საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეციალური ოპერაციების მთავარი სამმართველოს ბაზა დაათვალიერა.

მთავრობის მეთაური გაეცნო ბაზაზე არსებულ ინფრასტრუქტურას და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ტექნიკურ შესაძლებლობებს.

პრემიერმა ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის მნიშვნელობას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.

„ბაზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისით გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საქმიანობის განხორციელებაში. ასევე დავათვალიერეთ ტექნიკა, რომლითაც აღიჭურვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, რათა დაცული იყოს ჩვენი სახელმწიფო ინტერესები. ამ კუთხით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობას. მინდა, მადლობა გადავუხადო დეპარტამენტს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის. განსაკუთრებით მადლობა ეკუთვნის ხელმძღვანელობას, ზვიად ხარაზიშვილს, მილერი ლაგაზაურს, სხვა თანამდებობის პირებს. მადლობას ვუხდი ამ სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, მათზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა და მინდა, ყველას მივულოცო ახალი ბაზის გახსნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალი ბაზა 20000 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული. ბაზის ტერიტორია მოიცავს 150 თანამშრომელზე გათვლილ 3-სართულიან ყაზარმას, სადაც მოწყობილია თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები. ბაზის ტერიტორიაზე ასევე მოეწყო სამორიგეო და საიარაღო სივრცეები, სასადილო და სპორტული დარბაზი.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა, მიმდინარე წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სპეციალური საშუალებების კანონდარღვევით გამოყენების ფაქტს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ აღნიშნული ტელეკომპანიის მიერ სიუჟეტში გაჟღერებული ინფორმაცია თითქოსდა სამინისტრომ დაარღვია „პოლიციის შესახებ“ კანონი, მაშინ როდესაც ერთდროულად გამოიყენა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, არის სიცრუე და მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი მკაფიოდ განსაზღვრავს პოლიციის მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესებს, რომლის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასაშვებია პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად“, ხოლო „წყალსატყორცნი“ სატრანსპორტო საშუალება გამოიყენება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად“.

პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური საშუალებების სახე და მისი ინტენსიურობა განისაზღვრება კონკრეტული სიტუაციის მიხედვით კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და არც მის საფუძველზე გამოცემული არც ერთი მოქმედი სამართლებრივი აქტი არ კრძალავს წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის ერთდროულად, ან პარალელურ რეჟიმში გამოყენებას.

მეტიც, ამგვარ აკრძალვას არ ითვალისწინებს ისეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, როგორიცაა ეუთო/ოდირისა (OSCE/ODIHR) და „ამნესთი ინთერნეიშენალის“ (Amnesty International) სახელმძღვანელო დოკუმენტები.

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო დოკუმენტის თანახმად, წყლის ჭავლში დასაშვებია შეერიოს მარკერული საღებავი ან/და ქიმიური საშუალებები, ხოლო ეუთო/ოდირის გაიდლაინის თანახმად, დასაშვებია წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის დამატება და მათი გამოყენება ძალადობრივ ქმედებებში ჩართული პირების მიმართ. ამავე დოკუმენტის თანახმად, ცრემლსადენი გაზის გამოყენების ერთადერთი მიზანი უნდა იყოს შეკრების დაშლა და იგი არ უნდა გამოიყენონ ისეთ ადგილას, სადაც ხალხს არ ექნება ადგილიდან გასვლის შესაძლებლობა.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობრივი შეკრება-მანიფესტაციის მართვის დროს, იყენებს ისეთ სპეციალურ საშუალებებს, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და აქტიურად გამოიყენება არაერთი ევროპული ქვეყნის საპოლიციო დანაყოფების მიერ.

გავრცელებული ცრუ ინფორმაცია მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1990 წელს დაბადებული გ.ფ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ ბრალდებულმა,მიმდინარე წლის რვა ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვაში, ყოფით თემაზე არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, მეზობელი - 1960 წელს დაბადებული თ.ქ. სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ გ.ფ. ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები. ალექსანდრე დარახველიძემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიისა და უშუალოდ არჩევნების დღის მიმდინარეობისას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებაზე.

მინისტრის მოადგილემ სადამკვირვებლო მისიას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების გადამზადება არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად; თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩართულობა; არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ სამართალდარღვევებზე რეაგირება; საზოგადოების პროაქტიულად ინფორმირება და სხვ.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრის მოადგილემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და მოახლოებული არჩევნების მშვიდ, უსაფრთხო და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების იმედი გამოთქვა.

 

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, იოგან მერფისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში უწყების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა გადამზადებას, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანი შესრულება. ალექსანდრე დარახველიძემ გამოთქვა მზაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად ითანამშრომლოს და შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.

მხოლოდ მიმდინარე წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში, -განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალის პირველი 35 კმ-იანი მონაკვეთი გაიხსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი.

„ჩვენი ძალისხმევის შედეგები სახეზეა, რასაც ადასტურებს მარტივი ციფრებიც - დღეისათვის, საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 341 კმ მაგისტრალური გზით. მათ შორის, აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კმ. დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის - რიკოთის ჩქაროსნული გზის მშენებლობა. დასრულებულია ქვეშეთი-კობისდამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კმ სიგრძის საავტომობილო გვირაბების გაჭრა. გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბების, ისე 23 კმ-იანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასასრულებლად. სამუშაოები გრძელდება კახეთის მაგისტრალის განვითარებისთვისაც.

შედარებისთვის, შეგახსენებთ, რომ 2012 წელს აშენებული იყო მხოლოდ 68 კმ მაგისტრალური გზა; დღეისათვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი - 341 კმ მაგისტრალური გზა. მხოლოდ წელს, საერთო ჯამში, გაიხსნება კიდევ 90 კმ-მდე მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კმ-ით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ამ წელს გაიხსნება იმაზე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობისგაუმჯობესებისთვის და ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის.

„ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად განვითარებისათვის, დაკავშირებადობის გაუმჯობესებისთვის, ქვეყნის რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებისთვის, ტურიზმისა და ბიზნეს შესაძლებლობების სტიმულირებისა და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის.

ეს შედეგები ძალიან ბევრი ადამიანის შრომის შედეგია. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში, დიდი მადლობა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ პროექტის განხორციელებას, ასევე სამინისტროს ყველა თანამშრომელს, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, თითოეულ თანამშრომელს. ჩვენს პარტნიორებს მინდა მადლობა გადავუხადო. ჩვენს ჩინელ და თურქ მეგობრებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებით განხორციელებაში. მსგავსი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის და რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში ახალი საბავშვო ბაღი გახსნა. ბაღი, რომელიც 180-240 აღსაზრდელზეა გათვლილი, კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით აშენდა.

სკოლამდელი ასაკის სააღმზრდელო დაწესებულება სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ 6 ოთახს მოიცავს და 3000-მდე კვ.მ. ფართობზეა აშენებული. გარდა საკლასო ოთახებისა, საბავშვო ბაღის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს სასადილოს, სამზარეულოს, სპორტული აქტივობის დარბაზს, აგრეთვე ექიმის, სათამაშო და საძინებელ ოთახებს, ადმინისტრაციულ და ტექნიკურ ფართებს. შენობაში გათვალისწინებულია პანდუსები და ადაპტირებული სანიტარული სივრცეები, ასევე - ღია სათამაშო მოედანი.

მთავრობის მეთაურთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრი სამირ შარიფოვი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-სპიკერი ალი ახმედოვი, კომპანია „სოკარის“ ვიცე-პრეზიდენტი ზიბა მუსტაფაევა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის წარმომადგენლობის დირექტორი მაჰირ მამმედოვი და სხვა ოფიციალური პირები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა.

მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.

კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე - ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.

შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.

თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.

მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.

კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, შესაბამისი ბრძანება გამოსცა.
ბრძანების თანახმად, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე, შეიქმნება ტერიტორიული ჯგუფები, რომლებიც პასუხისმგებელნი იქნებიან სამართალდარღვევების გამოვლენასა და პრევენციაზე.
არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, საჭიროებისამებრ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება.
ბრძანება პოლიციელებს ავალდებულებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპი. დაუშვებელია, სამართალდამცველის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

 

საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ცენტრის ცხელ ხაზზე, დღეს დილიდან იურიდიული და კერძო პირების მიერ არაერთი სატელეფონო ზარი შემოვიდა, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის სახელით გაურკვეველი შინაარსის შეტყობინებები მიიღეს.
მოქალაქეების ინფორმირების მიზნით გვსურს განვმარტოთ, რომ არანაირი შეტყობინება არ არის დაგზავნილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მხრიდან და მოქალაქეებს მოვუწოდებთ არ შევიდნენ შეცდომაში.
ასევე, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ფაქტი შესწავლილი იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ.