ალექსანდრე დარახველიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი გახსნა

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებისთვის სქესობრივი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასთან დაკავშირებით ტრენერთა ტრენინგი დაიწყო.

სწავლების გახსნას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე დარახველიძე, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე - ვაჰაგ მურადიანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა მიმართ ძალადობის პროგრამის ხელმძღვანელი - ირინა ჯაფარიძე დაესწრნენ.

სასწავლო პროგრამის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ტრენერისთვის საჭირო უნარების გამომუშავება, რათა შემდგომში სქესობრივ დანაშაულებზე ეფექტიანი გამოძიების უზრუნველსაყოფად მოხდეს გამომძიებელთა გადამზადება. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია 240-მდე გამომძიებლის გადამზადება, რომლებიც სქესობრივი დანაშაულების გამოძიებას შესაბამისი სტანდარტების დაცვით განახორციელებენ.

ტრენინგის მონაწილეები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: სექსუალური ძალადობის დანაშაულები გენდერულ ჭრილში, სტამბოლის კონვენციისა და სხვა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, სექსუალური ძალადობის შესახებ მითებისა და სტერეოტიპების ამოცნობა და მათ წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლზე ორიენტირებული და კონტექსტზე დაფუძნებული გამოძიების წარმართვა. სწავლების მონაწილეები ასევე გაეცნობიან სქესობრივ დანაშაულებზე კასკადური ტრენინგების ჩატარების მეთოდოლოგიას.

ტრენინგი ეფუძნება სექსუალური ძალადობის გამოძიების, დევნისა და სასამართლო განხილვის შესახებ სახელმძღვანელოს, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ევროპის საბჭოსა და ორგანიზაცია "Equality Now"-ის მხარდაჭერით შემუშავდა.

სწავლება ევროპის საბჭოს პროექტის - “ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად ინტეგრირებული მიდგომის ხელშეწყობა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება საქართველოში”, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის - „გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისათვს“ (UNJP) და ორგანიზაცია "Equality Now"-ის ხელშეწყობით ტარდება.

აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს ხელისუფლების წარმომადგენელთა შესაძლებლობების ხელშეწყობას ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე, მსხვერპლთა დაცვას, მოძალადეთა დასჯას და გენდერული თანასწორობის გაძლიერებას.