შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში - „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია: სიახლეები და უახლესი მონაცემები”.
2020 წლის 23 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გენერალურმა პროკურატურამ, უზენაესმა სასამართლომ და სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პოლიტიკის დონეზე იქცა პრიორიტეტულ მიმართულებად, რაზეც მეტყველებს სამინისტროს მიერ განხორციელებული არაერთი აქტივობა. ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, აქტიურად მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით და ამ პროცესში უწყებას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებენ ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები. მინისტრის მოადგილემ აგრეთვე აღნიშნა, რომ სამინისტროს თანამშრომლები ასევე აქტიურად არიან ჩართულნი საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებშიც.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ერთიანი სტატისტიკის შეგროვების შემუშავებული მოდელის მნიშვნელობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ წარმოებული მონაცემები გახდეს კიდევ უფრო ზუსტი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. მინისტრის მოადგილემ, ასევე, ხაზი გაუსვა მემორანდუმის მონაწილე უწყებების ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობას და მსგავსი თანამშრომლობით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
ალექსანდრე დარახველიძემ მადლობა გადაუხადა ყველა პარტნიორ და დონორ ორგანიზაციას, რომლებთან თანამშრომლობის შედეგადაც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის ერთიანი მეთოდოლოგია იქნა შემუშავებული.
ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ - ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტი 2018 წლიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მხარს უჭერს დაინტერესებულ მხარეებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მონაცემთა შეგროვების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ. გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები.
p

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე - 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში 2 პირი: 1996 წელს დაბადებული ი.უ. და 1995 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

ი.უ.-ს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა ედება ბრალად, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ა.ნ. კი ბრალდებულია წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთან სქესობრივი დანაშაულის ჩადენაში, რაც 7-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტი გამოავლინეს. სამი პირის მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულია მამა-შვილი: 1960 წელს დაბადებული ბ.წ. და 1994 წელს დაბადებული მ.წ.
 
დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის რესპუბლიკის სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბ.წ.-მ და მ.წ.-მ აღნიშნული პირები მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში. გარდა ამისა, ბრალდებულები უკანონოდ დატყვევებულ ადამიანებს თავისუფლად გადაადგილებას უზღუდავდნენ და მუდმივად აკონტროლებდნენ, როგორც პირადად, ასევე, საცხოვრებელ სახლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერების საშუალებით.
 
სამართალდამცველებისთვის აღნიშნული დანაშაულის შესახებ მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც სომხეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ფერმიდან გაქცევა მოახერხა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას შეეცადა სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით, რა დროსაც იგი სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა შეაჩერეს.
 
სამი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ზ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, კასპში დააკავეს.
 
 დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა 1987 წელს დაბადებულ ნ.ღ.-ს, ანგარიშსწორების მიზნით, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა ზ.კ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
 
 

დღეს, 13:00 საათზე, ქუთაისში, ნამოხვან ჰესის მშენებლობის შესახებ იგეგმება მასშტაბური აქცია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული გ.ს. გორში დააკავეს. მას ბრალად ედება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ჩადენა.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. გ.ს.-მ დაკავებისას წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 26 საბრძოლო ვაზნა. შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიიდან კი ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი 6 მასრა.
პოლიციამ, გ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღო გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. აბრეზი და საბრძოლო ვაზნები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილ ხულიგნობას.
 

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს - თომას მიულმანს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ავსტრიის პოლიციის ატაშე, გერალდ ჰიორმანი.
 
მხარეებმა საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ხაზი გაუსვეს საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებაში პოლიციის ატაშეების როლს.
 
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიის ელჩს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შენარჩუნების კუთხით, მიმდინარე წლის 1 იანვრიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.
 
ვახტანგ გომელაურმა ავსტრიულ მხარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა, თბილისში, ფონიჭალის დასახლებასა და მარნეულში ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 11 ნარკორეალიზატორი დააკავეს.

დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული რ.ი., 2002 წელს დაბადებული ა. ა., 2003 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.ი., 1974 წელს დაბადებული ს.კ. და 1982 წელს დაბადებული ხ.ა., 1990 წელს დაბადებული ე.შ., 1987 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს დაბადებული ფ.ა., 1975 წელს დაბადებული ა.ა. და 1988 წელს დაბადებული ნ.მ.

დაკავებულებს ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

დანაშაული 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები- 45 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“ და ფული ამოიღო.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა- შენახვისა და გასაღების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს.