შს მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის პროექტების უფროს მენეჯერთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა“ (SAFE IBM) - ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს წარმომადგენლობის IBM პროგრამების უფროს მენეჯერთან - მასიმო რამანზინთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობას ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს მიგრაციისა და საზღვრის მართვის მიმართულებით მოქმედი დანაყოფების საქმიანობის და არსებული საჭიროებების შესახებ.
ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ფარგლებში ახლად შექმნილი სტრუქტურული ერთეულის - საზღვრის მართვისა და კოორდინირების სამმართველოს საქმიანობას, აგრეთვე, პრიორიტეტულ მიმართულებებსა და არსებულ გამოწვევებს, საქართველოში მიგრაციის მართვისა და საზღვრის ინტეგრირებული მართვის გაძლიერების კუთხით მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობას.
გარდა ამისა, მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ მასიმო რამანზინსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს საზღვრის მართვის შესაძლებლობების შემდგომ განვითარებას ევროკავშირთან საქართველოს შესაბამისი ხელშეკრულებებისა და უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ნიშნულების შესაბამისად.