამსახური – 20 პოზიცია;
▶️ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს სამსახური – 12 პოზიცია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მიმდინარე წლის 14 აგვისტოს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო, სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, პოლიციის გენერალ-მაიორ​ ვაჰე ღაზარიანს, სამინისტროს სახელით, სამძიმრის წერილი გაუგზავნა, სადაც სავაჭრო ცენტრ “სურმალუში" მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა გამო მწუხარება გამოთქვა.
ვახტანგ გომელაურმა სომეხ კოლეგას თანადგომა გამოუცხადა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მსურს, გამოვხატო ღრმა მწუხარება 14 აგვისტოს, ერევანში, სავაჭრო ცენტრ "სურმალუში" მომხდარ ძლიერ აფეთქებასთან დაკავშირებით.
ნება მომეცით, ამ მწუხარების ჟამს მოგმართოთ თქვენ და სომეხ ხალხს, რათა გამოვხატო თქვენდამი უდიდესი პატივისცემა და თანადგომა. მინდა, ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს მივუსამძიმრო და დაზარალებულ მოქალაქეებს სწრაფად გამოჯანმრთელება ვუსურვო", - წერს ვახტანგ გომელაური.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე ი.ბ. თბილისში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვასა და უკანონო გასაღების მცდელობაში, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვაში ედება.
 
დანაშაული 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გამოავლინეს ერთ-ერთ ინტერნეტაპლიკაციაში მოქმედი ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი და აღნიშნული ჯგუფის კურიერი - საქართველოში დროებით მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქე ი.ბ.
 
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული, 14 შეკვრად დაფასოებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს, მათ შორის "კოკაინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი". საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციიდან ასევე ამოღებულია შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული 1 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“.
 
პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: 385 გრამი ნარკოტიკული საშუალება "კოკაინის" შემცველი ფხვნილი, 443 გრამი ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინის" შემცველი ფხვნილი, 3 კილო და 152 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს და ნარკოტიკული საშუალება "4-CMC"-ს შემცველი ფხვნილი, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "მდმა"-ს შემცველი აბები - ე.წ. ექსტაზი, საერთო წონით 876 გრამი. აგრეთვე, ამოღებულია ელექტროსასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
 
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა -შენახვისა და გასაღების მცდელობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 261-ე მუხლის მე-7 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022"-ში გამარჯვებულ თანამშრომლებს შეხვდა. ვახტანგ გომელაურმა ოქროსმედალოსან სამართალდამცველებს წარმატებული ასპარეზობა პირადად მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 
"პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ როტერდამში, გაიმართა.
 
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ოლიმპიადაზე 6 ოქროს მედალი მოიპოვეს და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ჩემპიონები გახდნენ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კალანდაძემ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა - კობა კობახიძემ და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა - ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერ წოლჭიმში, სხვადასხვა წონით კატეგორიაში, ოქროს მედლები მოიპოვეს.
 
პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიადაზე, ძიუდოს სახეობაში გაიმარჯვა და ასევე ოქროსმედალოსანი გახდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - გიგა ბერიაშვილი.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი - ადამურ არქანია კი მკლავჭიდში 2 ოქროს მედალს დაეუფლა.
 
"პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022"-ში გამარჯვებული ქართველი სამართალდამცველები არაერთი საერთაშორისო სპორტული ასპარეზობის პრიზიორები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ი.ტ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლეს - 1984 წელს დაბადებულ შ.ზ.-ს ბასრი საგნის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ი.ტ. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად არის ამოღებული.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, მთავრობის წევრებთან, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, შინდისში, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული 17 გმირის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.
 
სოფელ შინდისში დაღუპული მებრძოლების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა. გმირთა მემორიალთან დაღუპულთა ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ.
 
შინდისის ბრძოლიდან 14 წელი გავიდა. 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს 17 ქართველი ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა.

2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
14 წლის წინ, 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1942 წელს დაბადებული თ.ბ., განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
 
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, თბილისში, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე დაწესებულების დირექტორი - 1972 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
 
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის "ქურდული წესით" გარჩევის ფაქტები გამოავლინეს და მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ჭიათურასა და საჩხერეში 8 პირი დააკავეს.
 
 
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული არიან: 1953 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.შ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ზ. (მეტსახელად „თუშია“), 1976 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.თ. (მეტსახელად „ჩხირა“), 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.ა. (მეტსახელად „ლეღვა“), 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.კ., 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ს.რ., 1966 წელს დაბადებული კ. ტ., 1991 წელს დაბადებული ვ. ტ.
 
დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობაში. ისინი, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, შემდეგ კი "კანონიერი ქურდების" გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.
 
ბრალდებულებისა და მოდავე მხარეების მონაწილეობით რამდენჯერმე მოეწყო საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე ე.წ. ქურდული გარჩევები, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდები“ - თენგიზ ხოფერია (მეტსახელად „ჭინკა“), დავით ქურასბედიანი (მეტსახელად „ჭუტა“), რომან ბარბაქაძე (მეტსახელად „რემენა“), მერაბ ჭეიშვილი (მეტსახელად „ჟორჟიკიჩი“) და ჯეირან კინწურაშვილი მონაწილეობდნენ.
 
პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
 
„ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით, 223-ე მე-3 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს.

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაიკრძალნენ. საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა.
 
დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა.
 
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი მეუღლესთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, პარლამენტის თავმჯდომარე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მოქალაქეები და დაღუპულთა თანამშრომლები.
 
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ.
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ.
 
გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე დაჯილდოვდნენ მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის".