პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 6 პირი

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი.
 
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს.
 
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის 2 ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 5 ვაზნა ამოიღეს.
 
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 3 ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო.
 
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი - 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.
 
მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
 
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა.
 
დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.