შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული და პარლამენტის მიერ დამტკიცებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, გზის ცალკეულ მონაკვეთებზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით.

ამასთან, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, პოლიციის მიერ შესაძლოა დაწესდეს სატრანსპორტო საშუალების არანაკლებ წამყვან თვლებზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლები და აღნიშნულ მახასიათებლებთან მათი შესაბამისობის დადგენის წესი, საქართველოს მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა.

დადგენილებით, ასევე, დამტკიცდა იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით.

ზამთრის საბურავი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:


საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს:
- არანაკლებ 3 მმ. − მსუბუქი ავტომობილებისთვის (M1) და სატვირთოებისთვის (N1, N2, N3);

- არანაკლებ 4 მმ. − მიკროავტობუსისთვის (M2) და ავტობუსისთვის (M3);

საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;
საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;
ავტობუსისთვის (M3) და 3.5 ტონაზე მეტი სრული მასის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებისთვის (N2, N3) დასაშვებია იმგვარი ზამთრის საბურავით გადაადგილება, რომელზეც არ არის დატანილი სიმბოლო - ფიფქი. ამ შემთხვევაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი უფლებამოსილია ზემოაღნიშნული კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისთვის დააწესოს არანაკლებ ერთი წამყვანი ღერძის ყველა თვალზე სათანადო მახასიათებლების მქონე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის დამაგრების მოთხოვნა.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ თოვლით ან/და ყინულით დაფარულ გზაზე.

- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, პოლიციელი უფლებამოსილია პირს აუკრძალოს დადგენილებით განსაზღვრულ ადგილას/გზის მონაკვეთზე შესვლა.

- თუ ზამთრის საბურავი ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს და ამ სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის მონაწილეებს, პირს შესაძლოა დროებით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალება და განთავსდეს დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შეუმცირდება 5 ქულით.

დეტალური ინფორმაცია ზამთრის საბურავისა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვის სათანადო მახასიათებლების, ასევე, იმ ადგილის/გზის მონაკვეთების ჩამონათვალის შესახებ, სადაც ზამთრის პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა სავალდებულო იქნება ზამთრის საბურავებით ან/და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვით, იხილეთ ბმულზე: https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/6040563?publication=0

მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე და საზოგადოების დამატებით ინფორმირების მიზნით გვსურს განმარტება გავაკეთოთ მიგრაციისა და მობილობის შესახებ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ.
გაფორმებული შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ამასთანავე ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები. გარდა ზემოაღნიშნულისა, შეთანხმება ითვალისწინებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის არსებული მექანიზმების გაძლიერებას.
შეთანხმება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ჩარჩოს, რათა დამატებით შეიქმნას ექსპერტთა ჯგუფები, რომლებიც ზემოაღნიშნული სამი მიმართულებით შეიმუშავებენ შემდგომი თანამშრომლობის გეგმებსა და სტრატეგიებს. აღნიშნული სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ქართული მხარე ადვოკატირებას გაუწევს საქართველოს მოქალაქეების შრომით მიგრაციასთან დაკავშირებით ყველა იმ ინიციატივას, რომელიც შედის საქართველოს მოქალაქეების საუკეთესო ინტერესში.
შეთანხმების საფუძველზე გაფართოვდება საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების არეალი გერმანიის შრომის ბაზარზე. გარდა სეზონური სამუშაოებისა, დასაქმების მეტი შესაძლებლობები გაჩნდება სხვა სფეროებშიც, როგორიცაა მაგალითად ლოჯისტიკის, ტრანსპორტისა და მომსახურეობის სფერო.
შეთანხმება ასევე, ითვალისწინებს საქართველოს იმ მოქალაქეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, რომლებმაც უკვე დატოვეს სამშობლო და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობენ. გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება დასაქმებული სპეციალისტების გადამზადებისა და განათლების სისტემაში თანამშრომლობის გაძლიერებით. კონკრეტულად იგეგმება მაქსიმალურად ხელი შეეწყოს სტუდენტების, სტაჟიორებისა და მკვლევარების გაცვლით პროგრამებს.
მოცემული შეთანხმების ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს საქართველოდან გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ცირკულარული მიგრაციისა და შრომითი ლეგალური მიგრაციის გაძლიერება, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მოხდება სამუშაო ძალისა და კვალიფიციური მუშახელის მოწესრიგებული მიგრაციის ხელშეწყობა.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ქართულმა მხარემ უარი განაცხადა ე.წ. „ბალკანურ მოდელზე“. აღნიშნული არ შეესაბამება სინამდვილეს.
გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოსა და გერმანულ მხარეს შორის დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკების პროცესი, მათ შორის შედგა შესაბამისი შეხვედრები და ვიზიტები, რის საფუძველზეც შემუშავდა ზემოაღნიშნული შეთანხმების პროექტი, სადაც ე.წ. „ბალკანური მოდელი“ არ წარმოადგენდა განხილვის საგანს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 19 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენს მნიშვნელოვან წინგადადგულ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, განსაკუთრებით მისასალმებელია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარებასთან დაკავშირებით.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალური მინისტრის ნენსი ფეზერის ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ნენსი ფეზერი დელეგაციის წევრებთან ერთად შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ლევან იზორიამ გააცილეს.
ვიზიტის ფარგლებში, ნენსი ფეზერმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან - ვახტანგ გომელაურთან.


გერმანიის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტების შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა და ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

 

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა - ნენსი ფეზერმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ვახტანგ გომელაურმა თავის გამოსვლაში კიდევ ერთხელ მიულოცა საზოგადოებას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში. შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის წამყვან სახელმწიფოებთან, მათ შორის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ორი ქვეყნის მინისტრებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის გაფორმებული მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობაზე.ბრიფინგზე აღინიშნა, რომ გაფორმებული შეთანხმება საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მეტ შესაძლებლობას მისცემს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მხარდაჭერისთვის. გერმანია ყოველთვის გვერდში უდგას საქართველოს ყველა მიმართულებით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ევროინტეგრაციის კუთხით, ჩვენ სულ ახლახანს კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას გილოცავთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ძალიან დიდი მხარდაჭერა იყო გერმანიის მხრიდან, ყოველთვის ვგრძნობთ ამას.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმდა და ხელი მოეწერა მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.
შეთანხმების პროექტი მოიცავს, დებულებებს შემდეგ საკითხებზე. უკანონო მიგრაციის შემცირება, შრომითი ცირკულარული მიგრაციის სფეროში თანამშრომლობა, საგანმანათლებლო სფეროში გამოცდილების გაზიარება. შეთანხმების ფარგლებში გაცვლითი მონაცემების დაცვა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

"პირველ რიგში ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას, გილოცავთ. ამას გარდა ძალიან მახარებს ის, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიურს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რომ ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენც მოხარულები ვართ ამ გადაწყვეტილებით, რაც ჩვენს ქვეყანაში მიღებულ იქნა, როგორც თქვენც აღნიშნეთ.
ამით ხდება ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვის ხელშეწყობაც. განსაკუთრებით კი ადგილობრივი თვითმმართველობების, რომლებიც უშუალოდ პასუხისმგებელნი არიან ლტოლვილთა თავშესაფრით უზრუნველყოფისთვის.
ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი - ჩვენი ქვეყნებისთვის: ძალიან მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა, არალეგალური მიგრაციის შეზღუდვის ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მიზანმიმართული დასაქმება და განათლება, სპეციალისტებისა და მუშახელის მომზადება.
ჩატარდება საინფორმაციო კამპანია რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში. გაგრძელდება მუშახელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი.
დიდი მადლობა ქართულ მხარეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს არის კარგი საფუძველი ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა - ნენსი ფეზერმა.

მინისტრებმა სიტყვით გამოსვლების დასრულების შემდეგ, ქართველი და გერმანელი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს.

ვახტანგ გომელაურმა საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო ქვეყნად დასახელება ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გვინდა დიდ ოჯახში - ევროკავშირში კარი გაგვიხსნან პირველ რიგში უსაფრთხო უნდა იყო, თუ არ იქნები უსაფრთხო ქვეყნების სიაში, არავინ არ შეგვიშვებს. ამას, რა თქმა უნდა, მოჰყვება თავისი ვალდებულებები, მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალდებულებები რაც აღებული გვაქვს შევასრულოთ" - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, გერმანულ მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებაც ისაუბრა.

"მინდა ხაზი გავუსვა, ის რაც გავრცელდა რომ დღეიდან მოხდება ჩვენი მოქალაქეების გამოძევება გერმანიიდან, ეს არის სრული სიცრუე, პირიქით, უფრო მეტი კარი იხსნება ჩვენთვის, იგივე დასაქმების კუთხით, სამუშაო ვიზების გაცემა დღეს უფრო შემჭიდროვებულია, მომავალში იქნება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოსთვის უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მინიჭების ფაქტს. ნენსი ფეზერმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა მადლობა გადაუხადა ნენსი ფეზერს საქართველოში სტუმრობისა და მტკიცე მხარდაჭერისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) ავსტრიის რეგიონული ოფისის დირექტორთან - ფრეია ფონ გროტთან.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი და საქართველოში გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) პროექტის უფროსი მენეჯერი.
შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) წარმომადგენელს ინფორმაცია მიაწოდა სამინისტროს დანაყოფების საქმიანობისა და არსებული საჭიროებების შესახებ. მხარეებმა არსებული თანამშრომლობისა და მიმდინარე პროექტების ფარგლებში განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და სამომავლო ურთიერთობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.
ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - „ევროკავშირი უსაფრთხოებისთვის, ანგარიშვალდებულებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საქართველოში (SAFE)“ - ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა სამოქალაქო უსაფრთხოება, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და დანაშაულის პრევენცია, ოჯახური ძალადობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრის დასასრულს, მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა საქართველოს უსაფრთხოების სექტორის გაძლიერების კუთხით გაეროს პროექტების მომსახურების ოფისის (UNOPS) საქმიანობის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლება მოიცავდა როგორც თეორიული საკითხების განხილვას ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაღრმავებას: როგორიც არის პოლიციის შესახებ საქართველოს კანონი, პრევენციული და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებები, ასევე, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საკითხები.
სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ციხისჯვარის ბაზაზე ჩატარდა.

სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლითაც ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, 82 ხმით დაამტკიცა.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიზანს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს.
ცვლილებების თანახმად, პირველი დეკემბრიდან პირველ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ზონებში/გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სავალდებულო იქნება სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა.
ამასთან, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა დადგინდეს ზემოაღნიშნული პერიოდისგან განსხვავებული დროის მონაკვეთი ან დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა, სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.
სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 5 ქულით შემცირება.
ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
კანონი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბათუმში ორი მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.

დასრულებული ბინები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზმა პირადად დაათვალიერა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ხელმძღვანელი პირებიც დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილის თქმით, პოლიციელებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში, შეღავათიანი პირობებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბინები ბათუმში 88 პოლიციელმა მიიღო.

პროექტში მონაწილე ყველა პირს 80 კვადრატულ მეტრამდე ფართობის საცხოვრებელი ბინა „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით გადაეცათ. ახალაშენებულ კორპუსებს აქვთ შიდა და გარე საერთო სარგებლობის ავტოსადგომი და გამწვანებული გარე პერიმეტრი.

ბინათმშენებლობის პროექტით შეღავათიან ფასებში ბინის შეძენის მსურველები შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეარჩია, შემდეგ კი კანდიდატებს შორის გამარჯვებულები ლოტოტრონის პრინციპით შეირჩა.

ბინათმშენებლობის პროექტი თბილისში, რუსთავსა და ბათუმში განხორციელდა და ამ დრომდე, საკუთრებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს 253 თანამშრომელს გადაეცა.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თემურ მღებრიშვილმა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომის გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო.
თემურ მღებრიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წამყვან როლს ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში, ასევე, ისაუბრა ქბრბ საფრთხეების გამოვლენისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ.
საკოორდინაციო საბჭოს ასევე სიტყვით მიმართა საბჭოს წევრი ყველა რელევანტური სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენელმა. ღონისძიების გახსნით ნაწილში, ასევე მონაწილეობა მიიღო აშშ-ის საელჩოს მისიის ხელმძღვანელმა, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობისა და დახმარების პროგრამების ხელმძღვანელის მოადგილემ და UNICRI-ის რეგიონალურმა კოორდინატორმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროდან სხდომას ასევე ესწრებოდნენ ქბრბ საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე პასუხისმგებელი დანაყოფების, კერძოდ, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სასაზღვრო პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
სხდომის ფარგლებში, განხილულ იქნა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განხორციელებული აქტივობები, არსებული გამოწვევები და მიღწეული პროგრესი. აღნიშნულ ნაწილში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა ქბრბ ინციდენტებზე რეაგირების მიმართულებით უწყების შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე მოხსენება გააკეთა. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან გიორგი ბუთხუზთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარაში, ქალაქ ბათუმში, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი გახსნა.
შინაგან საქმეთა მინისტრი სერვისცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვახტანგ გომელაურმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს ახლადგარემონტებული შენობაც დაათვალიერა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისადაა მოწყობილი.
ბათუმში, ერთიანი მომსახურების ცენტის გახსნა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების გაძლიერებასა და საპოლიციო სერვისებზე მოქალაქეთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.
დღეიდან მოქალაქეები 50-მდე საპოლიციო მომსახურებას, ერთ სივრცეში მიიღებენ. მათ შორის: ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა.
საპატრულო პოლიციის თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა.
შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში უკვე ფუნქციონირებს და სამომავლოდ საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიხსნება.