პრეზიდენტ ზელენსკის სიტყვა ბრიტანეთის პარლამენტში – სრულად

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში სიტყვით გამოვიდა და ბრიტანელებს მოუყვა, რა ხდება უკრაინაში ბოლო 13 დღის განმავლობაში – მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო. ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინელები არ დანებდებიან და არ დამარცხდებიან, ისინი ბოლომდე იბრძოლებენ ზღვაზე, ჰაერში თუ ხმელეთზე.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვას სრულად გთავაზობთ:

„ბატონო სპიკერო! ბატონო პრემიერ-მინისტრო! მთავრობის, პარლამენტის წევრებო, ლორდებო! ქალბატონებო და ბატონებო! მივმართავ გაერთიანებული სამეფოს ყველა ხალხს. დიდი ბრიტანეთის ყველა ხალხს. დიდებულ ხალხს, დიდებული ისტორიით. მოგმართავთ, როგორც მოქალაქე, როგორც პრეზიდენტი, ასევე დიდებული ქვეყნის, დიდი ოცნებით და დიდი ბრძოლით. მინდა მოგიყვეთ ჩვენს 13 დღეზე. 

სასტიკი ომის 13 დღეზე, ომისა, რომელიც ჩვენ არ დაგვიწყია და არც გვინდოდა, მაგრამ ვომობთ, რადგან არ გვინდა დავკარგოთ ის, რაც გვაქვს, ის რაც ჩვენია – უკრაინა. ისევე, როგორც თქვენ არ გინდოდათ, დაგეკარგათ თქვენი კუნძული, როდესაც ნაცისტები იწყებდნენ ბრძოლას თქვენი დიდებული სახელმწიფოსთვის, ბრძოლას ბრიტანეთისთვის. 

ჩვენი თავდაცვის 13 დღეზე მინდა მოგიყვეთ:

პირველ დღეს, დილის 4 საათზე რაკეტებმა გადაგვიფრინა. გაგვეღვიძა ყველას, ჩვენ, ბავშვებს, ყველა ცოცხალ ადამიანს, მთელ უკრაინას. და მას შემდეგ არ გვძინებია. ყველამ იარაღი ავიღეთ ხელში და დიდ არმიად ვიქეცით.

მეორე დღეს ვიგერიებდით თავდასხმებს ჰაერიდან, მიწაზე და ზღვაში. და ჩვენმა გმირმა მესაზღვრეებმა ზმეინის კუნძულიდან, ყველას გააგებინეს, თუ როგორი იქნება ომის დასასრული. კერძოდ, ბოლოს და ბოლოს საით წავა მტერი. როდესაც რუსულმა ხომალდმა ჩვენი ბიჭებისგან იარაღის დაყრა მოითხოვა, მათ უპასუხეს... ისე მტკიცედ, რომ პარლამენტში ამას ვერ გავიმეორებ. და ჩვენ ვიგრძენით ძალა. დიდი ძალა ჩვენი ხალხისა, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს ოკუპანტის გასაძევებლად.

მესამე დღეს რუსეთის ჯარმა დაუფარავად დაიწყო თავდასხმა მოქალაქეებზე, საცხოვრებელ სახლებზე. საარტილერიო თავდასხმა. საჰაერო დაბომბვა. და ამან საბოლოოდ გვაჩვენა ჩვენც და აჩვენა მსოფლიოსაც, ვინ ვინაა. ვინაა დიდებული ხალხი, და ვინაა უბრალოდ მხეცი. 

მეოთხე დღეს უკვე ათობით ტყვე ავიყვანეთ, მაგრამ ღირსება არც მაშინ დაგვიკარგავს. შეურაცხყოფა არ მიგვიყენებია, მათ, როგორც ადამიანებს, ისე ვეპყრობით. ჩვენ ადამიანებად დავრჩით ამ სამარცხვინო ომის მეოთხე დღესაც.

მეხუთე დღეს ტერორი უკვე სრულიად აშკარა გახდა. ტერორი ქალაქების, პატარა ქალაქების წინააღმდეგ. განადგურებული რაიონები. ბომბები, ბომბები, ბომბები და ისევ ბომბები სახლების, სკოლების, საავადმყოფოების თავზე. და ეს გენოციდია, რომელმაც არათუ ვერ გაგვტეხა, დაგვრაზმა და ჩვენი დიადი სიმართლე გვაგრძნობინა.

მეექვსე დღეს რუსული რაკეტები ბაბინ იარს დაეცა. ეს ის ადგილია, სადაც მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტებმა 100 ათასი ადამიანი სიკვდილით დასაჯეს. 80 წლის შემდეგ, რუსეთმა ისინი ხელახლა დახოცა.

მეშვიდე დღეს მივხვდით, რომ ისინი ჩვენს ტაძრებსაც ანადგურებენ. ბომბებით! ისევ რაკეტებით. მათ არ აქვთ რამე ისე წმინდა და დიდი, როგორც გვაქვს ჩვენ.

მერვე დღეს მსოფლიომ დაინახა, როგორ ესროდნენ რუსული ტანკებიდან ატომურ ელექტროსადგურს. ყველაზე დიდს ევროპაში. და მსოფლიომ დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ ეს არის ტერორი ყველას წინააღმდეგ. ეს დიდი ტერორია.

მეცხრე დღეს ჩვენ NATO-ს სახელმწიფოთა შეხვედრებს ვუსმინეთ. შეხვედრებს ჩვენთვის სასურველი შედეგის გარეშე, სიმამაცის გარეშე. ასეთი იყო ჩვენი განცდა - არ მინდა ვინმეს ვაწყენინო - ჩვენ ვიგრძენით, რომ ალიანსები არ მუშაობს. ცის დაკეტვაც კი არ შეუძლიათ. ამიტომაც ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შექმნა ნულიდან არის დასაწყები.

მეათე დღეს, ყველგან, ოკუპირებულ ქალაქებში მასობრივად გამოვიდნენ შეუიარაღებელი უკრაინელები. შიშველი ხელებით აჩერებდნენ ჯავშანტექნიკას. ჩვენ დაუმარცხებლები გავხდით.

მეთერთმეტე დღეს, როდესაც უკვე საცხოვრებელ რაიონებს ბომბავდნენ, როდესაც აფეთქებებისგან ყველაფერი ნადგურდებოდა, როდესაც დანგრეული ონკოკლინიკიდან ბავშვები გამოჰყავდათ... ჩვენ გავიაზრეთ: უკრაინელები გმირებად იქცნენ. ასობით ათასი ადამიანი. მთლიანი ქალაქები. ბავშვები, დიდები - ყველა.

მეთორმეტე დღეს, როდესაც რუსეთის არმიის დანაკარგებმა 10 ათას მკვდარ სამხედროს გადააჭარბა, მათ რიგში გენერალიც აღმოჩნდა. ამან ჩვენ რწმენა შეგვძინა: ყველა დანაშაულისთვის, ყველა სამარცხვინო ბრძანებისთვის აგებენ პასუხს - ან საერთაშორისო სასამართლოთი ან უკრაინული იარაღით.

მეცამეტე დღეს რუსული ჯარებით ალყაშემორტყმულ მარიუპოლში ბავშვი დაიღუპა. უწყლობით. ისინი არც პროდუქტებს უშვებენ, არც წყალს აძლევენ ადამიანებს. უბრალოდ დაკეტეს - და ისინი კიდევ სარდაფებში არიან. ვფიქრობ, ყველას ესმის; იქ ადამიანებს წყალი არ აქვთ.

დიდო ბრიტანეთო! უკრაინა არ ისწრაფოდა ამისკენ. არ ეძებდა დიდებას. მაგრამ ამ ომის დღეებში ის გახდა დიადი. უკრაინა, რომელიც ოკუპანტების ტერორის მიუხედავად, ადამიანების გადარჩენას ცდილობს. უკრაინა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი არმიის დარტყმების მიუხედავად, იცავს თავისუფლებას; ჩვენი ცა ჯერ კიდევ ღიაა რუსული რაკეტებისთვის, თვითმფრინავებისა და შვეულმფრენებისთვის, მაგრამ მაინც ვიგერიებთ მტერს.

„ყოფნა, არყოფნა“ - თქვენ კარგად იცით ეს შექსპირული კითხვა. 13 დღის წინ კიდევ შეიძლებოდა დაგვესვა ეს შეკითხვა. მაგრამ ახლა - უკვე აღარ. ახლა ცხადია - „ყოფნა“. და ცხადია, თავისუფლად „ყოფნა“.

ჩვენ ვიბრძოლებთ ტყეებში, მინდვრებში, სანაპიროებზე, ქალაქებსა და სოფლებში, ქუჩებში, ჩვენ ვიბრძოლებთ ბორცვებზე... და მინდა ჩემგან დავამატო: ჩვენ ვიბრძოლებთ მიწაყრილებზე, კალმიუსისა და დნეპრის ნაპირებზე! და ჩვენ არ დავნებდებით!

რა თქმა უნდა, თქვენი დახმარებით, დიდებული ქვეყნების ცივილიზაციის დახმარებით. თქვენი მხარდაჭერით, რისთვისაც მადლობელი ვართ და რომლის ძალიან დიდი იმედი გვაქვს. განსაკუთრებით მადლობელი ვარ შენი, ბორის, ჩემო მეგობარო!

გააძლიერეთ სანქციები ტერორისტი სახელმწიფოს წინააღმდეგ. საბოლოოდ აღიარეთ იგი ტერორისტულ სახელმწიფოდ. იპოვეთ გზა, რომ ჩვენი უკრაინის ცა უსაფრთხო გახადოთ. გააკეთეთ ის, რაც შეგიძლიათ. რასაც გავალდებულებთ თქვენი სახელმწიფოსა და ხალხის სიდიადე.

დიდება დიდ უკრაინას! დიდება დიდ ბრიტანეთს!“.