შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახში ძალადობის ფაქტზე, 1985 წელს დაბადებული ზ.შ. გურჯაანის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 1996 წელს დაბადებულ მეუღლეს ოჯახური კონფლიქტის დროს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული კონფლიქტის დროს ქალს ხელში ჰყავდა შვილი - 2020 წელს დაბადებული ბავშვი, რომელმაც გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქუტურული პროექტების ფარგლებში, სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის განკუთვნილი ახალი შენობის მშენებლობა დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა. .
დღეიდან სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და საექსპერტო შემოწმება ახალ, თანამედროვე სტანდარტის შენობაში განხორციელდება. სერვისი სრულად არის მორგებული მოქალაქეთა კომფორტულ და სწრაფ მომსახურებაზე.
შენობა დაყოფილია 12 გამტარ პუნქტად და დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ, მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმებისთვის შესაბამის პუნქტებში გადანაწილდნენ. ასევე, ცალკე გამოიყო სატვირთო ავტომობილების დასათვალიერებელი 2 გამტარი პუნქტი.
აღნიშნული მომსახურების ფარგლებში, აღსანიშნავია, რომ სერვისის მიღების მსურველი ადგილზე, მანქანიდან გადმოუსვლელად მიიღებს დათვალიერებისა და საექსპერტო შემოწმების აქტს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დაგეგმილი და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სერვისების გაუმჯობესების მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
 
 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ცაციაშვილმა, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში ,,ქალთა გაძლიერების ფორუმი 2021". ქალთა გაძლიერების ფორუმი USAID/PROLoG-ის ორგანიზებითა და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით ჩატარდა.
 ნინო ცაციაშვილმა ფორუმზე აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია ქალთა უფლებების დაცვა და ქალების გენდერული ნიშნით დისკრიმინაციისაგან დაცვა, ასევე ისაუბრა სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქალთა უფლებებს და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებს უკავშირდება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობა, სექსუალური შევიწროება, ბავშვობის ასაკში ქორწინება, რაც წარმოადგენს ქალებისა და გოგონების უფლებების სერიოზულ დარღვევას.
ნინო ცაციაშვილმა ამ მხრივ პოლიციისადმი მიმართვიანობის ტენდენციებსა და საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს როლზეც და აღნიშნა, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, უწყებამ უნდა შეძლოს და ეფექტიანად მოახდინოს ქალთა უფლებების დაცვა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილა სამართალდამცველთა კვალიფიკაციის გაძლიერებაზე, ამ მიზნით ჩატარებულ და მიმდინარე სწავლებებზე.
ნინო ცაციაშვილმა ​ მადლობა გადაუხადა ყველა იმ პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც სამართალდამცველმა სისტემამ ხელშესახებ პროგრესს მიაღწია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თელავში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნეს. ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1993 წელს დაბადებული ა.ა.
 
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1960 წელს დაბადებულ მამას, 1963 წელს დაბადებულ დედას და 1935 წელს დაბადებულ ბებიას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
 
პოლიციამ ა.ა. მომხდარიდან რამდენიმე საათში, თელავში დააკავა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - პისტოლეტი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
 
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის სამი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ვანის რაიონული სამმართველოს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.მ. ვანში დააკავეს. მას ბრალად სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა ედება.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიმდინარე წლის 5 მარტს ვანის რაიონულ სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა. სამართალდამცველებმა მიღებულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და დაუყოვნებლივ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
სანადირო თოფით შეიარაღებულმა გ.მ.-მ., რომელიც თავის მოკვლას აპირებდა, პოლიციელების დანახვისთანავე, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც დაიჭრა ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი.
დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს.
სამართალდამცველის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი კი ნივთმტკიცებად ამოიღო.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის შესახებ ისაუბრა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტზე გაამახვილა ყურადღება.
„112“-ში შეიქმნა ელექტრონული მონიტორინგის ცენტრი, რომლის კომპეტენციის ფარგლებშიც დაიწყო ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება. პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის აქტიური მხარდაჭერით. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ შეიძინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცა 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა“-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და აღნიშნა, რომ 2021 წელს სამინისტროს ევროკავშირმა 250 ელექტრონული სამაჯური გადასცა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა პანდემიის პირობებში 2020 წელს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის - „112“-ის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
„2020 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევები ჰქონდა „112“-ს. შესული ზარების რაოდენობა 7 მილიონამდე გაიზარდა, შესაბამისად, გაორმაგდა თანამშრომელთა
რაოდენობაც. პანდემიასთან დაკავშირებით, „112“-მა არსებულ ინფრასტრუქტურაზე მოაწყო და 2020 წლის 30 მარტს ექსპლუატაციაში გაუშვა ერთიანი სამთავრობო
ცხელი ხაზი - „144“. გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ცხელი ხაზების ინფრასტრუქტურა თბილისის მასშტაბით 3 სხვადასხვა ადგილზე მოეწყო.
პანდემიასთან დაკავშირებული გადატვირთვის გამო, „112“-მა შეიძინა და განაახლა სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურა“. - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

ინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა გააცნო და თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, ერთი მხრივ, ჩვენი თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა, ხოლო, მეორე მხრივ, სამინისტროში ახალი კვალიფიციური კადრების მოზიდვა, რაშიც უმნიშვნელოვანესია სამინისტროს აკადემიის როლი. აკადემიის შესაძლებლობების განვითარება ჩვენთვის კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება”,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს ქვეყანაში დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ ჩვენი მთავარი ამოცანაა პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა, როგორც დანაშაულის პრევენციისა და აღკვეთის, ასევე, პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. მომავალში კვლავ გაგრძელდება და გაძლიერდება, როგორც საპოლიციო, ასევე, საზოგადოებისათვის სერვისების მიწოდების მიმართულებების
განვითარება“ ,-აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. ანგარიშის დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს თანამშრომლებს საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს თავდაუზოგავი შრომისთვის. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი პოლიციელები ღირსეულად ემსახურებიან ქვეყანას და 24 საათის განმავლობაში იქნებიან ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების გვერდით “, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა.
“განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საოკუპაციო ხაზთან იცავენ ქვეყნის უსაფრთხოებას. პანდემიის დროს მათი ფუნქციებიც გაიზარდა, მათ შორის, დაევალათ ქალაქების შესასვლელ-გასასვლელებში მოწყობილი საგუშაგოების 24-საათიანი კონტროლი და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერება სხვადასხვა მიმართულებით.
„ განახლდა და სრულად აღიჭურვა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, განხორციელდა საოკუპაციო ხაზის კომპლექსური შეფასება, განისაზღვრა როგორც
არსებული ტაქტიკური და ლოჯისტიკური მდგომარეობა, ასევე, სამომავლო პრიორიტეტები. ეტაპობრივად გაიზარდა თანამშრომელთა ხელფასები“, - განაცხადავახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრმა აგრეთვე ისაუბრა სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის როლზე ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. 
„მინდა აღვნიშნო სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ მუდმივ რეჟიმში ხდება დეპარტამენტის გაძლიერება. კერძოდ: ტაბაწყურის ტბასთან დასრულდა ახალი კაპიტალური ბაზის მშენებლობა, მოეწყო წალკის და ახალციხის საგუშაგოები, მარნეულის და სუფსის ბაზებზე ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტაქტიკური და სამთო მომზადების ზამთრისა და ზაფხულის სწავლებები. მიმდინარე წელს დაგეგმილია საბრძოლო დანაყოფების საცეცხლე მომზადება და წალკის,
ახალციხის და ციხისჯვრის ბაზებზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პლენარულ სხდომაზე მომსახურების სააგენტოში დანერგილი სერვისების შესახებ ისაუბრა და დეპუტატებს დაგეგმილი პროექტები გააცნო.

მინისტრის თქმით, პანდემიის პირობებში, კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სპეციალურ რეჟიმზე
გადავიდა, შენობებში განთავსდა დამცავი მინის ბარიერები და მოეწყო რიგის მაკონტროლებელი ჯებირები. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, სააგენტოში ახალი სერვისები დაინერგა.

„2020 წლის ოქტომბრიდან, დაინტერესებულ პირებს საშუალება მიეცათ, დისტანციურად, სააგენტოში მოსვლის გარეშე განახორციელონ იარაღის რეგისტრაცია. იარაღის რეგისტრაციისას სააგენტო სთავაზობს დაინტერესებულ პირებს საფოსტო მომსახურებასაც. რუსთავში განახლდა ცენტრალური სარეგისტრაციო დარბაზი და სააგენტოს თანამშრომლებს განუახლდათ ფორმები“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მომსახურების სააგენტოში დისტანციური მომსახურების სხვა სერვისებიც დაინერგება. „დაინერგება დისტანციური მომსახურების სერვისი, როგორიცაა სატრანსპორტო საშუალების დისტანციურად რეგისტრაცია/გადაფორმება. მოქალაქეები სატრანსპორტო საშუალებებს ონლაინ, სპეციალური პროგრამის საშუალებით დაარეგისტრირებენ. მომსახურების სააგენტო მოქალაქეებს სახელმწიფო სანომრე ნიშნების დისტანციურად შეცვლის გამარტივებულ მომსახურებას შესთავაზებს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, “მინისტრის საათის” ფორმატში გამართულ პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაგეგმილი და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა. გომელაურის განცხადებით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ბრძოლა ერთდროულად უწევდა სტიქიებთან, უბედურ შემთხვევებთან, ხანძრებთან და პანდემიასთან. ვახტანგ გომელაურის თქმით, გასულ წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა.

„2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან მყვინთავების ხელფასი გაიზარდა 100%-ით. ხელფასი გაეზარდა ყველა მეხანძრე-მაშველს. გასულ წელს, სახანძრო-სამაშველო ძალების არსებობის ისტორიაში პირველად, დღიური კვების რაციონი განისაზღვრა და ცვლაში მყოფი მეხანძრე-მაშველების კვებას სამსახური უზრუნველყოფს. უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში, 2021 წელს პირველად მოხდა მეხანძრე-მაშველთა EN (იენ) სტანდარტის სახანძრო ფორმების შესყიდვა, ასევე, შესყიდულია მეხანძრე-მაშველთა ყოველდღიური ფორმები. მიმდინარე წელს დაგეგმილია სამთო-სამაშველო აღჭურვილობის განახლება და მყვინთავი-მაშველებისთვის თანამედროვე, უახლესი სტანდარტის აღჭურვილობის
შეძენა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამსახურს ჯამში 1 270 000 დოლარის ღირებულების სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა გადაეცემა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2020 წელს ახალი შენობები აშენდა ბორჯომში , ჩხოროწყუსა და ანაკლიში. ახალი სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მშენებლობა კი ხულოსა და კასპის მუნიციპალიტეტებშია დაგეგმილი.