×

Warning

JUser: :_load: Unable to load user with ID: 51

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, ვლადიმერ ბორცვაძემ და შალვა ბედოიძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები პირადად წარუდგინეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს კი - პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე. მინისტრის მოადგილეებმა პოლიციის დეპარტამენტების ახლადდანიშნულ დირექტორებს წარმატებები და ნაყოფიერი მუშაობა უსურვეს.

ამ დრომდე დიასამიძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა. რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, იგი სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით თანამედროვე სპეციალური აღჭურვილობა - პასპორტის წამკითხველები გადაეცა. აკადემიაში გამართულ ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი- ივანე პაპიაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილე- კატალინ გერმანი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელი- სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი დაესწრნენ.

სპეციალური აღჭურვილობის შეძენა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიერ განხორციელებული პროექტის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE) - ინტეგრირებული საზღვრის მართვა (SAFE IBM)“ - ფარგლებში განხორციელდა.
აღნიშნული აღჭურვილობის მეშვეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მესაზღვრე-კონტროლიორები სამგზავრო დოკუმენტების საფუძვლიანი შემოწმებისა და ნამდვილობის დადგენის საკითხებზე გადამზადდებიან.
პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, 2019 წლიდან ხორციელდება. მისი მიზანია საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება საზღვრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესაბამისად.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი. ​

 პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებმა სხდომაზე საოკუპაციო ხაზის, უსაფრთხოების ზომებისა და შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - იოსებ ჭელიძეს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორს - გიორგი საბედაშვილს მოუსმინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც პოლონეთის პოლიციის მთავარი კომენდანტის მოადგილე, გენერალ-მაიორი პაველ დობროჯეი ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას დელეგაციასთან ერთად ესწრებოდა საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის ელჩი, მარიუშ მაშკევიჩი.
 
 
შეხვედრაზე პაველ დობროჯეიმ, პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ პოლიციასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის წარმატებულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მედალი გადასცა.
 
 
მთავარი კომენდანტის მოადგილემ და ელჩმა შინაგან საქმეთა მინისტრს წარუდგინეს პოლონეთის მხარის მიერ საქართველოში მოვლინებული პოლიციის პირველი მეკავშირე ოფიცერი, რაფალ ვეგილი.
 
ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და პოლონეთს შორის ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობებს, ასევე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისადმი პოლონეთის უპირობო მხარდაჭერას.
 
შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებულად აღნიშნა ორ უწყებას შორის არსებული მაღალი დონის თანამშრომლობა, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება პოლონეთში მივლენილი საქართველოს პოლიციის ატაშეს, გიორგი გამსახურდიას უშუალო და აქტიური ჩართულობით.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ.
სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 439 ფაქტი გამოვლინდა.
პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად 59 პირი დააჯარიმა.
დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 23 საათიდან დილის 4 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.
გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად 284 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 96 ფაქტი გამოვლინდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ასკ-ის 42(11)-ე მუხლის შესაბამისად ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს.

საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომების აღიარებისა და მათი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების შესახებ საკანონმდებლო ცვლილება მიიღო
 
საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო.
 
აღნიშნულ კანონში განხორციელებული ცვლილებით განისაზღვრა 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ გაცემული დიპლომების აღიარებისა და მათი მაგისტრის ხარისხთან გათანაბრების საკითხი.
 
აღსანიშნავია, რომ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული დიპლომების აღიარება პრაქტიკაში პრობლემას წარმოადგენდა. აკადემიის კურსდამთავრებულები მიღებული დიპლომის აღიარებასა და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებას სასამართლოსადმი მიმართვის გზით აღწევდნენ. საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შედეგად აკადემიის კურსდამთავრებულებს აღარ მოუწევთ თავისი კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით სასამართლოსადმი მიმართვა.
 
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კამპანიის - #ნუწაართმევბავშვობას ფარგლებში, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისთან პარტნიორობით და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გიწვევთ ფოტოკონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
 
ფოტოკონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 14-დან 24 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს. ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფითი შედეგების შესახებ ფოტო, კონკურში მონაწილეებმა 2021 წლის 10 ივლისამდე უნდა გამოგზავნონ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.
 
ჟიურის წევრები გამოავლენენ სამ საუკეთესო ნამუშევარს, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო:
 
I ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 800 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
II ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 400 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
III ადგილი - წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“-ის 300 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი
 
კონკურსში მონაწილე ყველა პირს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
 
კონკურსში მონაწილეობის პირობებს დეტალურად შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე
 
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2005 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
 
დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
 
 

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგი გამართა:

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, თბილისში, თელავსა და ქუთაისში 13 პირი დააკავეს.

 ყველა მათგანი: 1978 წელს დაბადებული ვ. გ. (მეტსახელად „ვიტო“), 1976 წელს დაბადებული ჯ. ხ. (მეტსახელად „ჯეკო“) , 1983 წელს დაბადებული რ. გ. (მეტსაცლეად პუპუშა“, 1974 წელს დაბადებული გ. რ. (მეტსახელად „ხონსკი“), 1987 წელს დაბადებული რ. დ. (მეტსახელად „ბაჩო“), 1992 წელს დაბადებული ა. შ., 1995 წელს დაბადებული ა. ლ., 1973 წელს დაბადებული გ. მ. (მეტსახელად „გიბონა“), 1978 წელს დაბადებული გ. დ., 1975 წელს დაბადებული ი. ჭ., 1966 წელს დაბადებული მ. კ. (მეტსახელად „ტყვლიპე“), 1978 წელს დაბადებული გ. მ., 1996 წელს დაბადებული მ. მ. ( მეტსახელად „მემი“) დაკავებულია „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საზღვარგარეთ მყოფ კანონიერ ქურდს ზ. მ.-ს (მეტსახელად „გლეხოვიჩს“) კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, რაც 9-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთ ბრალდებულს, ბიზნესსაქმიანობის პროცესში შემოსავლების არაობიექტურად განაწილებასთან დაკავშირებით, ფინანსური დავა წარმოექმნა ბიზნესპარტნიორთან.
მოდავე მხარეებმა უთანხმოების გამო არსებული დავის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრებს მიმართეს, რის შემდეგაც ერთ-ერთმა საზღვარგარეთ მყოფმა კანონიერმა ქურდმა - ზ.მ.-მ საქმის გარჩევის ორგანიზება თავის შვილს - მ.მ.-ს დაავალა.

ამ უკანასკნელმა კი 2021 წლის 16 აპრილს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, დავის ქურდული წესით გარჩევის ორგანიზება მოახდინა, რომლის შედეგად, ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის სასარგებლოდ 80 000 ლარის გადახდა დაეკისრა.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

ასევე, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, პოლიციამ 4 ავტომანქანა და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ,,კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის“ და ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე პრიმა-3 და 223-ე პრიმა-4 მუხლებით მიმდინარეობს.“

სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შესახებ სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.
 
სახელმძღვანელო სამი ნაწილისაგან შედგება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ეროვნული კანონმდებლობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლება. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაინერგება უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს გამომძიებლების საქმიანობას არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
 
სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)" - ფარგლებში შემუშავდა. აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას.