2021 წლის 23 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდამცველებისთვის ჯგუფურად წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისიდან სხვადასხვა სახის ტექნიკური მოწყობილობები ამოიღეს და დალუქეს, რადგან არსებობდა საქმისათვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებითი ინფორმაციის განადგურების ან/და სამომავლოდ მოპოვებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
 
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები სასამართლომ კანონიერად სცნო.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს აცნობეს, რომ გამოცხადებულიყვნენ სამინისტროში და დაუბრუნდებოდათ პარტიის ოფისიდან ამოღებული ტექნიკური მოწყობილობები, რაზეც მათ უარი განაცხადეს.
 
ამის შემდგომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტიას ოფიციალური წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ გამოყონ კანონიერი წარმომადგენელი, რომელსაც ოფისიდან ამოღებული ტექნიკური საშუალებები გადაეცემა.

საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
 
ასევე, სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
 
ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის დანაყოფებმა თბილისი აიღეს და ქვეყანაში საბჭოთა მმართველობა დამყარდა.
 
საქართველოს პარლამენტის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ტრადიციულად, ყოველი წლის ამ დღეს, ოკუპაციის ასეულ ათასობით მსხვერპლთა პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება.
 

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს, თუ როგორ მიმართავს პოლიცია ნიკანორ მელიას, ასევე, იქ შეკრებილ მოქალაქეებს და აძლევს გონივრულ ვადას, დაემორჩილონ სამართალდამცველების მოთხოვნებს.
სამინისტროს მიერ ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.
საპოლიციო ღონისძიების მსვლელობისას, სამართალდამცველებმა შეკრებილებს შენობიდან გასვლის შესაძლებლობა მისცეს და ამ მიზნით უსაფრთხო დერეფანი უზრუნველყვეს.
შეკრებილების ნაწილმა ისარგებლა აღნიშნული დერეფნით და დატოვა შენობა, ნაწილმა კი განაგრძო წინააღმდეგობა და ძალადობრივი ქმედებები, რის ამსახველი კადრებიც საზოგადოებამ არაერთი ტელეკომპანიის პირდაპირ სატელევიზიო ეთერებში, ასევე, სოციალური ქსელში გავრცელებულ სხვადასხვა ვიდეოში ნათლად იხილა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობისა და წინააღმდეგობის ამსახველ ყველა ფაქტს შეისწავლის და მათზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
 

ვიდეო, სადაც ასახულია, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი თუ როგორ ისვრის მყარ საგანს პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაზიანდა იქვე მყოფი მოქალაქის ფოტოტექნიკა.
 
 
 

23 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზე სხვადასხვა ქვეყნებიდან კიბერშეტევა განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიული მოქმედებების შედეგად შეტევა აღკვეთა.
გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ანდა კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და ხელყოფის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286-ე მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 17 თებერვალს ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის შესახებ გამოტანილი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა - ნიკანორ მელია დაკავებულია.

სამართალდამცველებმა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში და მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს, ხელი არ შეეშალათ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.

სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პარტიის ოფისთან შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა.

შესაბამისად, სასამართლოს მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას პოლიციამ გამოიყენა იძულების, კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის - ნინო ჩახნაშვილის მიერ 17 თებერვალს გამოტანილი გადაწყვეტილება ნიკანორ მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომლის აღსრულება დაევალა შინაგან საქმეთა სამინისტროს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ადგილზე შეკრებილი მოქალაქეები გააფრთხილეს ხელი არ შეუშალონ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში და ამისთვის გონივრული ვადა მისცეს მათ.
მოვუწოდებთ როგორც პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, მათ მხარდამჭერებს პროტესტი გამოხატონ მშვიდობიანი ფორმით, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და ხელი არ შეუშალონ პოლიციის წარმომადგენლებს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაში.
 
პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი ძალადობის მცდელობის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი ნებისმიერი პირი პასუხს აგებს კანონის სრული სიმკაცრით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 618 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 99 ფიზიკური პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 519 ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრა
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგა.
ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 12%-ით შემცირდა, ხოლო არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტრო განაგრძობს რეფორმებს კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და საზღვრის დაცვის მიმართულებით.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმირების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება.
ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს ნარკორეალიზატორების მიმართ უკომპრომისო პოლიტიკის გატარებას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერებას და უწყების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების წევრმა დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე სამინისტროს მიერ არასრულწლოვნის ინტერესებისთვის მორგებული გარემოს შექმნის შესახებ ისაუბრა:

„კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველო, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით არასრულწლოვნების მიერ და მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ახდენს რეაგირებას. სამინისტრო აგრძელებს არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნაზე მუშაობას. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, UNICEF-ის კონცეფციის შესაბამისად, ბავშვზე მორგებული გარემო შექმნილია თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 2021 წელს გაგრძელდება მსგავსი სივრცეების მოწყობა პოლიციის დანაყოფებში“

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე საპატრულო პოლიციის შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.  გომელაურის განცხადებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე ოპერატიულად რეაგირებენ, აკონტროლებენ კარანტინისა და იზოლაციის წესების დაცვას და მოქალაქეებს არსებული რეგულაციების აღსრულებისკენ მოუწოდებენ. მან ასევე აღნიშნა, რომ 2021 წელს შიდა ქართლისა და კახეთის რეგიონებში ერთიანი მომსახურების ცენტრები გაიხსნება, რომლის საშუალებით მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს:

 „სამინისტრო აქტიურად განაგრძობს ზრუნვას საპატრულო პოლიციის თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე. შეიცვალა პატრულ-ინსპექტორების ზამთრის სამუშაო ფორმა. თანამედროვე დიზაინის თბილი ქურთუკები და ზამთრის ფეხსაცმელები ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. უნიფორმა შეკერილია საქართველოში, მაღალხარისხიანი და გამძლე მასალისგან. განახლდა საპატრულო ეკიპაჟების სპეციალური აღჭურვილობა და ავტოპარკი. ქვეყნის მასშტაბით გაფართოვდა ფარული პატრულირების სამოქმედო არეალი“