კოჯორში პენსიონერები მასობრივად გაქურდეს

რედაქტორის რჩეული
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ვინ არის ბანდის ხელმძღვანელი - მოწმეთა სკანდალური ჩვენებები

 სამწუხაროდ, დღესაც პრობლემაა, რომ კრიმინალებისგან დაზარალებული ადამიანები სამართალდამცავებთან არ თანამშრომლობენ და ცდილობენ, პრობლემა ან შინაურულად მოაგვარონ, ან კრიმინალური შემთხვევა დამალონ. არადა, ევროპის ქვეყნების რამდენიმე ქალაქში, საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს - რამდენიმე კორპუსზე დიდი ასოებით დააწერეს, რომ იქ მცხოვრები ადამიანები თანამშრომლობენ სამართალდამცავებთან და არაფერს უმალავენ პოლიციელებს. შედეგი საოცარი იყო: კონკრეტულად იმ კორპუსების მიმდებარედ, კრიმინალი არათუ შემცირდა, არამედ, საერთოდ მოისპო.

სხვათა შორის, რაც დრო გადის, მით უფრო ხშირად ხვდებიან მოქალაქეები, რომ კრიმინალის აღსაკვეთად, პოლიციასთან თანამშრომლობა „არ ტეხავს“ ანუ თუ ატყობ, რომ ქუჩაში ვიღაცას კლავენ, ძარცვავენ, ან აყაჩაღებენ, სირცხვილი არ არის, ტელეფონი აიღო და პოლიციაში დარეკო.

 

„ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ ჩაშვება და თანამშრომლობა სხვადასხვა რამეა. როცა დანაშაულს დაინახავ და არაფერს აკეთებ, დანაშაულია, მაგრამ როცა არ დაგინახავს, ეჭვი გაქვს და გინდა, რომ მეზობელს, ნათესავს ან უცნობ-ნაცბობებს ავნო, ეს „ჩაშვებაა“. იმის გამო, რომ მოქალაქეები ადრეც და ახლაც გულგრილები არიან იმ დანაშაულის მიმართ, რომელიც მათ არ ეხება, არაერთი კრიმინალური შემთხვევა გვიან იქნა გამოძიებული და დაუსჯელმა კრიმინალებმა სხვა დანაშაულის ჩადენაც მოახერხეს“, - გვიყვება პრეცედენტულ ისტორიას პოლიციის გადამდგარი პოლკოვნიკი, ბატონი თენგიზი.

მაშინ, როცა კოჯორი სოფელი იყო და იქ ცხოვრება პრესტიჟულად არ ითვლებოდა, ზაფხულობით ბავშვები რამდენიმე სანატორიუმს აახმაურებდნენ ხოლმე, ადგილობრივი მოსახლეობა კი არც ამ ოდენობით ცხოვრობდა და არც ასეთი ფეშენებელური ვილები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, კოჯრის მოსახლეობას ფინანსურად არასდროს უჭირდა - დედაქალაქთან სიახლოვე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობას აძლევდა და, ესეც არ იყოს, ზაფხულობით ოთახების გაქირავებით, დამატებით შემოსავალსაც იღებდა. სწორედ კოჯორში, ადგილობრივ უბნის რწმუნებულს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პენსიონერი დააყაჩაღეს და მართალია, სოლიდური თანხა არ წაურთმევიათ, მაგრამ მინიმუმ, 2-3 ათასი ყველა სახლიდან გაიტანეს. გასაოცარი კი ის გახლდათ, რომ  მილიციისთვის არავის მიუმართავს, ფაქტი არ დაუფიქსირებია და შესაბამისად, საქმეც არ აღძრულა. უბნის რწმუნებულმა სათითაოდ დაიარა ყველა პენსიონერი და შემდეგ პატაკი დაწერა:

„ყველა სავარაუდო დაზარალებული აშკარად რაღაცას მალავს. მათ თვალებში დიდი შიში იკითხება და ერთი სახასიათო რამ - აბსოლუტურად ყველას, ყელთან დამწვრობის კვალი აღენიშნება. კითხვაზე, როგორ მიიღეს დამწვრობა, ისინი პასუხობდნენ, რომ შემთხვევით, ასანთის ანთებისას ნაპერწკალი მოხვდათ, თუმცა გამორიცხულია, ასანთისგან ასეთი ხარისხის დამწვრობა მიეღოთ“.

სამართალდამცავებს საქმე ისედაც არ აკლდათ, ამიტომ უბნის რწმუნებულის პატაკს დიდი ყურადღება არ მიაქციეს - არ არის მომჩივანი, არ არსებობს საქმე, თუმცა მომხდარიდან მალევე, მტკვრის სანაპიროზე მამაკაცის გვამი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმა იყო - ასე დაასკვნა ექსპერტმა და იქვე მიუთითა, რომ დენმა გარდაცვლილს ყელის არეში დაარტყა, თან რამდენჯერმე ანუ ექსპერტი ირწმუნებოდა, დენით ეს კაცი აწამეს და შემდეგ მოკლესო. მისი ვინაობაც გაირკვა - რამდენჯერმე ნასამართლევი, ბოლოს კი, გალოთებული პირი, რომელსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ ჰქონდა.

ექსპერტიზის დასკვნას უბნის რწმუნებულის პატაკი მიაბეს, საქმე აბურთავეს და საბოლოოდ, განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას მისცეს, რადგან ერთ დანაშაულზე, შესაძლებელი იყო, რამდენიმე სხვა ყოფილიყო მიბმული. ახლა უკვე სამინისტროს გამომძიებლები ავიდნენ კოჯორში და მოხუცები დაკითხეს, გარდაცვლილის სურათებიც უჩვენეს და შეატყვეს, რომ მათ ადრინდელზე მეტად შეეშინდათ.

„ცხადი იყო, ისინი აწამეს, აწამეს დენით და ისე შეაშინეს, რომ ფულისა და სხვა ძვირფასეულობის დაკარგვის მიუხედავად, ხმის ამოღებას არ აპირებდნენ.  ახლა რასაც ვიტყვი, შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ საგამოძიებო პროცედურების დროს, მარტივია გაჯიუტებული კაცის დაკითხვა, უფრო რთულია გაჯიუტებული ქალის დაკითხვა, გაჯიუტებული მოხუცისგან რამის გაგება კი თითქმის შეუძლებელია. სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე, ამიტომ მთელი იმედი აგენტურაზე იყო, რომელსაც შეეძლო, რამე სახის ინფორმაცია მაინც მოეწოდებინა“, - გვიყვება ბატონი თენგიზი.

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, მხოლოდ ის გაირკვა, რომ ბოლო დროს, გარდაცვლილი კრიმინალი დიდ თანხას ხარჯავდა, ბინაც იქირავა და კარგადაც იცვამდა. არადა, წესით, ბინის ქირაობის ფული კი არა, საჭმლის ყიდვის პრობლემა უნდა ჰქონოდა. გამოდიოდა, ის მოხუცების ძარცვასთან კავშირში იყო, მაგრამ ვინ და რატომ გაიმეტა, არავინ ამბობდა, თუმცა ერთ-ერთმა აგენტმა სასხვათაშორისოდ თქვა, ამას წინათ, გარდაცვლილთან ერთად ვსვამდი და სიმთვრალეში თქვა, მალე იმდენი ფული მექნება, საკუთარ სახლსა და მანქანას ვიყიდი, ახალ რაღაცას მივაგენით, ცოცხლად რომ გაატყავო, ჩაშვებით არავინ ჩაგიშვებსო. სწორედ ამ აგენტს განსაკუთრებული დაკითხვა მოუწყვეს. გამოძიებას აინტერესებდა, კიდევ ვინ იყო სუფრაზე, ვის შეეძლო გაეგო სიმთვრალეში ნათქვამი და ორი პიროვნება გამოიკვეთა - ერთი რიგითი მუშა, მეორე - წარსულში ნასამართლევი პირი.

აქცენტი, რაღა თქმა უნდა, ნასამართლევზე გაკეთდა და გაირკვა, რომ... ელექტროშემდუღებლად მუშაობდა. მასზე თვალთვალი დაიწყეს და მხოლოდ ის დაადგინეს, რომ ელექტრიკოსის პირობაზე, გადასარევად ცხოვრობდა და არაფერს იკლებდა. ეს უკვე მინიშნება იყო და თვალთვალი გაძლიერდა, თუმცა გარდა იმისა, რომ ფულს ხარჯავდა, არაფერს აფუჭებდა. მისი მარშრუტი მარტივი იყო - დილით სამსახური, საღამოს ერთი-ორი კათხა ლუდი და ხინკალი და ბოლოს, სახლი. უქმეებზე, კორპუსის ეზოში, მეზობლებთან ერთად, „დომინოსა“ და „ნარდის“ თამაში, თუმცა ერთ დღეს, სამსახურის შემდეგ, გამოძიებისთვის უცნობ მამაკაცს შეხვდა. ოპერმუშაკები გაიყვნენ, ერთი უცნობს გაჰყვა, მეორე - კვლავ ელექტრიკოსს.

ელექტრიკოსი შინ წავიდა, უცნობი - ქალაქგარეთ, ვიღაც ქალთან დარჩა. მალევე გაარკვიეს, ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი, სისასტიკით ცნობილი და კარგად გამობრძმედილი რეციდივისტი იყო. ქალი, რომელთანაც ცხოვრობდა, ქმარს იყო გაშორებული და პატარა გოგონას ზრდიდა. მის დასაკავებლად სამი ოპერმუშაკი წავიდა.

„დაკავება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მან იეჭვა თვალთვალის შესახებ და ვიფიქრე, დაგვემალება-მეთქი. სამი ძალიან გამოცდილი ოპერმუშაკი გავუშვი დაკავების ოპერაციაზე, გავაფრთხილე, ყველაფერზეა წამსვლელი-მეთქი და არ დამიჯერეს, ჰარი-ჰარად შევიდნენ. ეჭვმიტანილმა ბებუთი იშიშვლა, წამის მეასედში, სამივე თანამშრომელი იატაკზე ფართხალებდა, ის კი გაიქცა. ეს არა მარტო სპეცოპერაციის ჩაფლავება, არამედ, მილიციის მასხრად აგდება იყო. მასზე ძებნა გამოვაცხადეთ და მთელი აგენტურული ქსელი ჩავრთეთ. ქალი შეშინებული გვეხვეწებოდა, ჩემთანაც დატოვეთ ვინმე, მაგ კაცის მეშინია, მოვა და მე და ჩემს გოგონას დაგვხოცავსო. გაქცეული თავზეხელაღებული კი იყო, მაგრამ არა - იდიოტი და ამიტომ, ქალთან თანამშრომლები არ დაგვიტოვებია. იმავე საღამოს, განყოფილებაში ზარი გაისმა - გაქცეული ისევ საყვარლის კარზე აკაკუნებდა“, - იხსენებს ბატონი თენგიზი.

საბედნიეროდ, იმ დროს, ერთ-ერთი ჯგუფი აყვანის ოპერაციიდან ბრუნდებოდა და სწორედ იმ ადგილზე იყო. რაციით მათი მობილიზება მოხერხდა და სახლს ალყა შემოარტყეს. ეჭვმიტანილმა კარგად იცოდა, სამი მილიციელის დაჭრის გამო, გაქცევის მცდელობის შემთხვევაში, ცოცხალს არ დატოვებდნენ, ამიტომ ჩაბარდა.

„ელექტრიკოსის პროფესია ბევრ შემოსავალს არ მაძლევდა, თუმცა ბინებში უპრობლემოდ შევდიოდი, ყველა მიცნობდა და მენდობოდა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ამირჩია იმ რეციდივისტმა და გეგმაც მოიფიქრა. დენის კაბელზე გადამყვანს ვუკეთებდი, მომაკვდინებელი არ იყო, მაგრამ ადამიანს სიცოცხლის ხალისს უკარგავდა. მოხუცების შეშინებას მარტივად ახერხებდა, არწმუნებდა, რომ გახმაურების შემთხვევაში, არა მარტო მათ, არამედ, მათ შვილებსა და შვილიშვილებსაც კი დახოცავდა. იმათაც ეშინოდათ და დუმილს ინარჩუნებდნენ, სამალავებს კი ყელთან დენის მავთულის შეხების შემდეგ ამბობდნენ. ის მეორე „პადელნიკი“ გრძელი ენის გამო მოკლა, მანამდე ათქმევინა, კიდევ სად წამოსცდა, რომ ბევრი ფული ჰქონდა. ვიცოდით, გვამს რომ მიაგენით და ამიტომ ცოტა ხანს გავჩერდით, თუმცა ფული შემოგველია. მე არაფერ შუაში ვარ, იმის მეშინოდა და საქმეზე იმიტომ დავყვებოდი“, - ეს არის ამონარიდი ელექტრიკოსის ჩვენებიდან.

მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ბანდის მეთაურს კი - 15 წლით. მკვლელი დახვრეტას მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ მისი მსხვერპლი, მასსავით კრიმინალი იყო.