14:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, მასშტაბური სპეცოპერაციის შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, მამუკა ჭელიძის ბრიფინგი გაიმართება.
მისამართი: გულუას ქ. N 10, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 11 აგვისტოს, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იზოლაციისა და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევის გამო, ბათუმში მდებარე ორი სარიტუალო დარბაზი - „ერა“ და „დავითი“ დალუქეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტები იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ.
ხსენებული სარიტუალო ობიექტები, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მიუხედავად, კვლავ განაგრძობდნენ საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას, რის საფუძველზეც მათ მიმართ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით და აღნიშნული ობიექტები დაილუქა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 -ე პრიმა მუხლის თანახმად, იზოლაციის ან/და კარანტინის წესის დარღვევისათვის ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ, იურიდიული პირის შემთხვევაში დაჯარიმებას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას, ასევე, მის მიმართ ლიკვიდაციისა და დაჯარიმების ღონისძიების ერთობლივად გამოყენების შესაძლებლობას, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში - შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ვადით.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი აცრის პროცესი "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში.
 
"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.
 
თბილისსა და რეგიონებში, იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან "ფაიზერის", „სინოვაკის" ან „სინოფარმის“ ვაქცინით.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს თანამშრომლების ნახევარზე მეტი უკვე ვაქცინირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების მასობრივი ვაქცინაციის პროცესი "COVID-19"-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით აქტიურად გრძელდება, როგორც დედაქალაქში, ასევე, რეგიონებში არსებულ იმუნიზაციის ცენტრებში.
 
"თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ვაქცინაცია.
 
სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინით აცრის პროცესს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურის და უწყებაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.
 
იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც "ფაიზერის" და „სინოვაკის", ასევე, „სინოფარმის“ ვაქცინით.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების "COVID-19"-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 20 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.
 
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე, სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარების, შენახვის, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნისა წესში ცვლილებები დაამტკიცა.

მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სანადირო იარაღის ტარების ახალი წესი. კერძოდ, დასახლებულ პუნქტში ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე 500 მეტრის რადიუსში სანადირო იარაღის ტარება დასაშვები გახდა მხოლოდ სპეციალური შალითით, განმუხტულ, ვაზნებისგან განცალკევებულ მდგომარეობაში, რა დროსაც სანადირო იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ან სანადირო იარაღი უნდა იყოს არასრულად დაშლილ მდგომარეობაში. ბრძანებით დეტალურად განისაზღვრა იარაღის არასრული დაშლის განმარტება. კერძოდ, იარაღი არასრულად დაშლილად ჩაითვლება, თუ მასში არსებული ყველა შესაძლო ნაწილის (ძირითადი ელემენტები) განცალკევება მოხდება სპეციალური ხელსაწყოების გამოყენების გარეშე. ბუნებრივია ეს მოთხოვნა არ ვრცელდება იმ იარაღებზე, რომელთა კონსტრუქციაც არ იძლევა ამის შესაძლებლობას.

განხორციელებული ცვლილებების შედეგად, განისაზღვრა დამატებითი რეგულაციები იარაღის შენახვასთან დაკავშირებით. კერძოდ, იარაღი და საბრძოლო მასალა უნდა ინახებოდეს ისეთ მდგომარეობასა და პირობებში, რომელშიც უზრუნველყოფილი იქნება მისი დაცვა და უსაფრთხოება, გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლა და იარაღთან გარეშე პირთა დაშვების შესაძლებლობა. ამასთან, იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვა უნდა მოხდეს დაკეტილ სათავსოში ან/და იარაღს დამაგრებული უნდა ჰქონდეს უსაფრთხოების საკეტი იმგვარად, რომ გამორიცხული იყოს მისი მოხსნის გარეშე საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა.

გარდა ამისა, ბრძანებაში შესული ცვლილებით, განისაზღვრა აკუსტიკური (ხმოვანი) იარაღის გადატანა-გადაზიდვის წესები. ახალი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, აიკრძალა ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარება და დასაშვები გახდა მხოლოდ მისი გადატანა თეატრალურ წარმოდგენებში, კინო და სატელევიზიო ჩვენებებში, ისტორიულ რეკონსტრუქციებში, აღლუმებსა და სპორტულ ღონისძიებებში გამოყენების მიზნით. შესაბამისად, ამ მიზნით ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანისას მფლობელს თან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიზნის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი, რომლის გამოყენებაც დასაშვები იქნება ერთჯერადად. აღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ რუსთავის ცენტრალურ დეპარტამენტში იგეგმება საგამოცდო პრაქტიკული მოედნის განახლება, რის გამოც 7 აგვისტოდან 15 აგვისტოს ჩათვლით შესაძლებელი იქნება მხოლოდ „B” კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, ხოლო სხვა დანარჩენი კატეგორიის/ქვეკატეგორიის პრაქტიკული გამოცდის მიღება დროებით შეჩერდება.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, საქართველო წარმატებით განაგრძობს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.

ევროკომისიამ, სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის მქონე ქვეყნების მიერ შესაბამისი ვალდებულებების შესრულება.

მეოთხე ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო წარმატებით განაგრძობს საჭირო ღონისძიებების განხორციელებას, ისევე, როგორც ევროკომისიის მესამე ანგარიშში არსებული რეკომენდაციების შესრულებას. დადებითად შეფასდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა, მათ შორის:

  • საზღვრის მართვის კუთხით არსებული რესურსების გაუმჯობესება;
  • ევროკავშირში საქართველოს მოქალაქეების არალეგალური მიგრაციის შემცირების მიზნით გადადგმული ნაბიჯები;
  • წარმატებული თანამშრომლობა რეადმისიის შესახებ შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციისა და ევროკავშირში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების საკითხებზე;
  • FRONTEX-თან განახლებული სამუშაო შეთანხმების ხელმოწერა; FRONTEX-თან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ქართველი ოფიცრების მივლენა ევროკავშირის წევრი ქვეყნების აეროპორტებში, ისევე, როგორც FRONTEX-ის ოფიცრების რაოდენობის ზრდა;
  • EUROPOL-ის მძიმე ორგანიზებული დანაშაულის ევროპული ცენტრის საქმიანობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის მონაწილეობა;
  • სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების წარმატებული საქმიანობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი, თბილისის პარალელურად, რეგიონებშიც აქტიურად მიმდინარეობს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სასაზღვრო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, დაცვის პოლიციის და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონის თანამშრომლები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აიცრნენ. ვაქცინაციის პროცესი საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც მიმდინარეობს.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ, კვირის ნებისმიერ დღეს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან, როგორც „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინით, ასევე, "ფაიზერის" ვაქცინით.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სამინისტროს 19 ათასამდე თანამშრომელი უკვე ვაქცინირებულია.
 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა უკრაინელ კოლეგებთან ერთად შავ ზღვაში ერთობლივი წვრთნები ჩაატარეს.
სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის აილენდის კლასის ხომალდი "ოჩამჩირე" (P23) და ხომალდი "სოხუმი" (P24) მონაწილეობდა. უკრაინის მხრიდან, წვრთნებში შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი საპატრულო კატარღა "სლავიანსკი" (P190) ჩაერთო.
წვრთნების მიმდინარეობისას, საქართველოსა და უკრაინის საზღვაო დანაყოფებმა დაგეგმეს და განახორციელეს სხვადასხვა სასწავლო ელემენტი: ერთობლივი საზღვაო მანევრები, საწვავის გადაცემის იმიტირება გემიდან გემზე, "ადამიანი ბორტს მიღმა", ხომალდის ბუქსირება.
ერთობლივი წვრთნები ნატოს სტანდარტებისა და პროცედურების სრული დაცვით ჩატარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს განვითარების 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა.
სამოქმედო გეგმის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი, მთავრობის და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ღონისძიება პრემიერ-მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
"მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, გამოვხატო მადლიერება პირადად ჩემი და მთელი გუნდის, მთელი მთავრობის სახელით, თითოეული პოლიციელის მიმართ, იმ გმირული სამსახურისთვის, რომელსაც თქვენ ეწევით ყოველდღიურად.
ეს არის მისია, რომელსაც თქვენ ატარებთ. ეს არის ამავდროულად ძალიან საამაყო, ვინაიდან, ემსახურებით რა, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ეს ძალიან საპასუხისმგებლოა. მინდა, ამავდროულად აღვნიშნო, რომ ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ყველას გვავიწყდება, თუ რაოდენ მაღალი რისკის შემცველია პოლიციელობა. თქვენ, რეალურად, ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში გიწევთ მუდმივი სტრესის პირობებში მუშაობა, ოჯახებიდან მოწყვეტილი, კრიმინალთან ბრძოლის რეჟიმში, ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ქედი მოვიხარო ჩვენი გარდაცვლილი, გმირი პოლიციელების ხსოვნის წინაშე, მათი ოჯახების წინაშე, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა მათ ასეთი გმირების აღზრდისთვის. სახელმწიფო ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული თითოეული პოლიციელის და მათი ოჯახის სოციალური გარანტიები. ჩვენ მაქსიმალურ ყურადღებას დავუთმობთ პოლიციელების სოციალურ გარანტიებს, მათზე და მათ ოჯახებზე ზრუნვას. ჩვენი მთავრობის ხედვას, ამ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ათწლიანი განვითარების გეგმას, ბატონი მინისტრი წარმოგიდგენთ.
ბატონ მინისტრს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმა, თუ როგორ განავითაროს მისდამი დაქვემდებარებული უწყება. ძალიან ბევრი პროექტი არის დაგეგმილი, რომლებიც შეეხება ინფრასტრუქტურის განვითარებას, აღჭურვილობის, შეიარაღების განახლებას, პოლიციელებისთვის შესაბამისი სოციალური გარანტიების შექმნას. ამ მიზნით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს ამ პროექტების მხარდასაჭერად, ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებითი სახსრები იმისთვის, რომ ყველა ეს პროექტი, პროგრამა იყოს დაფინანსებული.
კიდევ ერთხელ, მადლობას გიხდით, როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც, ამ შემთხვევაში, მთავრობის მეთაური და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი. ჩემთვის ძალიან დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა და მე მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გმირობისთვის,“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრეზენტაციის წარდგენაზე ვრცლად ისაუბრა სამინისტროს საქმიანობის განვითარებისა და უწყების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით მომდევნო 10 წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე, მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც აქტიურ რეჟიმში გრძელდება.
"რეფორმები, რომლებსაც თავის დროზე ჩვენ შევეჭიდეთ, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს თითოეულ ჩვენგანს, როგორც რიგით პოლიციელს, ასევე, ყველა ხელმძღვანელ პირს.
აღსანიშნავია, რომ ჩვენ შევძელით მნიშვნელოვანი რეფორმების გატარება. დღესაც უწყვეტია პოლიციის განვითარებისა და რეფორმების განხორციელების პროცესი.
სტრუქტურული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიული ხედვა, თანამედროვე ტენდენციებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, გულისხმობს რეფორმირებული სისტემის კიდევ უფრო განვითარებას, რომლის მთავარი საყრდენი ღირსეული, თანამედროვე, მომავალსა და განვითარებაზე ორიენტირებული პოლიციელია", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომდევნო 10 წლის განმავლობაში:
- მოხდება საპოლიციო ძალების სრული გადამზადება, სპეციალური მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის მასშტაბური განახლება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2025 წლისთვის დასრულდება საგამოძიებო, საუბნო და ოპერატიული მიმართულებების გამიჯვნა;
- 2030 წლამდე გაგრძელდება დიდი ქალაქების პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების შექმნა, ასევე, არასრულწლოვანთა საქმეების სპეციალიზებული დანაყოფი, დედაქალაქის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეიქმნება;
- დაინერგება დანაშაულის შეტყობინების აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, სამართალდარღვევის ფაქტის შესახებ მონაცემი როგორც ღიად, ასევე, ანონიმურად მიაწოდოს სამინისტროს შესაბამის დანაყოფს;
- უახლოეს ხანში საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრები გაიხსნება გურიის, იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, მნიშვნელოვანი რეფორმები გრძელდება მომსახურების სააგენტოში;
- 10-წლიან გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სასაზღვრო პოლიციის რეფორმირებასა და შესაძლებლობების გაზრდას, რისთვისაც რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი იგეგმება. სრულად განახლდება ყველა სასაზღვრო სექტორი, სახელმწიფო საზღვარი სრულად აღიჭურვება საზღვრის დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით, გაძლიერდება სანაპირო დაცვის ფლოტი. სასაზღვრო პოლიციის სარგებლობაში არსებულ ყველა ვერტმფრენს ჩაუტარდება კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია. იგეგმება სასაზღვრო პოლიციისთვის 2 ახალი შვეულმფრენის შეძენა;
- ქვეყნის ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, ქალაქი და საავტომობილო მაგისტრალი სრულად გადაიფარება 13 000-მდე როგორც ზოგადი ხედვის, ასევე, ე.წ. ჭკვიანი და სახის ამომცნობი კამერით;
- 2030 წლამდე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და განახლდება 150 სახანძრო-სამაშველო პუნქტი;
- პოლიციელებისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების შექმნა სამინისტროსთვის პრიორიტეტულია - 10-წლიან პერიოდში გაგრძელდება შრომის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა;
- სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტისთვის 60-ზე მეტი ახალი შენობა უკვე აშენდა. მომავალი ათი წლის განმავლობაში კვლავ დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. აშენდება: პოლიციის 30 შენობა; სასაზღვრო პოლიციის 20 შენობა; საგანგებო სიტუაციების 90 პუნქტი; დროებითი მოთავსების 2 იზოლატორი; 1 საექსპერტო შენობა; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2 ობიექტი; შსს-ს არქივის შენობა; მიგრაციის დეპარტამენტის 1 შენობა;
ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა სამინისტროს პროექტების წარმატებით განხორციელებაში მთავრობისა და საერთაშორისო პარტნიორების გვერდში დგომას, რისთვისაც მათ მადლობა გადაუხადა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 - წლიანი სამოქმედო გეგმა.