მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის სარდლის მოადგილეს ოპერაციების მიმართულებით, ვიცე-ადმირალ სკოტ ბუშმენს შეხვდა.
 
შეხვედრას სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, აშშ-ში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ზეზვა ლიპარტელიანი, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ანნა კასტიგლიონ-კატალდო, აშშ-ის სანაპირო დაცვის სარდლობის საერთაშორისო ურთიერთობების დანაყოფის წარმომადგენელი შუიტ ჰაბტემაიკლი და საქართველოში აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი დაესწრნენ. ქართულ დელეგაციას ვაშინგტონში, აშშ სანაპირო დაცვის სარდლობაში უმასპინძლეს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა საზღვაო სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ორი ქვეყნის სანაპირო დაცვის დანაყოფებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.
 
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ამერიკული ხომალდების საქართველოს ნავსადგურებში საპორტო ვიზიტებისა და ერთობლივი წვრთნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ნიკოლოზ შარაძემ ამერიკულ მხარეს წარმატებული თანამშრომლობისათვის მადლობა გადაუხადა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
 
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ქართული დელეგაცია ქალაქ ნიუ ლონდონში, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიიის (USCG) 2021 კურსის გამოშვების ცერემონიალს დაესწრება. წელს, აშშ სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულებს შორის 2 ქართველი კადეტი - ნიკოლოზ ტვილდიანი და სანდრო სტაჟაძე არიან. 4 წლიანი საბაკალავრო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, ისინი საქართველოში დაბრუნდებიან და სანაპირო დაცვის რიგებში იმსახურებენ.